დღეს, დილით, ოზურგეთის მოსახლეობას ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, მრავალბინიანი სადარბაზოს შესასვლელებშიმ, სკვერებში, ხეებზე გაკრული ფოტოილუსტრაციები დახვდათ: _წარწერით: “ამ ადამიანებმა ქალაქ ოზურგეთს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი წაართვეს“.
აღნიშნულთან დაკავშირებით, კომენატრები ვთხოვეთ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს, რომელთა ფოტოებიც იხილა დღეს ოზურგეთის მოქალქეებმა:
ირინა საჯაია: „ვინ გამოაკრა პლაკატები, ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ, ვინც ეს გააკეთა, სამარცხვინო ადამიანია და უვიცი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს თვითმმართველობის შესახებ.
ვასილ ჩიგოგიძე: „ინფორმაცია არ მაქვს ამის შესახებ, თუმცა, ვიცი, რომ ეს ასეც იქნებოდა, რადგან საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატები დაგვემუქრნენ კიდეც ფოტოების გამოქვეყნებით. ესაა ტერორის და დაშინების მცდელობა, მაგრამ არაფერი გამოუვათ. მე ვარ რწმენით, რომ ყველაფერი კარგად იქნება“.
ლევან თოიძე: „წარმოდგენა არ მაქვს, ვინ გამოაკრა ეს პლაკატები. რაც შეეხება წარწერას, არ ვეთანხმები“.
ლავრენტი ბიგვავა: „ინიციატივა ,,ქალაქის მოღალატეების’’ სურათების გამოქვეყნების შესახებ საკრებულოს წევრების ე.წ. ,,ქალაქის პატრიოტებისაგან’’ მოდის. რა ქნან, მათ მეტი არ შეუძლიათ. არ ვთვლი თავს შეურაცხყოფილად. საკრებულოს ე.წ. ოპოზიციონერი წევრების ასეთი უზნეო ქმედება ჯდება მათი კვალიფიკაციის დიაპაზონში”.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე მმართველი გუნდის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს თვითმმართველი ერთეულების გაერთიანების საკითხს, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციონერი დეპუტატების განსჯის საგანი გახდა.
აღნიშნული ფოტოები წუხელ გვიან ღამით არის გაკრული.