“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, 121-დღიანი შემშილობის შემდეგ, უკიდურეს მდგომარეობაში მყოფი პატიმარი აკაკი ზანგურაშვილი, რომელიც წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხმება, აკადემიკოს გ. ჩაფიძის გულის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ზანგურაშვილს მიკროკარდიუმის მწვავე ინფარქტი აქვს და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
აქვე შევნიშნავთ, რომ „გურია ნიუსი“ ყოველთვის მოწოდებულია დაიცვას პატიმრის (ან სხვა ნებისმიერი პირის) პერსონალური მონაცემები, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია, თუმცა, როგორც ზანგურაშვილის, ასევე მისი ოჯახის წევრების მოთხოვნის გამო, ვასაჯაროებთ ყველა იმ დეტალს, რაც გამოცემისთვის გახდა ცნობილი.
აკაკი ზანგურაშვილის და, მაკა ზანგურაშვილი „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, რომ მისი ძმა წარდგენილ ბრალს არ აღიარებს, რის გამოც, პროტესტის უკიდურეს ფორმას, შიმშილობას თვეების წინ მიმართა.
„120-ე დღეა შიმშილობს. 110 კილო იყო და 49 კილოა დარჩენილი. უკიდურესი მდგომარეობა აქვს, გუშინ გვაცნობეს რომ სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებიდან ჩაფიძის გულის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმს ვესაუბრე და ამბობს, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს. ვეხვეწებით შეწყვიტოს შიმშილობა, ეს არაფერს შეცვლის, მაგრამ ვერ დავარწმუნეთ. იქნებ დაგვეხმაროთ“, _ ამბობს მაკა ზანგურაშვილი.
„გურია ნიუსი“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყებაში განმარტავენ, რომ ზანგურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
„ა.ზ.-მ არასრული შიმშილობა პენიტენციურ დაწესებულებაში 2017 წლის 20 მარტს დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მას არ ჰქონია რაიმე სახის პრეტენზია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციასთან. პროტესტის აღნიშნულ ფორმას მიმართა იმის გამო, რომ იგი არ ეთანხმება მის მიმართ წაყენებულ ბრალს. 2017 წლის 6 ივლისიდან ა.ზ. გადავიდა აბსოლუტურ შიმშილობაზე. შიმშილობის პერიოდში, ა.ზ. დაწესებულების მედპერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა და მისთვის ხელმისაწვდომი იყო ყველა სათანადო სერვისი. 2017 წლის 12 აპრილს, ბრალდებული N18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც ჩაუტარდა კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები, ასევე, სხვადასხვა პროფილის ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია. ამასთან, მსჯავრდებულს არაერთხელ მიეწოდა ინფორმაცია შიმშილობის შესაძლო შედეგების შესახებ და მიეცა პროტესტის ამ ფორმის შეწყვეტის შესახებ რეკომენდაცია, თუმცა, ის კატეგორიულად უარს აცხადებდა შიმშილობის შეწყვეტაზე და დათანხმდა მხოლოდ სიმპტომურ ინფუზიურ თერაპიას, რაზეც ასევე, პერიოდულად უარს ამბობდა. გარდა ამისა, პერიოდულად, ლაბორატორიული გამოკვლევების წინააღმდეგიც იყო. 2017 წლის 10 ივლისს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო, ის აკად. ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს დიაგნოსტიკისა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრის მიზნით. აღნიშნული კლინიკიდან კი, 11 ივლისს გადაყვანილი იქნა აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრში, სადაც დაუდგინდა მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი.
პაციენტის ამჟამინდელი მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. ამის მიუხედავად, ის კვლავ კატეგორიულ უარს აცხადებს საკვების მიღებაზე და გამოხატული ძლიერი საერთო სისუსტის გამო, ვერ ხერხდება დაგეგმილი კორონაროგრაფიის ჩატარება.
