2012 წელს გაშვებულ ხელისუფლებას ამომრჩეველი 2018 წელს კვლავ ირჩევს _ რატომ? საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, შესაძლოა, მმართველი პარტიის დაშლის მიზეზი გახდეს _ როდის მოხდება ეს? _ამ და სხვა საკითხზე „გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა ვახტანგ ძაბირაძემ ისაუბრა.
_ ბატონო ვახტანგ, საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა გვიჩვენა შემდეგი: ხელისუფლებას, რომელიც 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ სახლში გაისტუმრა, 2018 წელს ამომრჩეველი კვლავ ირჩევს. ამ შედეგის მიღება სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურამ განაპირობა თუ „ქართულ ოცნებამ“, რომელსაც, სავარაუდოდ, ამომრჩეველი აღარ ენდობა?
_ მეორე ტური რომ იქნებოდა დარწმუნებული ვიყავი. ბუნებრივია, ამ შედეგების მიღებაში დიდი წვლილი მიუძღვის „ქართულ ოცნებას“ და არა, ე.წ. დამოუკიდებელ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს.
არ შეიძლება ხელისუფლება ღიად წავიდეს ფალსიფიცირებაზე. მმართველმა პარტიამ თავიდანვე არასწორი გზა შესთავაზა ხალხს, როცა შეეცადა, ამომრჩეველი დაერწმუნებინა, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატი იყო _ რა თქმა უნდა, ეს აღიზიანებს მოსახლეობას.
ფაქტობრივად, ხალხი არ მივიდა არჩევნებზე, რადგან მათთვის სულ ერთია, „ქართული ოცნება“ იქნება ხელისუფლებაში თუ „ნაციონალური მოძრაობა“.
_ ამბობთ, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკური წონით „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუთანაბრდა?
_ ფაქტობრივად, პოლიტიკური წონით ერთმანეთს გაუთანაბრდნენ. „ქართული ოცნების“ რეიტინგი კატასტროფულად დაეცა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ძალიან ბევრი პოლიტიკური შეცდომა დაუშვეს. თუნდაც არჩევნების დღეს, პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა ეგზიტპოლის შედეგი, რომლის მიხედვით, არჩევნებს სალომე ზურაბიშვილი 52%- ით იგებდა, ამის შემდეგ კვლავ პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ მეორე ტური იქნებაო, ეს უკვე არასერიოზულია და პოლიტიკურად წაგებული თამაშია.
_ საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, არაერთი ფარული ჩანაწერი გამოქვეყნდა, რომელებმაც ბიზნესზე ზეწოლის, ელიტური კორუფციისა და არაფორმალური მმართველობის ფაქტები გამოიტანა გარეთ. მათ შორის, გამოქვეყნდა მირზა სუბელიანის მონაწილეობით ფარული ჩანაწერი, რომელმაც, სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ პრობლემებს ახადა ფარდა.
როგორ ფიქრობთ, ამომრჩეველზე ამ ფარულმა ფარულმა ჩანაწერებმაც მოახდინა ზეგავლენა?
_ ამ ჩანაწერებმაც მოახდინა გავლენა, მაგრამ ამაზე დიდი გავლენა იმ ორმა პრესკონფერენციამ მოახდინა, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა ჩაატარა.
ამ საარჩევნო კამპანიას რომ ვუსმენდი, ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ „ქართული ოცნება“ თავად ცდილობდა არჩევნების წაგებას. ყველაფერი, რასაც აკეთებდნენ, საკუთარი ამომრჩევლის წინააღმდეგ იყო მიმართული.
როდესაც ოთარ ფარცხალაძის გამართლებას ცდილობს და ამბობ, რომ ბიზნესმენები ჩემთან მოდიოდნენ და სასამართლოს გვერდის ავლით ვალაგებდი საქმეებსო, ეს კატასტროფაა.
იმ ფონზე, როცა ქვეყანაში მძიმე ვითარებაა, ბიძინა ივანიშვილმა თავად აღიარა, რომ ქვეყნის არაფორმალური მმართველია, რასაც სახელი არ გააჩნია.
_ „ქართულ ოცნებაში“ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას ბევრი ეწინააღმდეგებოდა. ბოლოს, გვახსოვს ივანიშვილმა როგორ დაუქნია ხელი, ე.წ. „კეკლუც თანაგუნდელებს“, მხარი დაუჭირეთ მის კანდიდატურასო.
ახლა, როცა თანაგუნდელების ნაწილი იმედგაცრუებულია, საპრეზიდენტო არჩევნებში გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება, შესაძლოა, კრიზისის გამომწვევი და საბოლოო ჯამში, მმართველი პარტიის დაშლის მიზეზი გახდეს?
_ ახლა თუ დაიწყო დაშლა, საპრეზიდენტო არჩევნები საპარლამენტო არჩევნებში გადაიზრდება, რაც არ აწყობთ. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ეს პროცესი შეიძლება გაზაფხულზე დაიწყოს. „ქართულმა ოცნებამ“ არ უნდა გააყალბოს მეორე ტური, რადგან მათთვის გაყალბება გაცილებით უფრო კატასტროფული იქნება, ვიდრე არჩევნებში დამარცხება.
ფაქტი ერთია, არჩევნები პოლიტიკურად უკვე მოგებული აქვს გრიგოლ ვაშაძეს. გააჩნია როგორი აქტივობა იქნება მეორე ტურში.
თუ პირველი ტურის არჩევნებს შევაჯამებთ, პირველად აგიტატორების ასეთი მობილიზება 2010 წელს გიგი უგულავამ გამოიყენა. „ქართულ ოცნებას“ ახალი არაფერი გამოუგონებია, ეს ყველაფერი _ „კარუსელები“ და ა.შ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა.