1923 წელს კინოეკრანებზე გამოჩნდა ,,არსენა ყაჩაღი” (სცენარის ავტორი და რეჟისორი ვლადიმერ ბარსკი), რომელიც მიეძღვნა პოპულარულ სახალხო გმირს არსენა ოძელაშვილს. მსოფლიოს ყველა ხალხს ჰყავს საკუთარი გამორჩეული გმირები და როგორც კი კინო გაჩნდა, ხალხმა მათი ,,ცოცხლად” ნახვა მოისურვა.
,,ქვეყნისთვის სასარგებლოა, როცა არსებობენ გმირები, რომლითაც ამაყობ…” -ამბობდა დიდი ამერიკელი რეჟისორი ჯონ ფორდი.
ეს მშვენივრად გამოიყენეს კინოს მესვეურებმა და ფოლკლორული თუ ისტორიული პიროვნებების თავგადასავალი ეკრანზე გადაიტანეს. ასე ხდებოდა თითქმის ყველა ქვეყანაში, და ამის საუკეთესო მაგალითია ამერიკული ვესთერნი და განგსტერული ჟანრის ფილმი, რომლის ბევრი სიუჟეტი აღებულია ცხოვრებიდან და ძალიან ხშირად ნეგატიური პროტოტიპებიდან (ჯესი ჯეიმსი, ბილი ქიდი, ბონი პარკერი, ქლაიდ ბეროუ…) იქმნებოდა დადებითი გმირი.
საარქივო ცნობებისა და ფოლკლორული ხასიათის მასალის მიხედვით არსენას ყაჩაღად გავარდნა განპირობებული იყო იმდროინდელი სოციალურ-პოლიტიკური სიტუაციით და ის მოგვევლინა არსებული წყობილების, ბატონყმობის წინააღმდეგ მებრძოლად. მიუხედავად იმისა, რომ ოძელაშვილი რეალური პიროვნება იყო, ის ლამის მითიურ გმირად, ქართველ რობინ ჰუდად იქცა, რომელიც, ტრაფარეტად ქცეული ფრაზა რომ ვიხმაროთ, ,,მდიდარს ართმევს და ღარიბს აძლევს”. ისიც სათქმელია, რომ რობინ ჰუდი, თუ ასეთი არსებობდა, არასოდეს ყოფილა ასეთი ალტრუისტი და გულმოწყალე, საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა მისი იმიჯი, რადგან ხალხს სჭირდებოდა მსგავსი გმირი და ასეთი შეიქმნა კიდევაც. თუ როგორ იქმნებოდნენ გმირები, თუგინდ XIX საუკუნის მაგალითზე, კარგად არის ნაჩვენები ,,მიუტევებელში” (1992), სადაც მსროლელი ,,ინგლისელი ბობი” (რიჩარდ ჰარისი) ჟურნალისტთან (სოულ რუბინეკი) ერთად მოგზაურობს, თავის ,,საგმირო” საქმეებს უყვება, რათა მან შემდეგ იგი წიგნში უკვდავყოს…
,,არსენა ყაჩაღში” შეცვლილია ისტორიული სინამდვილე და არსენა (გრიგოლ ჩეჩელაშვილი) სასიყვარულო ინტრიგების მსხვერპლადაა წარმოდგენილი: თავადის ცოლს არსენა შეუყვარდება და მასთან ყოფნას ლამობს, ის უარს ეტყვის და მისი ყაჩაღად გავარდნა შეურაცხყოფილი ქალის შურისძიების შედეგია. არსენას შემსრულებელი კონსერვატორიის სტუდენტი ჩეჩელაშვილი ვლადიმირ ბარსკის თურმე რუსთაველის პროსპექტზე შემთხვევით გაუცნია. ამ ფილმმა ის ცნობადი გახადა და საბჭოთა კავშირის სხვადასხვა სტუდიებში მოგვიანებით რამდენიმე ფილმში მიიღო მონაწილეობა: ,,აბრეკ-ზაური”, ,,კეთროვანი”, ,,მეორე ცოლი”, ,,ზელიმხანი” და სხვა.
მაყურებლისაგან განსხვავებით პრესა არაერთგვაროვნად შეხვდა “არსენა ყაჩაღს”.
,,არსენა ყაჩაღი” იდეოლოგიისათვის დიდ შესაძლებლობას იძლეოდა, მაგრამ ეს ვერ მივიღეთ იმიტომ, რომ სცენარის ავტორი არ იცნობს არსენას და არ იცის კარგად, როგორია იგი ხალხის ფანტაზიებში. არსენა ხალხის გაგებით გმირია და ფილმმა მას ჩრდილი მოჰფინა, დაამცირა, ამით ჩვენ არავის არ შევურაცხვყოფთ და არც ვუსაყვედურებთ, დადგება დრო, როცა ქართული ეკრანი თავის სიმაღლეზე იქნება და მრავალი ჩვენი ფილმი, ,,მოძღვარი”, ,,მამის მკვლელი”, ,,არსენა” – ისევ ახლად დაიდგმებიან”, _ იუწყებოდა ჟურნალი ხელოვნება (1925).
სხვები კიდევ წერდნენ, რომ კინემატოგრაფიული არსენა გამოწკეპილი ჩაცმულობითა და ზედმეტად დაპუდრული სახით თავმომწონე დიდგვაროვანს უფრო წააგავსო, ვიდრე ნორმალურ ყოფას მოწყვეტილსა და გაყაჩაღებულ გლეხკაცსო. გლეხკაცი კი იყო, მაგრამ რეალური არსენა გლეხის კვალობაზე საკმაოდ შეძლებული ყოფილა, ცხვრის ფარა ჰყავდა და ფულიც მოეპოვებოდა.
ფილმის სახელწოდებამ მწვავე კამათი გამოიწვია მოსკოვში, სადაც საერთოდ ხდებოდა ყველა რესპუბლიკიდან ფილმის წარდგენა და ეკრანებზე გასაშვებად დამტკიცება. საბჭოთა კინემატოგრაფიის, ყოველთვის მინდოდა მეხმარა სიტყვა კინომაფიის, ჩინოვნიკებთან ურთიერთობა, ეს ცალკე თემაა. კომუნისტების დროს მოსკოვში სცენარების და ფილმების დასამტკიცებლად ისე მიდიოდნენ, როგორც თავის დროზე ,,ოქროს ურდოში”. იქაური ჩინოვნიკების უმეტესობა კი გამჭრიახობითა და დიდი ჭკუით დაჯილდოებული არასოდეს ყოფილა. ერთხელ, როცა აბარებდნენ ფილმს ,,ვინ შეკაზმავს ცხენს” ერთმა ჭკუასუსტმა რედაქტორმა აიჩემა _ ეზოში შვლის ნუკრი რატომ დარბისო, ეს ხომ საბჭოთა სინამდვილის დამახინჯებააო, ვის უნახავს უბრალო საბჭოთა მშრომელის ეზოში შველიო.
ამ დროს კი იქ ვირის ჩოჩორი იყო. ვერაფრით დაარწმუნეს, ქვა ააგდო და თავი შეუშვირა – თუ ექსპერტის დასკვნას არ მომიტანთო, ფილმს არ მივიღებთო. რა უნდა ექნათ, გავარდნენ და მოსკოვის ზოოპარკიდან სასწრაფოდ სპეციალისტი მოიყვანეს, ფილმი აჩვენეს. მანაც წერილობით დაადასტურა, რომ ის არსება შვლის ნუკრი კი არა, ჩოჩორი იყო…
ეხლა რაც შეეხება არსენას. რასაკვირველია, ხელისუფლებას არ სურდა, რომ ახალი, საბჭოთა ფილმების მთავარი გმირები ყოფილიყვნენ ბანდიტები ან მძარცველები, მაგრამ როდესაც საბოლოოდ გაირკვა არსენა ოძელაშვილის, როგორც მჩაგვრელების წინააღმდეგ მებრძოლის ნამდვილი პოზიცია, სათაურიც დატოვეს და ფილმის ეკრანებზე გასვლის ნებართვაც გასცეს. მახსოვს, ბავშვობაში მამაჩემი ყვებოდა ამბავს, როგორ მივიდნენ რუსი ტურისტები მცხეთაში არსენას ძეგლთან და ვიღაც მცხეთელს, შეიძლება მცხეთელიც არ იყო, შეეკითხნენ, ეს ვისი ძეგლიაო. “Это Арсена, знаменитый разбойник!” (ეს