ხანძარი, ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში ლოკალიზებულია, დარჩენილია მხოლოდ ცალკეული კერები. დაზარალებული მოვაჭრეების ნაწილმა უკვე მოახერხა ტერიტორიაზე შესვლა და მაღაზიების ნახვა, ნაწილმა კი პროდუქციაც გამოიტანა.
მოვაჭრეებს ხანძარის გამომწვევი კონკრეტული ვერსიები არ აქვთ, თუმცა ეჭვობენ, რომ ხანძარი განგებ გაჩნდა. ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბრისას ისინი გამორიცხავენ, რომ ცეცხლის გაჩენის მიზეზი ელექტრო სადენები გამხდარიყო, რადგან, მათი ინფორმაციით, ღამით ელეტქროენერგია ტერიტორიაზე ითიშება.
ფოთის ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც შერეული საქონლით ვაჭრობენ, ხანძარი დილის 7 საათზე გაჩნდა. ადგილზე სულ 150-მდე სავაჭრო ობიექტია განთავსებული. წინასწარი ინფორმაციით, 70-მდე მაღაზია დამწვარია.