დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეშვიდე შეხვედრაში ირლანდიას უმასპინძლებს.
რამდენიმე წამყვანი მოთამაშის არყოფნის მიუხედავად, გუნდში გამოძახებული თითოეული ფეხბურთელი ოპტიმალურ ფორმაშია და საკუთარი შანსის მოლოდინშია.
ირლანდიასთან შეხვედრას ყვითელი ბარათების გამო ჯაბა კანკავა გამოტოვებს, ტრავმისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კი, გიორგი ლორია და ნიკა კაჭარავა მზადების პროცესს გამოაკლდნენ. ჯიმი ტაბიძე, რომელიც 21-წლამდე ნაკრებში იყო, ეროვნულ გუნდს უკვე დაუბრუნდა და მომდევნო ოფიციალური მატჩისთვის მოემზადება.
საქართველოს ნაკრები 2018 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში 3 ქულით ბოლოსწინა მეხუთე ადგილს იკავებს, ირლანდიის ნაკრები კი 12 ქულით მეორე ადგილზეა.
საქართველო – ირლანდიის მატჩი, “დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება. ბილეთების რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ბორჯომის ტყის აღდგენით სამუშაოებს.