არასამთავრობო ორგანიზაცია “გამოიღვიძეს” დამფუძნებელი ანა იოსავა 10 იანვარს, ქალაქ ფოთში აქციის მსვლელობის დროს სამ პირთან ერთად დააკავეს.
სასამართლო პროცესი 27 იანვარს არის ჩანიშნული. როგორც ანა ამბობს, მას ემუქრება ან _ ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ან _ საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 1 წლის ვადით, ან _ ფულადი ჯარიმა 1000-დან 1500 ლარამდე.
„გურია ნიუსი“ ანა იოსავას ესაუბრა.
_ როგორ მოხდა თქვენი დაკავება?
_ აქცია მოვაწყვეთ ფოთის მერიასთან _ ვაპროტესტებდით ქალაქში თევზის სუნს და ქალაქის მერთან გოჩა კურდღელიასთან შეხვედრას ვითხოვდით. მერმა მოგვატყუა და დაპირების მიუხედავად, ჩვენთან შესახვედრად არ მოვიდა.
შემდეგ გადავინაცვლეთ გოჩა კურდღელიას სახლთან, სადაც მისი ნათესავები დაგვხვდნენ, რომლებიც იძახდნენ, რომ იქვე ცხოვრობენ, მაგრამ მეც იმავე სამეზობლოში ვცხოვრობ და იქ მყოფი ადამიანების უმრავლესობა პირველად ვნახე.
ჩვენ სამნი ვიყავით და დაგვხვდა 25 კაცი. ისინი გვაყენებდნენ შეურაცყოფას. ქალაქის მერის ნათესავსა და აქციის წევრს შორის მოხდა შელაპარაკება, რის გამოც აქციის წევრები დააკავეს. მინდოდა ჩემი აქტივისტი გამეთავისუფლებინა და პოლიციას ვკითხე მიზეზი, რის საფუძველზე აკავებდნენ. ამის შემდეგ მეც დამაკავეს. დაკავების მიზეზად ხულიგნობა, ძალადობა, შეურაცხყოფა დაასახელეს, მაგრამ ჩემი მხრიდან ასეთი არაფერი მომხდარა _ მაქვს ყველაფრის ვიდეო მტკიცებულება. სამართალდამცავებმა ჩვენ დაგვიჭირეს და ვინც შეურაცხყოფას გვაყენებდა, მათი საქციელი რეაგირების გარეშე დატოვეს.
_ ქალაქის მერის გოჩა კურდღელიას სახლთან მისვლის მიზანი რა იყო?
_ ჩვენი მიზანი იყო გოჩა კურდღელიასთვის პირადად გვეთქვა, რომ მეორე დღეს იგეგმებოდა აქცია და იქ ველოდებოდით. მაგრამ დაგვხვდა აგრესიულად განწყობილი ადამიანები.
_ ამ აქციის შემდეგ დაანონსებული იყო ყოველდღიური აქციები…
_ აქციები გრძელდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ფოთის მოსახლეობა არ იღებს ხმას. ფოთი პატარა, დაშინებული ქალაქია. ყველა ყველას იცნობს და ერთმანეთის ხათრით არ გამოდიან გარეთ. პლიუს ამას, ფოთელები მუშაობენ პორტში, სადაც წილი აქვს ფოთის მერს გოჩა კურდღელიას. არ დაგვიდგა ხალხი გვერდით და 20 კაცის პროტესტი უშედეგოა.
_ რამდენი ხანია, რაც თევზის სუნია ქალაქში?
_ სამი წლის განმავლობაში. როგორც ვიცით, ფოთში თევზის გადამამუშავებელი ორი ქარხანაა, რომელიც პარლამენტის წევრის ირაკლი ხახუბიას საკუთრებაა. ამ ქარხნების ხელმძღვანელობა ყველა არჩევნების დროს „ქართულ ოცნებას“ სწირავს ფულს და ამიტომ არ აჩერებენ, ჩვენ რაც არ უნდა ვაპროტესტოთ. ვიცი, რომ ასე მარტივი არაა ამ ყველაფრის მოგვარება, მაგრამ ვცდილობ ყველანაირად. ამ ქარხნებს ისეთი ადამიანები აფარებენ ხელს, რომლებსაც მთელი ქალაქი „ხელში უჭირავთ“.
_ როგორც ვიცი, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც შეამოწმებს ქარხნებს და დაადგენს პრობლემის მიზეზებს…
_ მე მაქვს ინფორმაცია სპეციალურ ჯგუფებზე, რომელიც შეამოწმებს ქარხნების მუშაობას, მაგრამ მე არ მჯერა მათი. ორ კვირაში თევზჭერის სეზონი მთავრდება და ისედაც აღარ იქნება სუნი. მერე იტყვიან, რომ მოაგვარეს პრობლემა. დარწმუნებული ვარ მომავალ წელს სუნი მაინც იქნება.
ქალაქში 3-4 წლის განმავლობაშია თევზის სუნი და აქამდე რატომ არ შექმნეს ეს ჯგუფი, ხომ იცოდნენ რომ ხალხი ამას წლების მანძილზე აპროტესტებდა. გამკეთებელი აქამდე გააკეთებდა. თევზის სეზონის მიწურულ პერიოდში რატომ აკეთებენ სამუშაო ჯგუფს? ეს დღეები შტორმის გამო ვერ გავიდნენ გემები ზღვაში და ვერ შეიტანეს ქარხნებში თევზი, ამიტომაც არ არის სუნი. ამბობენ, რომ პრობლემა მოგვარდა. მაგრამ ეს ხომ დროებითია?!
_ სოციალურ ქსელში ვრცელდება შენი ერთ-ერთი პირდაპირი ჩართვა, სადაც ამბობ, რომ დაიწყეს შენი დაშინება. შეგიძლია, აგვიხსნა რას გულისხმობ?
_ ნადვილად დაიწყეს ჩემი დაშინება, ხალხის მოგზავნა და მე ეს მიხარია _ ეტყობა, სერიოზულად მიმიღეს. მე შევქმენი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლისთვისაც ვეძებ ფინანსებს. მოვიდა ადამიანი, რომელიც ყველანაირ ფინანსურ უზრუნველყოფას მთავაზობდა. თუ მე დავთანხმდებოდი ამ შემოთავაზებას, იძულებული გავხდებოდი, ყველაფერი ისე მეკეთებინა, როგორც მეტყოდნენ. მე ვიცი, რომ ეს ადამიანი მოგზავნილი იყო. მინდა, მოგვარდეს ეს პრობლემა, ამიტომ უარი ვთქვ ი ამ შემოთავაზებაზე. მე მინდა ჩემი ორგანიზაცია სამართლიანი იყოს და არა ვინმეზე დამოკიდებული.
_ რა გეგმები გაქვთ მომავალში?
_ გადავწყვიტე, ეს პრობლემა კანონიერად მოვაგვარო. მაგალითად, გეგმაში მაქვს, მივიდე გარემოს დაცვის ინსპექციასთან და მოვთხოვო პასუხი, რატომ არაფერს არ აკეთებენ. რიონი ბინძურდება, ჰაერი ბინძურდება, ხალხი იწამლება. რადგან მე მარტო ვარ და მთელ ქალაქში მხოლოდ 20 კაცი აპროტესტებს ამ სუნს, გადავწყვიტე მარტომ მოვაგვარო ეს პრობლემა.