არსენაა, ცნობილი ყაჩაღი!) სხვა ვერაფერი მოიფიქრა და უპასუხა მცხეთელმა. “Как? У вас разбойникам памятники ставят?” (როგორ, თქვენთან ყაჩაღებს ძეგლებს უდგამენ?) ტურისტების გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. ისე გაუკვირდათ თითქოს ბანდიტებს და ყაჩაღებს არ უდგამდნენ საბჭოთა კავშირში ძეგლებს (უმაღლესი კატეგორიის ყაჩაღებს, კრემლში რომ ისხდნენ, იმათ თავი რომ დავანებოთ), თუნდაც თბილისის შუაგულში, პუშკინის სკვერში, ტერორისტის და კაცის მკვლელის კამო ტერ-პეტროსიანის ძეგლი რომ იყო წამოჭიმული. მამაჩემს ერთი ამბის მოყოლაც უყვარდა: თურმე კომუნისტების დროს ერთი გურული ფირალი მაღალ თანამდებობაზე დაუნიშნავთ, ცოტა ხანში კი მოხსნა გადაუწყვიტეს, მაგრამ ვერაფერი გამოუვიდათ. ხალხი ერთმანეთში ლაპარაკობდა: “მაი კაძახი ტყეში რომ იყო ფირალად გავარდნილი იქიდან ვერ გამუაგდეს და ახლა თფილი კაბინეტიდან გამუაგდებ?!” არაფერი იცვლება – ქვეყანა ისევ გავსებულია შარვალ-კოსტუმიანი აბრაგ-ფირალებით და მაგათ დაატოვებინებ ნებაყოფლობით ,,კარმუშკას” და პოსტებს? ჩემი მტერი არაა!
,,არსენა ყაჩაღში” ითამაშა თავისი პირველი როლი ნატო ვაჩნაძემ (მისი ნამდვილი გვარი ანდრონიკაშვილია). ბედის ირონია იყო ალბათ, რომ ნატოს მამა, გიორგი ანდრონიკაშვილი, მოკლა თავისი დროის ,,არსენამ” – განთქმულმა ყაჩაღმა ზელიმ-ხანმა. ,,ზელიმ ხანი ოსი იყო (სინამდვილეში ჩეჩენი – გვარად გუშმაზუკაევი – ი. მ.), – წერს მოგონებებში ნატო ვაჩნაძე, – მისი ,,გაყაჩაღების” ისტორია იმდროისათვის ჩვეულებრივად დაიწყო. 1910 წელს მთიან რაიონებში მეფის მოხელეთა მიერ ხალხის შევიწროება განსაკუთრებით სასტიკ ხასიათს ატარებდა (ზელიმ-ხანი ყაჩაღად 1901 წელს გავარდა და 12 წლის განმავლობაში მოუხელთებელი იყო მთავრობისთვის – ი. მ.). პირადი შეურაცხყოფისათვის ზელიმ-ხანმა ერთი მდიდარ კაცი მოჰკლა. მისი ქონება სოფელ-სოფელ ხალხს დაურიგა”. აი, თურმე ვინ ყოფილა ნაღდი რობინ ჰუდი! მისი დაჭერა ანდრონიკაშვილს, თერგის ოლქის უფროსს დაავალეს, რომელიც თურმე ფეხს ითრევდა. მაგრამ ერთი რუსი გენერლის ნათქვამმა – ზელიმ-ხანი დიდი ხნის დაჭერილი იქნებოდაო მასთან შებმის რომ არ შეშინებოდათო. – ანდრონიკაშვილს ექსპედიციაში წასვლა გადააწყვეტინა. გამგზავრების წინ მასთან სახლში უცნობი კაცი მისულა და უთქვამს: ,,ზელიმ-ხანის გამოგზავნილი ვარ, იგი გთხოვთ, ჩემს წინააღმდეგ ნუ გამოილაშქრებთო. მიბრძანა გადმოგცეთ, ქართველი სისხლის დაღვრა არ მინდაო”. ანდრონიკაშვილმა თავისი არ დაიშალა და გაემგზავრა. სამხედრო გზაზე, ხეობაში ჩაუსაფრდა თურმე ზელიმ-ხანი და როგორც კი ანდრონიკაშვილი რაზმთან ერთად გამოჩნდა, პირველივე გასროლით მოკლა.
სხვათაშორის, ზელიმ-ხანმა კიდევ ერთი, მომავალში ცნობილი კინომოღვაწის, სიკო დოლიძის, ნათესავიც შეიწირა – როტმისტრი ბენიამენ დოლიძე. აი, როგორ მოხდა ეს: როცა მეფე ნიკოლოზ II-მ ანდრონიკაშვილის მოკვლის ამბავი გაიგო, გაბრაზებულა: ნუთუ ჩემს ოფიცრებში ისეთი არავინაა, რომ ზელიმ-ხანს ანდრონიკაშვილის სისხლი აზღვევინოსო! ბენიამენ დოლიძეს, რუსეთ-იაპონიის ომის გმირს, გიორგის ჯვრის კავალერს და კანვოის (მეფის დაცვის) წევრს უკისრია ამ ამბის შესრულება და უთხოვია მეფისთვის დაღესტნის ოლქში გადაყვანა. მცირე ყოყმანის შემდეგ მეფემ ნება დართო და დოლიძე დაღესტნის ცხენოსანი პოლკის როტრმისტრად დაინიშნა (დოლიძე შესანიშნავი ცხენოსანი ყოფილა, მრავალი შეჯიბრების პრიზიორი, მათ შორის 1899 წელს მიღებული ჰქონდა 1100 რუბლი და ოქროს სახელობითი ჟეტონი).
1911 წლის 15 სექტემბერს საინსპექციო კომისია რამდენიმე ინჟინრის თანხლებით გაემართა ტრასის შესამოწმებლად. იმის გამო, რომ საფრთხე იყო თავდასხმისა, ინჟინრებს მიჰყვებოდა დაღესტნის ცხენოსანთა პოლკის 12 რიგითი როტმისტრ დოლიძის მეთაურობით. საარქივო და საგაზეთო მასალების მიხედვით, დოლიძე მანამდეც შეხვედრია ზელიმ-ხანს – მან დააპატიმრა მისი თანამებრძოლები აიუბა და აბუბაკარი. თითქოს ზელიმ-ხანს ასევე გაუფრთხილებია ბენიამენ დოლიძეც – არ მოხვიდე, მოგკლავო.
როტმისტრ დოლიძეს მოუვიდა ცნობა, რომ ბოთლიხთან ზელიმ-ხანია ჩასაფრებულიო. ამიტომ მან დეპეშა გაუგზავნა ანდიისა და ვედენოს ოლქის უფროსებს, რათა გადაეკეტათ თავდამსხმელებისთვის უკან დასახევი გზა.
ყველა რიგითი გადაცმული იყო სამოქალაქო ტანსაცმელში და კომისიის წევრებთან ერთად იჯდა სამ ეტლში. ორი ვერსის გავლის შემდეგ კოლონა გააჩერა რამდენიმე შეიარაღებულმა პირმა, რომელთაც იარაღის ჩაბარება მოითხოვეს. რიგითები დოლიძეს შეეხმიანენ, როტმისტრი ჩამოხტა ურმიდან და სროლა აუტეხა დამხდურებს, მთიდან მაშინვე სროლით უპასუხეს. დოლიძის ხალხი უკანასკნელ ვაზნამდე იბრძოდა, მაგრამ ძალიან ცუდ პოზიციაში იმყოფებოდნენ და წარმოადგენდნენ იდეალურ სამიზნეს – ცამეტი კაციდან გადარჩა მხოლოდ მძიმედ დაჭრილი ორი რიგითი. ერთი ინჟინერი ტყვედ აიყვანეს, რომელიც შემდეგ გამოექცათ. თავდამსხმელებს დაეღუპათ ერთი კაცი. თურმე მოკლული დოლიძის ხმალი ზელიმ-ხანმა დაისაკუთრა.