ბრალდებულის მდგომარეობის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ ინფორმირებულია მისი ოჯახიც“, _ აღნიშნულია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ „გურია ნიუსისთვის“ მოწოდებულ წერილში.
ცნობისთვის, საქმე 2016 წლის 10 ნოემბერს ქალაქ რუსთავში, მე-11 მიკრო რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარ, 21 წლის ახალგაზრდის, გიორგი ძაბახიძის მკვლელობას ეხება.
გავრცელებული ინფორმაციით, მე-11 მკ/რნ-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ხიდის სიახლოვეს, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, აკაკი ზანგურაშვილმა და მ.ყ-მ, ბლაგვი საგნების გამოყენებით, ჯგუფურად, განზრახ მოკლეს გიორგი ძაბახიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მკვლელობიდან მეორე დღეს, 11 ნოემბერს, შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ა.ზ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:
„ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ მდინარე მტკვარში მეთევზემ ცხედარი შენიშნა. სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდნენ. მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე დაიწყო გამოძიება და დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.
გამოძიების მიმდინარეობისას, პოლიციამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა მკვლელობის ფაქტს. კერძოდ, 1987 წელს დაბადებულმა ა.ზ.-მ რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ გ.ძ.-ს თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის დაფარვის მიზნით, იგი მდინარე მტკვარში ჩააგდო და მიიმალა.
სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობაში ბრალდებული პირი მომხდარიდან მეორე დღეს, რუსთავში დააკავეს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ–ს 108-ე მუხლით)“, _ აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
თუმცა, ბრალდებულ აკაკი ზანგურაშვილის ადვოკატის, ტარიელ კაკაბაძის განცხადებით, ბრალდება ეფუძნება ერთი დაინტერესებული მოწმის ჩვენებას და საქმეში არ არსებობს არანაირი სხვა მტკიცებულება, რომელიც აკაკი ზანგურაშვილის მიერ ამ უმძიმესი დანაშაულის ჩადენას ადასტურებს.
„ამ მოწმის ჩვენება არის წინააღმდეგობრივი და არასარწმუნო. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის აბსოლუტურად უდანაშაულო. აკაკი ზანგურაშვილი უკვე 47-ე დღეა შიმშილობს, არის უმძიმეს მდგომარეობაში. მრავალი თხოვნის მიუხედავად, ის არ წყვეტს შიმშილობას და ამით აპროტესტებს მისი, როგორც უდანაშაულო ადამიანის მიმართ ბრალის წაყენებას. მას არანაირი შემხებლობა გიორგი ძაბახიძის მკვლელობასთან არ ჰქონია. დაცვის მხარე აუცილებლად დავამტკიცებთ, რომ აკაკი ზანგურაშვილი არის უდანაშაულო. ახლა ჩვენი მიზანია, რომ როგორმე მან შეწყვიტოს შიმშილობა. აკაკი ზანგურაშვილი არის პროკურატურის მიერ არასწორად, არასრულყოფილად, მიკერძოებულად გამოძიებული საქმის მსხვერპლი“, _ აღნიშნა ტარიელ კაკაბაძემ „გურია ნიუსთან“ საუბრისას 2017 წლის 9 მაისს. ადვოკატი დღესაც იგივე პოზიციაზე რჩება და ამბობს, რომ ზანგურაშვილის უდანაშაულობა დამტკიცდება.
მისივე ინფორმაციით, პირველ ინსტანციაში სასამართლო პროცესები თითქმის დასრულებულია, მხოლოდ დასკვნითი სიტყვებია დარჩენილი და განაჩენი გამოცხადდება.
პროცესი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ხვალ უნდა გაიმართოს, რადგან არც ზანგურაშვილის და არც საქმეზე ბრალდებული მეორე პირის ეტაპირება არ შეიძლება. ადვოკატის ინფორმაციით, ხვალინდელ პროცესზე პროკურატურა დასკვნით სიტყვას იტყვის.
ამავე თემაზე: