“საქართველოს ხელისუფლებამ მოპარული არჩევნების შემდეგ მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები შეზღუდა”, _ ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ გუშინ ვნახეთ ტოტალური უკანონობა, მაშინ როდესაც მოპარული, გაყალბებული არჩევნების შემდეგ ხელისუფლებამ შეზღუდა მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებები. მათ შორის, გადაადგილების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება და აზრის გამოხატვის თავისუფლება და შეკრების თავისუფლება“, _ განაცხადა ვაშაძემ.
მან გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც თელავის მიმართულებით გადაადგილება გუშინ შესაძლებელი ყვარლიდან იყო, უტიფარი სიცრუე უწოდა:
„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ბიძინა ივანიშვილის, შინაგან საქმეთა მინისტრის გახარიას განცხადებებს. აბსოლუტურად ტყუილია, რომ ყვარელზე გზა გახსნილი იყო.
ჩვენ ისე ჩავუარეთ გომბორს 40 კმ/სთ-ის სისწრაფით, რომ არც გვიფიქრია გაჩერება და გაპროტესტება და შემდეგ, როდესაც მივედით ველისციხეში, გაგვაჩერეს და ეს გვითხრეს. ნაწილი ჩვენი მხარდამჭერების წავიდნენ და გაიჩხირნენ გრემთან, სადაც ისევე იყო გადაკეტილი ყველაფერი, როგორც ველისციხესთან.
ხელისუფლებას ავტობუსები მოყვანილი არ ჰყავდა, რომ რამდენიმე ათასი ადამიანი გადაეყვანა თელავში. ეს არის უტიფარი სიცრუე. იმაზე აღარ ვლაპარაკობ, რომ მობილიზებული იყო არნახული რაოდენობა პოლიციისა, ვისი მუნდირიც შეურაცხყო ამ ხელისუფლებამ. გაოგნებული პოლიციელები იდგნენ, იყურებოდნენ აქეთ-იქით და ვერ გაეგოთ მათი იქ დგომის მიზეზი და მიზანი რა იყო და ზონდერბრიგადები, რომლებმაც სასიკვდილოდ კინაღამ სცემეს შოთა დალაქიშვილი და ნიკა ჭორაძე.
ამ ეგრეთ წოდებული ხელისუფლების ხელში ვიმყოფებით და ყველა მეთოდი არის გადმოღებული პუტინის რუსეთიდან, იმიტომ, რომ სხვა არაფერი არ იციან“, _ განაცხადა ვაშაძემ.