პირველი ფირალი, რომლის თავგადასავალს იმდროინდელი პრესა საკმაო ადგილს უთმობდა, გიორგი ჭყონია იყო. ცნობილია, რომ ჭყონია გურიის ეპისკოპოსის გაბრიელის გაძარცვის გამო სასჯელს ქუთაისის ციხეში იხდიდა. “25 ივლისს, ღამით ავაზაკები დაეცნენ ჯუმათის მონასტერს… გაცარცვეს იქაურობა, თათრების ბაშიბუზუყებივით მხეცურად დასჩეხეს სალოცავად მისულები. სხვათა შორის, ეპისკოპოსი, გაბრიელ ტუქსიაც მძიმედ დასჭრეს”, _ წერდა დროება (1879 წ. #159).
გაირკვა, რომ ყაჩაღები სულ რვანი ყოფილან, ოთხი დაიჭირეს, დანარჩენებმა თავს უშველეს. რამდენიმე ხნის შემდეგ გაბრიელ ეპისკოპოსთან ბოდიშის მოსახდელად ერთ-ერთი მათგანი, ლუკა მახარაიშვილი (იგივე ბარამიძე) მივიდა და დანარჩენი სამი ყაჩაღის ვინაობა დაუსახელა (დროება, 1879 წ. #174). გაზეთის სხვა პუბლიკაციებიდან კი ვიგებთ, რომ კიდევ ორი ფირალი ა. სარჭვალიძე და ჩ. ჯორბენაძე თავისსავე ამხანაგებს მძინარეები მოუკლავთ. “…ამბობენ, ვითომ ამ ავაზაკებს ეთქვას, რომ ხსენებულ ეპისკოპოსის სახლის გაცარცვის დროს ამათ ამხანაგათ არავინ ჰყოლია, გარდა ერთის, გზის მჩვენებელისა, რომელიც ეპისკოპოსის დიაკვანი იყოვო” (დროება, 1879 წ. #197). ცოტა ხანში ამავე გაზეთში დაიბეჭდა ქობულეთელის წერილი, რომელიც თავის გულისტკივილს გამოთქვამდა იმის თაობაზე, რომ, რაც გურიაში ყაჩაღობა და ძარცვა ხდება ყველაფერს “…საწყალ ქობულეთელებს აბრალებენ, რომ ესენი ყველა თათრები იყვნენო” (“დროება”, 1879 წ. #191); (აჭარლები, რომ ნამდვილად ყაჩაღობდნენ, ამას მრავალი პუბლიკაცია ადასტურებს. 1896 წელს კვალი წერდა: “…თუ ამდენ ხანს მოსვენებას არ გვაძლევდნენ დარჩიები, დათუნაიშვილები და მიქელაიშვილები, ახლა იმათი ადგილი მეზობლებმა _ “ოღლებმა” დაიკავეს” (“კვალი”, 1896 # 32 გვ. 564). შემდეგ კი აგრძელებს: “ამავე ოზურგეთის უეზდში სოფელს მონასტერზე დაეცენ გურიის ეფისკოპოზს და კიდევაც დაშჭრენ და წაართვენ ფარები და ნივთებიც. ესეც დააბრალენ ჩვენ ქობულეთელებს, მაგრამ როდესაც მათი უეზდის ნაჩალნიკი შეუდგა ამ საქმის გამოძიებას, მქნელი აღმოჩდენ მათშივე მცხოვრებნი აზნაური ჭყონიები” (“დროება”, 1879 წ. #191). ჭყონიას გვარმა პირველად ამ პუბლიკაციაში გაიჟღერა. თუ რა მოხდა სინამდვილეში, ახლა ამის გარკვევა ძნელია, თუმცა, მთავარი დამნაშავე ჭყონია აღმოჩნდა, რომელიც ციხეში ჩასვეს.
