საქართველოს პარლამენტმა “ნაციონალური მოძრაობის” წევრს ნიკა მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნა.
ამ გადაწყვეტილების შედეგად საქართველოს გენერალურ პროკურატურას შეუძლია ნიკა მელია ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობისთვის დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებით დააკავოს.
მანამდე ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას მხარი დაუჭირა პარლამენტის ბიურომ, კიდევ უფრო ადრე კი იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა. გაერთიანებული კომიტეტების სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციიდან პლენარულ სხდომას მხოლოდ ნიკა მელია ესწრებოდა. ოპოზიციის სხვა წევრები ბოიკოტის ნიშნად სხდომას არ დასწრებიან. როგორც „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები, ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატები აპროტესტებდნენ, რომ პროკურატურის მიმართვას თან არ ახლდა მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც საგამოძიებო უწყება ნიკა მელიას დაპატიმრებაზე ნებართვას ითხოვდა.