გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, აჭარაში, სოფელ ციხისძირში, მედიასემინარი გაიმართა, სადაც სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის 2019 წლის შედეგები გააცნეს.
_ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად და მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, წელს აზიური ფაროსანას რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა. მსოფლიოს წამყვანმა ენტომოლოგებმა, რომლებიც მიმდინარე წელს რამდენჯერმე იმყოფებოდნენ საქართველოში, მაღალი შეფასება მისცეს გატარებულ ღონისძიებებს და მავნებელთან ბრძოლის ინტეგრირებულ მიდგომას, რომელიც ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითოა, _ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ფაროსანას წინააღმდეგ საკოორდინაციო მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა ლაშა შალმებრიძემ.
მისივე თქმით, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად კვლავ მიმდინარეობს და გაგრძელდება, სანამ მავნებელი კონტროლს არ დაექვემდებარება.
მედიასემინარის ფარგლებში თხილის მწარმოებელთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი იყო ინფორმაცია დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ. 2019 წელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, „თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან“ ერთად შეიმუშავა „თხილის გადარჩენის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ჩატარდა კომპლექსური ღონისძიებები (სახელმწიფომ ასოციაციას გადასცა შესაწამლი აპარატები, რომლითაც ისარგებლეს ფერმერებმა, აგროკონსულტანტების მონაწილეობით ჩატარდა მასშტაბური საკონსულტაციო სამუშაოები). სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი მუშაობის შედეგად წელს ფერმერებმა თხილის კარგი მოსავალი მიიღეს.
მედიასემინარზე წარმოადგინეს ასევე სპეციალურად შექმნილი მონიტორინგის ჯგუფის ინფორმაცია გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მიმდინარე ღონისძიებების ზემოქმედებასთან დაკავშირებით.
_ მოსახლეობასთან შეხვედრები და აქტიური საინფორმაციო კამპანია ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება. ამ პერიოდში მავნებელი მოზამთრე ფაზაშია და ტყის მასივებიდან საცხოვრებელი სახლებისკენ გადაადგილდება. ამიტომ მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტიურობა და მავნებელთან მექანიკური მეთოდებით ბრძოლა, _ განაცხადა ლაშა შალამბერიძემ.