1882 წლის ივლისში ჭყონია ციხიდან გაიქცა, მაგრამ იმავე წლის დეკემბერში ის სოფელ ბახვში აზნაურ კოხტა მახარაძის სახლში დაიჭირეს. ფირალი მისმა ყოფილმა ამხანაგებმა პავლე და მელქისედეკ მახარაძეებმა გასცეს. სავარაუდოდ, ეს ის მელქისედეკ მახარაძეა, რომლის ბინაში შედგა, ე. წ. “ბახვის საიდუმლო კრება”, სადაც თითქოსდა დაიგეგმა ილია ჭავჭავაძის მკვლელობა. უნდა ითქვას, რომ ამ ფაქტის შესახებ ერთიანი აზრი არ არსებობს. ამ საქმის მკვლევარები ამტკიცებენ, რომ ილიას მკვლელობის საქმე ბახვში არ გადაწყვეტილა, არამედ უფრო მაღალ ინსტანციაზე და ბახვში გამართულ კრებას მხოლოდ, როგორც უკვე მიღებული დადგენილება, მოხსენდა. თუმცა, ის, რომ ილია ჭავჭავაძის მკვლელობა სოციალ-დემოკრატმა ბოლშევიკებმა დაგეგმეს, არავითარ ეჭვს არ იწვევს. არსებობს ზეპირი გადმოცემა, რომ ფილიპე მახარაძეს სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე განუცხადებია: ”ჩვენ, მესამედასელებმა, კომუნისტებმა, დავადგინეთ ილია ჭავჭავაძის მოკვლა, ვინაიდან ილია იყო ერთადერთი დიდი პიროვნება, რომელიც ხელს უშლიდა საქართველოში მარქსიზმის გავრცელებას. როდესაც ჩვენ ილია ჭავჭავაძის მოკვლა დავადგინეთ, ფრაქციის ყველა წევრმა იცოდა და დადგენილებაზეც ხელი ჰქონდა მოწერილი. ეს იცოდა თვით სტალინმაც, რომელიც მაშინ არაფერს წარმოადგენდა. მან დადგენილებას ხელი მოაწერა და ბაქოში წავიდა” (გ. აბაშიძე, “ილია ჭავჭავაძე ცხოვრება და ღვაწლი”, 2005 წ. გვ. 144). ჭყონიას აყვანის ოპერაციას ხელმძღვანელობდა პრისტავი ჩიგოგიძე.
“…ამ დროს მოკლულ იქმნა ავაზაკის მიერ მილიციონერი გიგო ხიხოძე, ხოლო მილიციონერთა დაჭრეს მსუბუქად ავაზაკი და მძიმედ _ გასათხოვარი ქალი. ამბობენ, ქალი არ გადარჩებაო. ბოლოს შეიპყრეს ავაზაკი თავისი მასპინძლით და ჩამოიყვანეს ოზურგეთში” (“დროება”, 1882 წ. #257). როგორც ირკვევა, ჭყონია ციხეში დიდხანს არ გაჩერებულა, მან მალე გააღწია სამშვიდობოს. ”…ჭყონია არაერთხელ დაუჭერიათ, მაგრამ ის გაქცევას ახერხებდა, ხან _ სატუსაღოდან და ხან _ გზიდგან” (“დროება”, 1884 წ. # 70). ფირალების ისტორიების შესწავლისას ერთი საინტერესო ფაქტი იხატება: ფირალები ციხეებიდან და კატორღიდან პანტა-პუნტით მირბოდნენ. ამ საკითხზე ერთ წერილში ყურადღებას ამახვილებს ე. ნინოშვილი: ”…ყაჩაღებს ხომ მაინც შეიპყრობდნენო? _ იკითხავს ვინმე. შეპყრობით კი არ შეუპყრიათ, პირიქით, ყაჩაღების რიცხვს თითო-ორორი ყოველ კვირაში ემატება, რადგანაც ოზურგეთის საპატიმროს კარები, როგორც ეტყობა, ძლიერ სუსტია” (ე. ნინოშვილი თხზულებათა სრული კრებული, 1954 წ. გვ. 514-515). ეს, ალბათ, ზევით დასახელებული კორუფციის და უპასუხისმგებლობის შედეგი იყო, თორემ ბორკილდადებული კაცის გაქცევა გამაგრებული ციხიდან არც თუ ისე ადვილი საქმე უნდა ყოფილიყო. მალე