გურიის სამივე მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ფაროსანას საწინააღმდეგო ბიფეტრინის ჯგუფის შემცველი შესაწამლი ნივთიერების _ „ისაკარის“ გაცემა დღეიდან იწყება.
სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული ცენტრის ინფორმაციით, ეს წამალი, სახელმწიფო შეკვეთის თანახმად (52 ტონა) თურქეთში დამზადდა. დღეისთვის შემოტანილია 38 ტონა და ეს მთლიანად ლანჩხუთის და ოზურგეთისთვის გაიცემა და ძირითადად ციტრუსოვანთა ნარგავებისკენ იქნება მიმართული. ამ დღეებში კიდევ შემოვა 14 ტონა და ეს მთლიანად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისთვის გაიცემა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დღეს ექვსი სოფლის წარმომადგენლები პრეპარატს გაიტანენ. ეს არის ციტრუსოვანთა სოფლები: შრომა, კონჭკათი, ნატანები, თხინვალი, მერია და ურეკი. თითოეული კომლისთვის გათვალისწინებულია ერთი ლიტრი წამალი, ერთი ცალი ფერომონი, შესაბამისი ინსტრუქტაჟით.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, გუშინ, შეხვედრა შედგა დაბა ნასაკირალის მოსახლეობასთან, დღეს კი სოფლებში _ შრომასა და ნატანებში შეხვდებიან ადგილობრივებს. ეს გეგმიური შეხვედრები განრიგის მიხედვითაა დადგენილი და სექტემბრის ბოლომდე დასრულდება, _ გვითხრეს სეს-ის გურიის რეგიონულ ცენტრში.
რეგიონული სამსახურის გამოცდილი სპეციალისტი ლალი გოგუაძე „გურია ნიუსთან“ განმარტავს, რომ ყოველდღიურად სოფლებში, მოსახლეობასთან შესახვედრად დადიან.
_ მოვუწოდებთ მოსახლეობას, გააქტიურდნენ. ყველა სოფლის გამგებელმა საგანებო ტრენინგი გაიარა ამ თემაზე. ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია მიმართოს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, დარეკოს ცხელ ხაზზე. საინფორმაციო ბუკლეტები მიწოდებულია ყველა სოფელში, ტრიალებს ვიდეორგოლები. ჩვენ შაბათ-კვირასაც დღის ბოლომდე ვმუშაობთ ყველა სოფლის მიმართულებით. საგრძნობლად გააქტიურდა მოსახლეობა, მაგრამ ეს არ კმარა. ფაროსანა, როგორც ველოდით, ცდილობს ციტრუსზე გადასვლას. ამიტომ სასწრაფოდ უნდა შეიწამლოს. რაც შეეხება ყურძენს და სხვა ხილს, რომელიც 20 დღის განმავლობაში უკვე მოსაკრეფია, არ შეიძლება შეწამვლა, კიდევაც რომ შევნიშნოთ მასზე მავნებელი. ერთი ლიტრი შესაწამლი პრეპარატი, რომელიც თითოეულ კომლს გადაეცემა, ჰყოფნის ორ ჰექტრამდე ფართობს. ერთი ჰექტრისთვის საკმარისია 600 გრამი. მოვუწოდებ ყველას, აქტიურად დაგვიდგნენ გვერდით, შეუძლებელი არაფერია. გავითავისოთ, რომ ძალზე საშიში მავნებელი მოგვადგა კარს და ემოციების გარეშე ვიმოქმედოთ, _ გვითხრა გოგუაძემ.