ბენიამენ დოლიძე მეფის ბრძანებით დიდი პატივით დაკრძალეს სოფელ ამაღლებაში. ცხედარს დაღესტნის ცხენოსანი პოლკის დეპუტაცია ჩამოჰყვა. მეფის სახელით, კუბო ვერცხლის ფოთლებიანი გვირგვინით შეუმკიათ და მისი ნათესავის, კინორეჟისორ სიკო დოლიძის მოგონებით, ყველა ცდილობდა გვირგვინისთვის თითო ფოთოლი მოეტეხაო. მარმარილოს საფლავის ქვაზე წარწერა ამოტვიფრეს: `აქ განისვენებს გვამი გმირულად დაღუპული შტაბ-როტმისტრ ბენიამენ დოლიძისა (Здесь покоится прах героически погибшего штаб-ротмистра Бениамина Долидзе).
როტმისტრის მოკვლის სანაცვლოდ კონტრიბუციის სახით ჩეჩნებს ასი ათასი რუბლი შეაწერეს. აღებული თანხის ნაწილი მთავრობამ დოლიძის მამას გადასცა, ნაწილი კი ინჟინრების ოჯახებს. საინტერესოა, რომ მრავალი წლის შემდეგ ამ ამბავს უცნაური გაგრძელებაც მოჰყვა: 1931 წელს, ფილმის `უკანასკნელი ჯვაროსნების~ გადასაღები ადგილების შესარჩევად სიკო დოლიძე თანაშემწეებთან ერთად გაემგზავრა ჩეჩნეთში. ადგილზე რომ ჩავიდნენ, ,,ტაჩანკა” დაიქირავეს და გზას გაუდგნენ. მოგზაურობის დროს ის ადგილი გაიარეს, სადაც დოლიძე მოკლეს და რეჟისორმა ეს ტრაგიკული ამბავი გაიხსენა, მეეტლე ჩეჩენი კი ყველაფერს ყურადღებით უსმენდა, რამდენჯერმე თურმე შეკითხვაც დაუსვა – მართლა თქვენი ნათესავი იყო მოკლული ოფიცერიო? როცა ადგილზე მივიდნენ, გამყოლი დაიქირავეს და ერთი ჩეჩნის სახლში დაბინავდნენ, სადაც მეორე დღეს გამყოლი უნდა მოსულიყო. იმ საღამოს მასპინძლები გულთბილად დახვდნენ, მაგრამ მეორე დღეს ყველაფერი კარდინალურად შეიცვალა: არც გამყოლი გამოჩნდა, მასპინძელიც იმალებოდა… ქართველებს ვერ გაეგოთ, რა ხდებოდა. საღამოს კი მათ სამი მოხუცი ჩეჩენი ეწვია და სტუმრებთან გასაუბრება მოიწადინა. მაშინ გამოჩნდა მასპინძელი თავის უფროს ვაჟთან ერთად და საუბარს დაესწრო. მოხუცებმა გაიხსენეს ზელიმ-ხანის მიერ დოლიძის მოკვლა და ასიათასიანი კონტრიბუცია. `ახლა კი თქვენ ალბათ, როგორც ამ ოფიცრის ნათესავი, ზელიმ-ხანის მიერ დაღვრილი სისხლის ანაზღაურებას მოითხოვთ. ჩვენ კი მეტი არაფერი შეგვიძლიაო~. დოლიძე სახტად დარჩა, იგი დიდხანს უხსნიდა მათ, რომ ანაზღაურება არაფერ შუაშია, რომ ის კინოს გადასაღებადაა ჩამოსული. მოკლედ, მთელი საკუთარი მჭევრმეტყველება გამოიყენა, რომ ისინი დაეჯერებინა. მოხუცები დიდხანს ჩუმად უსმენდნენ, თანხმობის ნიშნად თავსაც უქნევდნენ, მაგრამ არ დაუჯერეს და წავიდნენ. მასპინძელმა კი წინადადება მისცა მათ, ბინა დაეტოვებინათ. გადამღები ჯგუფის წევრები ქუჩაში აღმოჩნდნენ, მათ ყველა გაურბოდა. ბოლოს ქართულის მცოდნე ერთი ქისტის მეშვეობით ყველაფერი გაიჩარხა და ისინი ამ სოფელს დიდი ვაი-ვაგლახით მოსცილდნენ.
ირაკლი მახარაძე
ამონარიდი მომავალი წიგნიდან ,,კანვოი რუსეთის იმპერატორთა ქართველი მცველები”