„სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით მაჭარაშვილი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ დარბაზიდან გაათავისუფლა.
მოსამართლე ვახტანგ მრელაშვილის გადაწყვეტილებით, დავით მაჭარაშვილს აღკვეთის სახე შეეცვალა და 15 ათასი ლარის გირაოს გადახდა დაეკისრა.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დავით მაჭარაშვილი 2017 წლის 6 მარტს დააკავა.
უწყების მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო სამსახურმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივად გატარებული ღონისძიებებისა და მიწოდებული დოკუმენტური მასალის შესწავლის შედეგად შეკრებილი მტკიცებულებების საფუძველზე დააკავა სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი დავით მაჭარაშვილი, ხოლო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი.
როგორც საგამოძიებო სამსახურში განმარტავდნენ, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით მაჭარაშვილმა, ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების კვოტირებისა და მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის დადგენის პროცესში, აღნიშნულ ორ კომპანიას მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რის შედეგადაც ქვეყანაში, მიმოქცევაში მოხვდა არსებულ საჭიროებაზე მეტი ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტი. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25 – 332-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობდა, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით ითვალისწინებს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე, მაჭარაშვილის დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ ის 5 ათასლარანი გირაოს სანაცვლოდ გაეთავისუფლებინათ, რასაც არ ეთანხმებოდა საქმის პროკურორი. მისი განცხადებით მაჭარაშვილის გათავისუფლების შემთხვევაში არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, თუმცა, ბრალდების ეს არგუმენტები მოსამართლისთვის არასარწმუნო აღმოჩნდა.
რაც შეეხება მაჭარაშვილთა ერთად დაკავებულ პირებს, ისინი გირაოს სანაცვლოდ აქამდეც გათავისუფლებულები იყვნენ.
საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 ივნისს 17:00 საათზე განახლდება.