დღეს, ადრე დილიდან, ოზურგეთში ერთ კილოგრამ თხილს ოთხ ლარად იბარებენ.
_ კაია, ფასი მიფრინავს, მარა თხილს რომ კარგად არ ასხია ყველგან, ესაა ცუდი. ათ კილოგრამში 40 ლარი ავიღე, ერთ ტომარა პურის ფქვილსაც ვიყიდი და სხვა პროდუქტისთვისაც მეყოფა, _ გვითხრა სოფელ ნაგომრის მკვიდრმა ნუნუ წიტაიშვილმა.
მიმღებ პუნქტებში, ზოგან გაცალკევებული აქვთ ფასები _ „ბერძნულას“ 4 ლარად იბარებენ, „გულშიშველას“ კი _ 3,80 ლარად. თუმცა, უმეტესად ერთი კილოგრამის ფასი 4 ლარია.
_ სავარაუდოდ, ფასი მალე მოიმატებს, შესაძლოა, დღის ბოლომდეც აიწიოს, _ გვითხრა თხილის ადგილობრივ ბიზნესში ჩართულმა პირმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა.
წელს, გურიაში, თხილის მოსავლის ხარისხი, გასულ წლებთან შედარებით, საუკეთესოა. თუმცა, მსხმოიარობა დაბლობ ადგილებში მინიმალურია, რასაც წლევანდელი ადრიანი ყინვებით ხსნიან.