მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურის გამო, ადგილობრივი ხელმძღვანელობის მიმართ პრეტენზიები აქვთ ქალაქ ლანჩხუთში, თავისუფლების ქუჩის პირველი შესახვევის მობინადრეებს, რომელთა ნაწილი “გურია ნიუსს” დაუკავშირდა დახმარების თხოვნით და მათი პრობლემის მოგვარების საქმეში ადგილობრივ ხელისუფლებასთან შუამდგომლობა გვთხოვა
“არც კი გვახსოვს, რამდენი წელია ვითხოვთ ყურადღების მოქცევას. განცხადებითაც არა ერთხელ მივმართეთ ადგილობრივ ხელმძღვანელობას, მაგრამ არც წინა ხელისუფლების პერიოდში მიგვიჩნია ვინმემ ყურადღების ღირსად და არც მერე. არადა, ქალაქის ცენტრალური ნაწილშია ეს ქუჩა და სირცხვილია, ყოველი გაწვიმებისას ტალახში ვიხრჩობოდეთ. კარგია, ქალაქი ყვავილებით რომ მორთეს და გაალამაზეს, მაგრამ ფერუმარულწასმულ ხელპირდაუბანელ ქალივით არ უნდა დარჩეს ქალაქი. ნახონ ორი ფეხის ნაბიჯზე, რა დღეშია ქუჩა, რომელიც, სულ რაღაც, 50 მეტრი სიგრძისაა. გასაკვირია, რით ვერ გამოინახა ამდენი წელია თანხა, რომ ჩვენი პრობლემის მოსაგვარებლად რამე ეღონათ.
სამწუხაროდ, მოსახლეობა და მისი პრობლემები მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, როცა არჩევნებია კარს მომდგარი. დაივლიან ქუჩებს, უბნებს, ოჯახებს და ცრუ დაპირებებით თვალებს გვიხვევენ. ჯერჯერობით, იმედი ბოლომდე მაინც არ დაგვიკარგავს. იქნებ, ადგილობრივი ხელისუფლებისგან ახლა მაინც ჩაგვთვალოს ყურადღების ღირსად ვინმემ და დაგვეხმაროს პრობლემის მოგვარებაში”, _ ამბობენ თავისუფლების ქუჩის პირველი შესახვევის მცხოვრებლები და იმ გაუსაძლისი მდგომარეობის შესახებ საუბრობენ, რომელიც მათ წლებია აწუხებთ.
მოსახლეობის ინფორმაციით, ქუჩას, სადაც ისინი ცხოვრობენ, არ აქვს სანიაღვრე არხი და წლებია, სარეაბილიტაციო სამუშაოებს საჭიროებს:
“ახლა ზაფხულია და კიდევ არა უშავს, მაგრამ, როგორც კი გაწვიმდება, წყლით ივსება აქაურობა და საერთოდ შეუძლებელი ხდება გავლა. ყველგან გუბეა, ქუჩას სანიაღვრე არხი არ აქვს, წყალი რომ გავიდეს და თითქმის წყლით იფარება ყველაფერი. ისეთი მდგომარეობა იქმნება, რომ გუბეს გვერდს ვერ აუვლი”, _ ამბობს მოსახლეობა.
აქაურ მობინადრეთა მხრიდან გაჟღერებულ უკმაყოფილებას იზიარებს ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატი და ამავდროულად, საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გიგი გვარჯალაძეც:
“მართლაც გაუსაძლისი მდგომარეობაა თავისუფლების ქუჩის ამ მონაკვეთზე და ჩემთვის გასაგებია მოსახლეობის გულისტკივილი. მე ადგილზე მყავდა მიყვანილი საპროექტო სამსახურის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის მერიც, შევთანხმდით, რომ, როგორც კი ფინანსური შესაძლებლობა გაჩნდება, ამ ქუჩაზე სანიაღრე არხები მოეწყობა”, _ გვითხრა გვარჯალაძემ.
მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი, ლევან ჩხაიძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ვერ აკონკრეტებს, როდისთვის გახორციელდება აღნიშნულ ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები:
“ჯერჯერობით, ჩემს სამსახურში პროექტი არ შემოსულა აღნიშნულ ქუჩასთან დაკავშირებით, ამიტომ ვერაფერს გეტყვით, როდის და რა სახის სამუშაოების გახორციელება იგეგმება იქ”, _ ამბობს ჩხაიძე.