პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე „თავდაცვის კოდექსი” მესამე მოსმენით, 80 ხმით მიიღო. თავდაცვის კოდექსი, თანმდევი კანონპროექტებით, აწესრიგებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამხედრო სამსახურთან, სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, პროფესიულ სამხედრო სამსახურთან, თავდაცვის ძალების რეზერვთან და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან, სამხედრო განათლებასთან, საერთაშორისო სწავლებასთან, სამშვიდობო ოპერაციასთან წახალისებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან, საომარ მდგომარეობასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
საკითხზე მომხსენებლის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განმარტებით, საკანონმდებლო პაკეტში ასახულია რედაქციული ხასიათის ცვლილებები იურიდიული დეპარტამენტის მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით. ასევე გათვალისწინებულია თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტზე მესამე მოსმენით განხილვისას გამოთქმული წინადადებები.
„თავდაცვის კოდექსი” აუცილებელია იმ მიზნების მიღწევისთვის, რაც ემსახურება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ნატო-სთან თავსებადობის ამაღლებას, სამხედროებისათვის სოციალური გარანტიების დაწესებას. იმ რეფორმებით, რასაც თავდაცვის კოდექსი მოიცავს, მნიშვნელოვნად გაიზრდება მომზადებული, ნატო-ს სტანდარტებით გაწვრთნილი რეზერვი”,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
„თავდაცვის კოდექსის” ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ სიახლეს წარმოადგენს სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ახალი მიდგომების ჩამოყალიბება, რომელიც სხვადასხვა სიახლესთან ერთად ითვალისწინებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირის სოციალური დაცვის გაუმჯობესებას და სამსახურის პოპულარიზაციას. გათვალისწინებულია ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირისა და პროფესიული სამხედრო მოსამსახურის სოციალური გარანტიების გათანაბრება.