ცნობილი ქართველი მსახიობი ბაადურ წულაძე პოპულარული სურათი „ფეოლას“ რეჟისორია. გაგიკვირდებათ და წულაძეს ამ კინოსურათის გადაღება სრულიად შემთხვევით დაუწყია.
„მოსკოვიდან თბილისში რომ ჩამოვედი, ვიღებდი მოკლემეტრაჟიან ფილმს – „სამნი ზღვის პირას”, რომელიც ჩემი სადიპლომო სურათი უნდა ყოფილიყო. ვიღაცამ რაღაც გადაიღო. ხრუშჩოვს არ მოეწონა და ამბები ატყდა – მთელი ცეკას დადგენილება ამ ფილმზე იყო. გავჩერდი, ვიყავი ასე უსაქმოდ, ტრამვაის ფულიც არ მქონდა. მერე, მიშა კობახიძე ჩამოვიდა. სადიპლომო ფილმს ვიღებ და მინდა, ჩემთან ითამაშო, ოღონდ ფული არ მაქვსო. თანხმობა მივეცი. გადაიღო, მაგრამ არ მოეწონა. ახალი სცენარი დაწერა და გადაიღო „ქორწილი”. აქედან დაიწყო ჩემი მსახიობობა, ასე ვთქვათ, უსაქმურობამ გამხადა მსახიობი. მას მერე, ხან სად მეძახდნენ, ხან – სად. მაგრამ, ეს რას მიშველიდა. დიპლომს თუ არ დაიცავდი, ისე ვინ მოგცემდა დიპლომს?
საგონებელში ჩავვარდი. ამ დროს, შენგელაია ფილმში „რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” მთავარ როლს თამაშობდა. პარალელურად, მოკლემეტრაჟიან ფილმს – „ჯილდოს” იღებდა. მე სულ დაკავებული ვიქნები, მოდი, ჩემთან მეორე რეჟისორად იმუშავე და სადიპლომოში ჩაგეთვლება, თორემ ისე, შენ ფილმს არავინ მოგცემს, გამორიცხულიაო. ვმუშაობდი, მაგრამ დამდგმელი რეჟისორი მაინც გიორგი იყო. ვინაიდან „ვგიკში“ უკვე კარგად მიცნობდნენ და პატივსაც მცემდნენ, დიპლომი მომცეს. ჩამოვედი, მაგრამ მაინც არ მაძლევენ ფილმს. რეზო გაბრიაძე უკვე ცნობილი სცენარისტი იყო. მივედი და ვთხოვე, რამე ჩემთვისაც დაეწერა, რომ გადამეღო. „ფეოლას” მოკლე შინაარსი მომიყვა. ვუთხარი, დაწერე-მეთქი. რეზო რომ დასვა და დააწერინო, დიდი პრობლემაა. ასე, მიყვებოდა და მიყვებოდა. რაღაც პერიოდი კინოსტუდიას გაუჭირდა, გეგმას ვერ ასრულებდა. რეზოს ვუთხარი – აი, ახლა მაქვს შანსი, რომ გავძვრე და უნდა მიშველო-მეთქი. როგორც იქნა, დაწერა „ფეოლას” სცენარი. მიიღეს, მაგრამ ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ჩემი საქმე. პირველ მასალას რომ გადაიღებ, თუ მოგვეწონა, მაშინ გააგრძელეო. გადავიღე პირველი ეპიზოდი, მოეწონათ. გავაგრძელე. ასე გავხდი რეჟისორი. („მოცურავე”, „პეპელა“). მერე გია დანელია ჩამოვიდა და „არ დაიდარდოში” გადამიღო“.