გურულების ლამაზი თავგადასავალი გუშინ, შვედეთში დასრულდა, სადაც „ლანჩხუთმა“ განმეორებითი შეხვედრა ითამაშა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში. შეიძლება შვედებთან ორმატჩიანი დუელის შემდეგ, ყველა ქართველ გულშემატკივარს „აბაულას“ მელოდია გაახსენდა, თუმცა, ამ ეტაპზე, გურულების გასვლა უკვე სასწაული იყო _ სულაც არ არის გასაკვირი უეფას რეიტინგის საუკეთესო ათეულში მყოფ, შვედეთის 11-გზის ჩემპიონ, 5-გზის თასის მფლობელ და ლიგაზე სისტემატურად მოთამაშე „როსენგარდს“ სათანადო წინააღმდეგობა რომ ვერ გაუწიეს. პირველი მატჩი თბილისში 0:7, ხოლო განმეორებითი მატჩი მალმიოში 10:0 დასრულდა. ორივე თამაშში ჩვენებურების მეკარის, თათია გაბუნიას გამორჩევა შეიძლება, რომელმაც 39 სეივი გააკეთა.
ქართული საფეხბურთო კლუბების ფინანსური შესაძლებლობები ყველასთვის ცნობილია; კიდევ უფრო მწირია დაფინანსება ქალთა ფეხბურთში. საფეხბურთო ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც, რბილად რომ ვთქვათ, მოვიკოჭლებთ. ამ პირობების გათვალისწინებით, საამაყოა, რომ „ლანჩხუთმა“ ორი საკვალიფიკაციო ეტაპი გაიარა; პირველ რაუნდში ყაზახური „ოკჟტეპესი“ 2:1 დაამარცხა, დუბლი ხატია ჭყონიამ გაიფორმა. საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდს კი რუმინეთის 10-გზის ჩემპიონი „კლუჟი“ 1:0 გამოთიშა. ამ მატჩშიც თავი ხატია ჭყონიამ გამოიჩინა.
მადლობა ამ პატარა წარმატებაში მონაწილე თითოეულ ადამიანს, მძიმე და დაძაბულ პერიოდში სიხარულის წუთებისთვის, რომელიც ჩვენმა გოგონებმა მონდომების და შესაძლებლობების ზღვარზე გადაბიჯებით მოგვანიჭეს.
აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 2021 წელს, ჩემპიონთა ლიგაზე საქართველოს დედაქალაქური „ნიკე“ წარადგენს, რომელმაც 5 ქულით აჯობა გურულებს ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. წარმატებები ვუსურვოთ „ნიკეს“ და ყველა ქართულ გუნდს ევროპულ სარბიელზე.