გავრცელდა ცნობა, რომ 1884 წლის 19 მარტს, ნაშუაღამევს, ჩიგოგიძე დარაჯებთან ერთად ჩაუსაფრდა ფირალს და მოკლა. სულ მალე კი აღმოჩნდა, რომ გიორგი ჭყონია მძიმე ავადმყოფობის შედეგად თავისი სიკვდილით მომკვდარიყო ერთ სახლში, სოფელ ჯუმათში (დროება, 1884 წ. # 70). “…სახლის პატრონმა შეატყობინა ეს ამბავი იმათ, ვისაც ჯერ არს. მოვიდენ თუ არა იქ, სადაც ესვენა ჭყონია, მაშინვე უიმისოდაც მკვდარს, ორი თოფი ესროლეს, გადიტანეს გვამი მახლობელ ღელის პირზე, იქ დააგდეს და შეჰქმნეს თოფების სროლა. თოფის ხმაზე ყველა მეზობლები და საზოგადოება შევიკრიბენით; ვნახეთ მკვდარი წმინდად თავის საცვალში, წვეთი სისხლიც არ გამოსვლოდა, და, რასაკვირველია, ტანსაცმელიც სისხლში მოსვრილი არ იყო. მხოლოდ ალაგ-ალაგ ჭრილობების ალაგას, ხორცი წამლით იყო მიყრილი, შავად დამწვარი. მოვიდენ გასასვენებლად მიცვალებულის ნათესავები, გარემოება შეიტყვეს და მეც დაწვრილებით ვუამბე ყოველივე. ბევრი თავისი დღით მკვდარი და მოკლული გვინახავს, რომ ექიმს გაეჭრას და დაემოწმებინოს, რით არის მკვდარიო; ჭყონიას კი, არა თუ გაჭრა და შემოწმება აღირსეს, თვალითაც არ აჩვენეს არც მაზრის და არც სხვა ექიმებს”, _ აღნიშნავდა ამ ამბის დამსწრე ვინმე კ. ჯ. გოგვაძე (დროება 1884 წ. # 70). ამ შემთხვევამ რომ რეზონანსი გამოიწვია, მეტყველებს თუნდაც ვრცელი სტატია, რომელიც დროებამ მიუძღვნა: “გურია, 22 მარტს. მარტის 19, ნაშუაღამევს, ორ საათზედ, ჯუმათის სოფლის კანცელარიის მახლობლად ვითომ მოიკლა ოზურგეთის პოლიციის პრისტავის ბ. ნ. ჩი-ძის (ჩიგოგიძის) მიერ გავარდნილი შესანიშნავი ფირალი (ყაჩაღი), გიორგი ჭყონია… ეს ამბავი მოვიდა ოზურგეთში დილით ადრე, ოცს მარტს. ასე რომ, იმავე დღეს, დილით, თერთმეტ საათზე ჯუმათში მოვიდენ ბატონი მაზრის უფროსი, სამსჯავროს გამომძიებელი ბ. მასლოვი და მრავალნი ქალნი და კაცნი, რომელთა რიცხვთა შორის მეც გახლდით. მოკლული ჭყონია იყო დასვენებული ერთ ხის ძირში, იქაური ერთი სასულიერო უწყების სახლის მახლობლად. მიცვალებულს ჰქონდა ორი თოფი მოხვედრილი: ერთი მარცხენა საფეთქელში, ცოტა წარბზემოდამ და ტყვია-გავარდნილი უკან მარჯვნით საპურხაოში; მეორე მარცხნიდგანვე ასოს ძირში და ტყვია-გავარდნილი მეორე მხარეს მარჯვნით თეძოში. მიცვალებული იყო დასვენებული ისე, როგორც სწორედ წესი არის სამი, ანუ ოთხის დღის მიცვალებულისა: გულზედ ხელდაკრეფილი, ძალიან გამხდარი ფერ-მიხდილი, გაშეშებული, სუნაღებული და სუფთად ჩაცმული; თავში, სადაც ტყვია ჰქონდა, თუმცაღა ტვინი თითქმის ორი წილი არ ჰქონებია თავში მიცვალებულს, მაგრამ მიწაზედ დანთხეული აღარ სჩანდა, ხოლო მეორე ადგილი ტყვიისა სულ დამწვარი ჰქონდა თოფის წამლით, შარვალი, ფეხსაცმელი და ხორციც. ექიმი იქ იმ დროს არ ყოფილა; მხოლოდ ეს შევამჩნიეთ, როდესაც ბ. გამომძიებელმა