საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას, რომ ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობას გაყიდიან, სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოყვა.
ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის “დატოვე პარლამენტი ქუთაისში “ ინიციატივით აქციას გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობის გადაწყვეტილებას, ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით , აპროტესტებენ.
მათი განცხადებით, პარლამენტის გაყიდვა საბოლოო განაჩენია ქუთაისისთვის. სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ებრძვიან ქუთაისის განვითარების პერსპექტივას. აქციაზე გაჟღერდა მოძრაობის მოქმედების გეგმა. აქტივისტები იბრძოლებენ იმისთვის, რომ ქუთაისში წარმატებული საარჩევნო კამპანია აწარმოონ მხოლოდ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც თავიანთ პროგრანაში ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას შეიტანენ. აქციის მონაწილეებს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ.
გიორგი გახარიამ ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან გუშინ კომენტარის გაკეთებისას განაცხადა.
“ქუთაისში პარლმანეტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ და ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტროს დაწყებული აქვს. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის იქნება ბევრად უფრო მეტი, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, ამ შენობასაც ექნება დატვირთვა, მან უნდა შეიძინოს ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი ფუნქცია. ქუთაისისთვის მომავალი რა შეიძლება იყოს? განათლება, მედიცინა, ტრანსპორტირება და კიდევ ბევრი რამე და არა მხოლოდ პარლამენტი“,_ განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს გიორგი გახარიამ.