თქვენ ვერ შეელიეთ ვერც ერთ თანამდებობის პირს გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ და თქვენი პოლიტიკური გუნდისგან, რაიმე პასუხისმგებლობაზე საუბარი ცოტა უხერხულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, ელენე ხოშტარიას შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კერძოდ, ხოშტარია აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებით დაინტერესდა, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.
„სახელმწიფოს ჩართვით მოხდა საგანგაშო დანაშაული აფგან მუხთარლის მიმართ, რომელმაც მოკითხვა შემოგითვალათ. მუხთარლი სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე საუბრობს და თქვენი ინტერესი უნდა იყოს, რომ ამ კითხვებს გაეცეს პასუხი. ბევრი გამოუძიებელი საქმეებია, მაგრამ მუხთარლის საქმე ქვეყნის უსაფრთხოების თემაა“, – აღნიშნა ხოშტარიამ.
პრემიერის განცხადებით, სახელმწიფომ გააკეთა მკაცრი და ადეკვატური რეაგირება ამ ინციდენტზე.
„გთხოვთ, ნუ წარმოვაჩენთ ამას სახელმწიფო პრობლემად. ძალიან ცუდი ინციდენტი მოხდა, მაგრამ სანამ გამოძიება არ დასრულდება, ჩვენ არ ვიცით სინამდვილეში რა მოხდა“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ხოშტარიას თქმით, მისთვის ეს პასუხი მოსალოდნელი იყო. „ანუ გამოძიება წლები შეიძლება არ დასრულდეს, გასაგებია ეს ის პასუხია, რასაც ველოდით“, – განაცხადა ხოშტარიამ.
მის ამ რეპლიკას პრემიერმა კვლავ უპასუხა.
„დასურულებელ გამოძიებების სია თუ გნებავთ, იმდენი დაუსრულებელი გამოძიება და ჩადენილი დანაშაული არსებობს… პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება იმ გუნდისგან, რომელსაც თქვენ წარმოადგენთ, ცოტა უხერხულია. თქვენ დროს რომ ასეთი რამ მომხდარიყო, დარწმუნებული ვარ, არც ერთი თქვენგანი არ დატოვებდა თანამდებობას, თქვენ ვერ შეელიეთ ვერც ერთ თანამდებობის პირს გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ. და სანამ არ გამოვიდა ნახევარი თბილისი ქუჩაში, მოსაჩვენებლად არ დააპატიმრეთ ადამიანები, ვინც გარეული იყვნენ ამ საქმეში და ახლა რას მეუბნებით, მეტი რა უნდა გავაკეთოთ. ორი უმაღლესი ჩინის ადამიანი გათავისუფლდა და აიღეს პასუხისმგებლობა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.