“ლანჩხუთის მერიამ პრეტენდენტებს დისკვალიფიკაცია არასამართლიანად მიანიჭა”, _ ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელშიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 2017-18 საბიუჯეტო წლების შესწავლის შედეგად გარკვეული ხარვეზებია დაფიქსირებული შესყიდვების მიმართულებით.
“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა 2018 წელს ადმინისტრაციულ ერთეულებში სახურავების შეკეთების მიზნით ტენდერი გამოაცხადა, სავარაუდო ღირებულებით _ 86.2 ათასი ლარი. ტენდერში მონაწილეობდა ორი პირი და ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა შპს “გუდა 1979-მა” _ 70.0 ათასი ლარი. მუნიციპალიტეტმა პრეტენდენტს მიმართა ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების თაობაზე, მათ შორის, უნდა წარმოედგინა ხარჯთაღრიცხვა, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა ტენდერზე საბოლოოდ დაფიქსირებულ თანხასთან.
დოკუმენტაციის დაზუსტების შემდეგ კი, კომისიამ პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია იმ მოტივით მიანიჭა, რომ დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვის ერთ-ერთ პუნქტში შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა გაზრდილი იყო საპროექტო მონაცემებთან შედარებით. აღნიშნული უზუსტობა პრეტენდენტს დაშვებული ჰქონდა თავდაპირველად წარმოდგენილ ხარჯთაღრიცხვაშიც”, _ წერია აუდიტის დასკვნაში.
მოქმედი კანონმდებლობით, სატენდერო დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნისას, მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო გადაემოწმებინა ხარჯთაღრიცხვაში წარმოდგენილი მონაცემები და შეუსაბამობის შემთხვევაში, კონკრეტულად მიეთითებინა პრეტენდენტისთვის დასაზუსტებელი პოზიციის/ნაწილის შესახებ, რაც სატენდერო კომისიას არ განუხორციელებია.
ტენდერში, საბოლოოდ, გაიმარჯვა შპს “ჰაუს-ტოპი 2009-მ” და გაუფორმდა ხელშეკრულება, ღირებულებით _ 79.4 ათასი ლარი, რაც 9.4 ათასი ლარით აღემატებოდა დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებულ ფასს.
სახელმწიფო აუდიტმა პრეტენდენტის არასამართლიანი დისკვალიფიკაციის შემთხვევა 2018 წელს გამოცხადებულ საჭადრაკო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერზე გამოავლინა, რომლის სავარაუდო ღირებულება 86.4 ათასი ლარი იყო.
ტენდერში ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა შპს “გუდა 1979-მა” _ 74.4 ათასი ლარი, თუმცა, სატენდერო კომისიამ მას დისკვალიფიკაცია ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების გარეშე იმ მოტივით მისცა, რომ ხარჯთაღრიცხვის ერთ-ერთ პუნქტში შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა გაზრდილი იყო საპროექტო მონაცემებთან შედარებით.
“ვინაიდან ხარჯთაღრიცხვის კორექტირებით შესყიდვის ღირებულება არ იზრდებოდა, მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო, მიემართა პრეტენდენტისთვის დოკუმენტაციის დაზუსტებაზე”, _ ამბობს აუდიტი.
საბოლოოდ, ტენდერში გაიმარჯვა შპს “დიდგორმა”, შეთავაზებით _ 85.0 ათასი ლარი, რაც 10.6 ათასი ლარით აღემატებოდა დისკვალიფიცირებული პრეტენდენტის მიერ შეთავაზებულ ფასს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მერიამ, შესყიდვების გახორციელების პროცესში ვერ უზრუნველყო საბიუჯეტო სახსრების რაციონალური ხარჯვა.
შემსყიდველმა ორგანიზაციამ პრეტენდენტების მიმართ გამოიყენა არასამართლიანი მიდგომა. ამასთან, სატენდერო კომისიამ დაარღვია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, სათანადოდ არ შეისწავლა სატენდერო დოკუმენტაცია, რამაც, საბოლოოდ, გამოიწვია ყველაზე დაბალი ფასის მქონე
პრეტენდენტების დისკვალიფიკაცია.
ამასთან, შესყიდვების პროცესის არასწორად წარმართვის გამო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 20.0 ათასი ლარი დაიხარჯა არაეკონომიურად.
აუდიტის სამსახური მიმართავს რეკომენდაციით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიას სახელმწიფო შესყიდვების პროცესი წარმართოს ისე, რომ უზრუნველყოს პრეტენდენტების მიმართ სამართლიანი და ერთგვაროვანი მიდგომა. ყურადღება გაამახვილოს და სათანადოდ შეისწავლოს დაბალფასიანი პრეტენდენტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რათა არ დაუშვას კანონმდებლობის შეუსაბამო გადაწყვეტილებების მიღება. ასევე, აუდიტი მოუწოდებს მუნიციპალიტეტს შეისწავლოს კონკრეტული ფაქტები, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და გაატაროს მათ მიმართ შესაბამისი ღონისძიებები.
შესწავლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა გარკვეული სახის შეუსაბამობები გამარტივებულ შესყიდვებშიც გამოავლინა.
“ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა შესყიდვის პროცედურები ისე წარმართა, რომ 2017 წლის ტურისტული სეზონისთვის პროექტის გახორციელება ვერ მოასწრო, ხელშეკრულება 3 თვის დაგვიანებით გააფორმა და ვერც წლის ბოლომდე დაასრულა პროექტი”, _ ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში.
2017 წელს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა გამარტივებული შესყიდვის გზით მდინარე სუფსაზე მოტივტივე ნარჩენების დამჭერი მოწყობილობის განთავსება დაგეგმა. აღნიშნულის თაობაზე, 2017 წლის 17 ივლისს მერიამ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა, რომელმაც 2017 წლის 19 ივლისს თანხმობა მისცა. გამარტივებული შესყიდვის მოტივი იყო სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარება, რადგან მდინარე სუფსის მიერ შავ ზღვაში შეტანილი დიდი ოდენობით ნარჩენები ხელს უშლიდა საკურორტო სეზონის ჩატარებას.
როგორც აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, პროექტის გასახორციელებლად, საქართველოს მთავრობამ თანხა 2017 წლის 24 ივლისს გამოყო, ხოლო მუნიციპალიტეტმა 3 თვის შემდეგ, 2017 წლის 18 ოქტომბერს ხელშეკრულება შპს “ზეტ ქონსთრაქშენს” გაუფორმა, ღირებულებით _ 166.4 ათასი ლარი.
“ხელშეკრულებით, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 6 დეკემბერს, თუმცა, მიმწოდებელმა დაარღვია შესრულების ვადები და საბოლოოდ, პროექტი დაასრულა 2018 წლის 25 იანვარს. ლანჩხუთის მერიამ კი მიმწოდებელს აუნაზღაურა შესრულებული სამუშაოების ღირებულება _ 158.4 ათასი ლარი”, _ წერია ანგარიშში.
საგულისხმოა, რომ ობიექტი მწყობრიდან რამდენიმე თვეში გამოვიდა და აუდიტის მიმდინარეობის პერიოდშიც არ ფუნქციონირებდა.
“ამასთან, საპროექტო დოკუმენტაცია შედგენილია სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის _ შპს “ზეტ ქონსთრაქშენის” მიერ. აღნიშნული წარმოშობს რისკს იმისა, რომ პროექტი უხარისხოდ იყო შედგენილი, რაც დადასტურდა ფაქტობრივი გარემოებით. მოწყობილობა მიღება-ჩაბარებიდან 6 თვეში დაზიანდა. საგარანტიო პერიოდში მერიამ მიმართა მიმწოდებელს დაზიანების გამოსასწორებლად. მიმწოდებლის მიერ დაზიანების აღმოფხვრის მიუხედავად, ნარჩენების დამჭერი მოწყობილობა კვლავ დაზიანდა. პრობლემის მოსაგვარებლად დამატებითი ღონისძიებები მერიას არ განუხორციელებია”.
სახელმწიფო აუდიტის დასკვნის მიხედვით, მუნიციპალიტეტის არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, რომ ტურისტული სეზონის მოახლოების გამო, პროექტი უნდა გახორციელებულიყო გამარტივებული შესყიდვის გზით შემჭიდროვებულ ვადებში, ვერ ჩაითვლება საკმარის და შესაფერის მტკიცებულებად. ვინაიდან მუნიციპალიტეტმა შესყიდვის პროცედურები წარმართა იმგვარად, რომ 2017 წლის ტურისტული სეზონისთვის ვერ მოასწრო პროექტის გახორციელება, ხელშეკრულება 3 თვის დაგვიანებით გააფორმა და ვერც წლის ბოლომდე დაასრულა პროექტი.
“აუდიტის ჯგუფმა ვერ მიიღო შესაბამისი რწმუნება იმისა, თუ რამდენად აუცილებელი იყო გამარტივებული შესყიდვის გზით პროექტის შეძენა. მუნიციპალიტეტს შეეძლო აღნიშნული სამუშაოები შეესყიდა ტენდერის გზით. აღნიშნულით მერიამ დაკარგა სატენდერო ეკონომიის მიღების შესაძლებლობა. გარდა ამისა, 2018 წელს დასრულებული პროექტი დაზიანებულია და არ ფუნქციონირებს. ამდენად, მუნიციპალიტეტმა გასწია 158.4 ათასი ლარის არაეფექტიანი ხარჯი”, _ წერია ანგარიშში.
აუდიტის რეკომენდაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიზანშეწონილია, შეიმუშაოს გამარტივებული შესყიდვის გზით გასახორციელებელი სამშენებლო სამუშაოების ფაქტობრივი დანახარჯების დათვლის მეთოდი და კონკრეტული წესი, რომელიც შესაბამისობაში იქნება მოქმედ კანონმდებლობასთან.
“აღნიშნული ხელს შეუწყობს, სამშენებლო სამუშაოების მიწოდებაზე გაფორმებული გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებების ფარგლებში საბიუჯეტო სახსრების ეკონომიურ ხარჯვას. მუნიციპალიტეტმა შეისწავლოს კონკრეტული ფაქტები, გამოავლინოს პასუხისმგებელი პირები და გაატაროს მათ მიმართ შესაბამისი ღონისძიებები”, _ წერია აუდიტის დასკვნის სარეკომენდაციო ნაწილში.