მონიკა ვინცესი შვეიცარიაში ცხოვრობს. პროფესიით მუსიკოსი, საქართველოში, მეგობრებთან ერთად, გასულ წელს, როგორც ტურისტი ისე ჩამოვიდა.
ჩვენი ქვეყნის ბევრი კუთხე მოიარა, მათ შორის ბახმარო, რომელმაც, როგორც თავად ამბობს მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა:
_ მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიაში მთის ბევრი, განვითარებული კურორტია, ბახმაროს მდებარეობამ, ბუნებამ ჩემზე და ჩემს მეგობრებზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა. ასევე, გაოცებულები ვიყავით თქვენი სტუმართ-მასპინძლობით, ხალხის დამოკიდებულებებით, სიყვარულით. გასულ წელს, აქ ბევრი მეგობარი შევიძინე და მათ პირობა მივეცი, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი და პირობა შევასრულე, _ ამბობს „გურია ნიუსთან“ საუბრისას მონიკა, რომელიც ბახმაროს წელს ინვესტიციით დაუბრუნდა.
მან, ქართველ მეგობრებთან ერთად კურორტზე ძველი ფურნე იყიდა და კაფე-რესტორანი გახსნა:
_ როცა ჩემს ქვეყანაში დავბრუნდი, ბევრს ვფიქრობდი რა უნდა გამეკეთებინა ისეთი, რაც საქართველოში დიდხანს დარჩენის საშუალებას მომცემდა და საბოლოოდ ბიზნესზე შევაჩერე არჩევანი. ამაში აქ შეძენილი მეგობრები დამეხმარნენ. კერძო პირისგან ვიყიდე ძველი შენობა, რომლის მოწყობაში პირადადაც ვმონაწილეობდა და 19 აგვისტოს გავხსენით. ვფიქრობ, რომ კარგი ობიექტი გამოვიდა, _ გვითხრა მონიკა ვინცესმა.
მისივე თქმით, ეს არის ქართულ-ევროპული პირველი ობიექტი ბახმაროში:
_ როგორც გავიგე, იმ ადგილზე, წლების განმავლობაში ფურნე იყო და გავითვალისწინე პარტნიორების რჩევა _ კაფე-რესტორანს ფურნე #1 დავარქვით. ვეცადეთ, რომ ძველი ქართული ელემენტები არ დაგვეკარგა, რომელსაც ევროპული დეტალები დავუმატეთ და ასე გამოვიდა პირველი ქართულ-ევროპული ობიექტი ულამაზეს კურორტზე, _ აღნიშნა მონიკამ, რომელსაც წინ დიდი გეგმები აქვს:
_ ვიცი, რომ ზამთარში აქ ბევრი ტურისტი ჩამოდის და ამიტომ, კაფე-რესტორანი ზამთარზეცაა გათვლილი. თუმცა, ამაზე გაჩერებას არ ვაპირებ _ შვეიცარიაში, ჩემი ბიზნესმენი მეგობრები უკვე დავაინტერესე ბახმაროთი და ოქტომბერში მათთან ერთად დავბრუნდები. ჩვენ უკვე გვაქვს გეგმები _ აუცილებლად ჩავდებთ დამატებით ინვესტიციებს და მოვიზიდავთ ტურისტებს, _ ამბობს მონიკა, რომელიც საქართველოში საცხოვრებელი სახლის ყიდვასაც აპირებს.
_ მოკლე დროში ძალიან შემაყვარეთ თავი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გასაკეთებელია აქ, ვფიქრობ, რომ საქართველოში ცხოვრება ძალიან კარგია. მსოფლიოში ბევრგან არ არის ისეთი ადგილები, როგორიც თქვენთან. ზღვაც გაქვთ, მთაც. ერთი სიტყვით ნამდვილი ზღაპარია, _ აღნიშნავს ვინცესი, რომელსაც იმედი აქვს, რომ საკუთარი ჩანაფიქრის გახორციელებაში და ბახმაროთი უცხოელი ინვესტორების დაინტერესებაში ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლებაც დაეხმარება:
_ აქამდე ხელისუფლებასთან შეხება არ მქონია. თუმცა, ვიცი, რომ ბიზნესისთვის ამ ქვეყანაში კარგი გარემოა. სწორედ ეს გარემო გახდა ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ ჩემი მეგობრები დავაინტერესე და ისინი მზად არიან ბახმაროში თანხა ჩადონ. იმედი მაქვს, რომ საჭიროების შემთხვევაში ხელისუფლება დაგვეხმარება, _ გვითხრა მონიკამ, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოს ტურისტული პოტენციალის გაცნობაში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა:
_ ამ საოცარი ქვეყნის განვითარებაში ყველა ერთად უნდა ჩაებას. სამწუხაროდ, ბევრჯერ დავინახე, რომ ადგილობრივები გარემოს არ უფრთხილდებიან _ ტყეში, სანაპიროებზე ნაგავს ყრიან, რაც არ შეიძლება. ყველამ უნდა იფიქროს ქვეყანაზე და ეს შედეგს აუცილებლად მოიტანს, _ აღნიშნა მონიკა ვინცესმა „გურია ნიუსთან“ საუბრისას.