საქართველოში რაგბი გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში განვითარდა. მისი ფუძემდებელი ბატონი ლადო მრელაშვილი გახლდათ. ბევრმა არ იცის, მაგრამ ერთხელ ამჟამინდელი „ბორჯღალოსნების“ წინაპრებს სერიოზული საფრთხე დაემუქრათ და ლამის მთელი გუნდი იმდროინდელი „კგბ“-ს კლანჭებში აღმოჩნდა. ამ „პოლიტიკური ინციდენტის“ მოთავე მაშინ ახალგაზრდა მორაგბე ამირან ლობჟანიძე იყო, რომელმაც ქალაქ რიგაში „ანტიკომუნისტური“ საქციელი ჩაიდინა. უმჯობესი იქნება ამ შემთხვევას თავად ბატონი ლადო თუ მოგვიყვება.
„წინა საუკუნის 60-იან წლებში, რიგაში ვთამაშობდით ერთ-ერთ ტურნირზე. ამ შეჯიბრების ფინალში ადგილობრივ გუნდს შევხვდით და დაძაბულ ბრძოლაში დავმარცხდით. მასპინძლებს, როგორც გამარჯვებულებს, იშვიათი სილამაზის თასი გადასცეს. არადა, თამაშის დაწყებამდე ჩვენს ბიჭებს გულით სურდათ ამ ჯილდოს თბილისში წამოღება.
დინამოელებს იქვე, მოედანზე, ლენინის პორტრეტიანი ჟეტონები ჩამოურიგეს. ჩვენმა მოთამაშე ამირან ლობჟანიძემ დაუარა გუნდს, ყველას გამოართვა საჩუქარი, მუჭში მოაგროვა, მივიდა ტრიბუნებთან და მაყურებლებში გადაყარა.
აბა, ლენინის შეურაცხყოფას მაშინ ვინ გაპატიებდა. ატყდა ერთი ამბავი. იმ საღამოსვე სასტუმროში დაგვადგნენ უშიშროების თანამშრომლები. ამირანი დავმალეთ, არ გამოვაჩინეთ. ქართული მარიფათისა მოგეხსენებათ, ჩავფარცხეთ საქმე.
ბოდიში კი მოვუხადეთ „კაგებეშნიკებს“, მაგრამ თავიც ვიმართლეთ: ჟეტონებზე ბელადის ჯეელობის სურათი იყო ამოტვიფრული და ვერ ვიცანით, თორემ დიდ ლენინს ასეთ რამეს როგორ შევკადრებდით, ჟეტონებიც მაყურებლებში მათი პატივისცემის ნიშნად მოისროლა ლობჟანიძემ-მეთქი“.