შარვალი და ფეხსაცმელი გაახდევინა, და გულზედ გაახსნევინა ტანისამოსი, დაჭრილობის გასაჩხრეკად; ტყვიის ალაგის არც მარცხნით და არც მარჯვნით სისხლი არ აჩნდა, ისე, როგორც შეჰფეროდა ნათოფარს კაცს; მიცვალებულს ტანზედ ადგილ-ადგილ დიდი ხნის მიცვალებულსავით მოყვითალო დანაღველებული აჩნდა. ბ. ჩი-ძის მხლებლები ამბობდნენ, ვითომც ჭყონიას ესროლოს თოფი და შემდეგ იმისთანა მძიმე ჭრილობებისა, ჭყონია გაქცეულიყოს ას საჟენზედ და იმ ადგილას მიერბინოს და მიცვლილიყოს. ეს როგორღაც საეჭვოდ მიგვაჩნია შემდეგის მიზეზების გამო: ა) არ შეუძლიან კაცს ფეხის მოცლა იმისთანა ჭრილობების მიღების შემდეგ, როგორიც მიცვალებულს ჰქონდა, თუნდ მარტო ერთის მეტი არ ჰქონებოდა; ბ) თუმცა, ჭყონია მართლა საღად ყოფილიყო ტყვიის მოხვედრამდის, ან თავისი გამონავალი სისხლი დაბეჟილი არ უნდა ჰქონოდა და ან მეორე ჭრილობიდგან სისხლის გამონავალი უნდა მჩნეოდა; გ) 19-ს მარტს, ნაშუაღამევის ორი საათიდგან მოკლულს კაცს, 20 მარტამდის თერთმეტ საათზედ დილით, მერე იმისთანა გრილს და ნამიანს დარში, როგორიც იყო ოცს მარტს, სუნი არ უნდა ჰქონოდა ტანზედ დანაღველებული მოყვითანოდ არ უნდა მჩნეოდა; დ) თოფით მკვდარი კაცი რვა და ცხრა საათის განმავლობაში კი არა, ოცდაოთხ საათშიც არ დაჰკარგავს ფერს, არ დამჭლევდება და გაშეშდება ისე, როგორც იყო ჭყონია; ასე რომ, მისი სხეულის გადაწევ-გადმოწევა არ შემძლებოდა ისე, რომ მთელი ტანი არ გადაჰყოლოდა (“დროება, 1884 წ. # 73).
1886 წლის 13 მარტს კი მოკლეს ფირალი და კატორღა მისჯილი პროკოპი ჭყონია. პროკოპი ჭყონიასადმი მიძღვნილი ლექსის მიხედვით ირკვევა, რომ ის ცოლ-შვილის სანახავად ჩუმად დაბრუნებულა სახლში. ხალხური ლექსის მიხედვით დამსმენი ყოფილა ბათლომე ჩხაიძე _ “თურმე ბათლომაი ჩხაიძე საღალატოთა ძრებოდა”. პოლიციელებმა სახლს და ალყა შემოარტყეს და “ატყტა თოფების გრიალი”. ოპერაციას ხელმძღვანელობდა ბოქაული ირაკლი დუმბაძე (ირაკლი და ივანე დუმბაძეები, ფირალების დაუძინებელი მტრები, განთქმული პოლიციელები იყვნენ. მათ რამდენიმე მათგანი ჰყავდათ დაჭერილი და მოკლული). ჭყონია სახლიდან გამოვარდა: ბოქაულს თვალი მოვკარი, ილაკრე იყო დუმბაძე, მუუხტი, თოფი ავართვი და მივაყოლე დუმაზე. ჭყონიამ დუმბაძე დაჭრა, თვითონაც ფეხში დაჭრილმა გაქცევა და გზადაგზა სამი კაცის მოკვლა მოახერხა. მრავალგზის დაჭრილმა, მან საკმაოდ დიდი მანძილი გაირბინა, მაგრამ პოლიცია დაეწია და დაცხრილა. ისთე გაწვიმდა ტყვიები, რავარც ზეციდან კოხია, სამი ვერსი გადვირბინე, მარა აღარ მაქ ხოხია. შიგანი გარეთ მოცივა და დავაბუშტე ჭინჭები. “დროება” იუწყებოდა, რომ დარჩა კიდევ ერთი ყაჩაღი გოგია ლომჯარია, რომელიც აჭარის ტერიტორიაზე იმალებაო. გაზეთი იმედს გამოთქვამდა, რომ მისი დაჭერით მაზრაში სიმშვიდე დაისადგურებდა.