აზიური ფაროსანას საწინაარმდეგო ღონისძიებების გატარება, წელიწადის ამ დროს, კონკრეტულად, არათუ მაისში, აპრილშიც დაწყებული იყო.
მიუხედავად იმისა, რომ ფაროსანას რაოდენობა შემცირებულია გატარებული ღონისძიებების შედეგად, მავნებელი უკვე გამოჩნდა და ანალოგიურად მოსახლეობაშიც ისმის კითხვები, რომ მცენარებისთვის ესოდენ საშიში და სასოფლო-სამეურნეო კულტურებისთვის პირველი მავნებელი სანამ ძალიან გააქტიურდება, დაიწყება თუ არა საწინააღმდეგო ღონისძიებები.
„გურია ნიუსი“ სეს-ის რეგიონული სამსახურის უფროსს მანანა ერქომაიშვილს ესაუბრა:
_ დღეისთვის მონიტორინგი მიმდინარეობს. ყოველდღიურ რეჟიმში დადიან ფიტოსანიტარები და იკვლევენ, თუ სად რა რაოდენობით ფიქსირდება. ამის შემდეგ დაიწყება საწინააღმდეგო ღონისძიებები.
_ შარშან ამ დროს დაწყებული იყო და თუ შეგიძლიათ გვითხრათ, როდის დაიწყება შეწამვლითი სამუშაოები?
_ ყველაფერს აქვს თავისი წესი. როცა დასრულდება მონიტორინგი, დაიწყება.
_ ქალბატონო მანანა, დაახლოებით, როდის დაიწყება, ვერც ამას გვეტყვით? როდის სრულდება მონიტორინგი?
_ როცა შტაბიდან მივიღებთ ინფორმაციას, მოგაწვდით თქვენც, _ გვითხრა ერქომაიშვილმა. ცოტა ხანში კი თავადვე დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ შეწამვლა დაიწყება იმ ადგილიდან, სადაც განთავსებულ ფერომონებში 15 ფაროსანაზე მეტი დაფიქსირდება.
_ იქ, სადაც განთავსებულია ფერომონები და ერთ ცალზე 15-ზე მეტი ფაროსანა აღმოჩნდება, შეწამვლა იქედან დაიწყება. მონიტორინგის შედეგად, ამ ეტაპზე, ასეთ სიაში, „წითელ ზონაში“. მოხვდა ურეკი, ნიგოითი, აკეთი, აცანა, შუხუთი, შუა სურები, ზემო სურები, დიდი ვანი; ასევე, უნდა შეიწამლოს ქალაქ ოზურგეთის მცენარეული საფარი. ჯერჯერობით, მხოლოს ცივი შესხურებით შეიწამლება, თერმულად, ცხელი ნისლით ჯერ არ დამუშავდება, _ გვითხრა ერქომაიშვილმა.
თუმცა, სეს-ის რეგიონული სამსახურის უფროსს დაკონკრეტებული თარიღი არ უთქვამს, როდის დაიწყება ფაროსანას ესოდენ საჭირო საწინააღმდეგო ღონისძიების გატარება, რასაც მოსახლეობა დაგვიანებულად მიიჩნევს.