საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც გასული წლის ოქტომბერში რუსეთმა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა განახორციელა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებგვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე, არაერთი ქვეყანა გამოეხმაურა.
ისინი რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ მასშტაბური კიბერშეტევის გახორციელებაში ადანაშაულებენ, თუმცა, რუსეთი თავდასხმასთან კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ რუსეთი არ აპირებს რაიმე ფორმით ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში.
როგორც პენტაგონში აცხადებენ, ხსენებული შეტევა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამხელა ზიანს აყენებს რუსეთის მავნებელი მოქმედება გამჭირვალობას და პროგნოზირებადობას, ასევე ძირს უთხრის კანონზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს და ხელყოფს მეზობელი ქვეყნების სუვერენიტეტს.
როგორც პენტაგონის პრეს-სპიკერმა, ვიცე-პოლკოვნიკ კარლა გლისონმა განაცხადა, აშშ პარტნიორების და მოკავშირეების ინტერესებს დაიცავს.
„აშშ-ის მთავრობის პოზიცია ნათელია: ჩვენ დავიცავთ ჩვენი პარტნიორების და მოკავშირეების მთავარ ინტერესებს და პასუხს ვაგებინებთ რუსეთის ფედერაციას დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებზე“, – განაცხადა პენტაგონის პრეს-სპიკერმა.