“მადლობა ყველა თქვენგანს იმ უმნიშვნელოვანესი წვლილისთვის, რომელიც თქვენ შეგაქვთ აღმშენებლობის პროცესში, პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნების” გაძლიერების პროცესში. თქვენი წვლილი მომავალშიც იქნება უმნიშვნელოვანესი, ვინაიდან ჩვენ გვმართებს, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და ჩვენი საქმის შედეგი უნდა იყოს კეთილდღეობა საქართველოს თითოეულ ოჯახში,” _ ასე დაიწყო პრემიერმა თავისი გამოსვლა დაბა ურეკში, პარტია ქართული ოცნების” რეგიონულ კონფერენციაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლებას მოსახლეობისთვის სათმელი ბევრი აქვს:
“დღეს ჩვენ შეგვიძლია სიამაყით გადავხედოთ განვლილ პერიოდს და ჩვენ ნამდვილად გვაქვს სათქმელი ჩვენი მოსახლეობისთვის.
21 აპრილს 6 წელი შესრულდა პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნების” დაფუძნებიდან. ბიძინა ივანიშვილის გარშემო გაერთიანდა საქართველოს მოსახლეობა, რათა შეეცვალა ჩვენს ქვეყანაში მანამდე არსებული რეალობა. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი ცვლილება უპირველეს ყოვლისა აისახა მეტი თავისუფლების მოტანაში და ეს თავისუფლება დღეს ყველა ნაბიჯზე იგრძნობა.
დღეს ჩვენს ქვეყანაში აღარ ართმევენ ქონებას, არ ირღვევა ადამიანის უფლებები ყოველ ნაბიჯზე, მოსახლეობას აღარ აქვს ხელისუფლების შიში და რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაც ვითარდება იმ სწორი გზით, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა 2012 წლის არჩევნებით” _ განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერმა ვრცლად ისაუბრა ხელისუფლების მიერ გახორციელებულ პროგრამებზე და სამომავლო გეგმებზე:
“ჩვენ, რა თქმა უნდა, კარგად ვაცნობიერებთ იმ პრობლემებსაც, რომლებიც ჩვენს ქვეყანაშია. პრობლემა უამრავია, ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს კიდევ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის, მაგრამ თანმიმდევრული ნაბიჯებით, ჩვენ, რა თქმა უნდა, მივაღწევთ იმას, რომ კეთილდღეობა მივა საქართველოს თითოეული მოქალაქის ოჯახში. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი.
ჩვენი მთავარი მიზანი რა თქმა უნდა, გახლავთ ასევე ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. გამთლიანებისთვის არსებობს რეცეპტი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ” შემოიტანა – ეს არის პრაგმატული, სწორი და გონივრული საგარეო პოლიტიკა და ქვეყნის ეკონომიკურად გაძლიერება. ამას ვახორციელებთ ჩვეენ თქვენთან ერთად, თითოეული თქვენგანის მონაწილეობით და ეს აუცილებლად მიგვიყვანს სასურველ შედეგამდე” _ აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
სიტყვის გამოსვლისას მთავრობის მეთაურს არც გურიის კურორტები დავიწყებია:
_ გურიას აქვს ისეთი სიმდიდრე, რომლითაც არათუ რეგიონი, არამედ ბევრი დიდი ქვეყანაც კი ვერ დაიკვეხნის – ამ პატარა და ულამაზეს მიწაზე მთის კურორტებიც არის და ზღვისაც. ამიტომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ და დავტვირთოთ არსებული რესურსი და პოტენციალი. ეს ხალხისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იქნება, _ თქვა პრემიერ-მინისტრმა და იმ პროექტებზეც გაამახვილა ყურადღება, რომლებიც გურიაში ფონდ “ქართუს” დაფინანსებით გახორციელდა.