საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტთან დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა. პრეზიდენტთან კონსტიტუციის პროექტზე მსჯელობაზე უარი მმართველმა გუნდმა თქვა.
„ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ კონსულტაციების ხელახლა დაწყება ამ ეტაპზე არის უადგილო, ვინაიდან ორი მოსმენით უკვე მიღებული კონსტიტუციის ახალი პროექტი და მასში ცვლილებები ვეღარ შევა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამბობენ, რომ ხელისუფლება არანაირ დათმობაზე წასვლას არ აპირებს, შესაბამისად მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის მხრიდან საუბარი დიალოგზე აბსურდულია. საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები საკუთარ მოთხოვნებზე საუბრობენ.
„მათ არანაირი შანსი არ აქვთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში, რომ 2020 წლის არჩევნებში დარჩნენ ხელისუფლებაში, ამიტომ მათ არაფერი სხვა არ აინტერესებთ, არანაირი სხვა მოსაზრება გარდა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგისა არ ამოძრავებთ კონსტიტუციასთან მიმართებაში”, _ განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ხელისუფლებას ტყუილის ტირაჟირებაში ადანაშაულებს „ევროპული საქართველოც“.
„ამ ხელისუფლებას ერთადერთი რისი რესურსიც გააჩნია ეს არის ტყუილის ტირაჟირება. ზოგადად, ისინი ბოლო პერიოდში რასაც მთლიანად ამ პროცესთან მიმართებაში აკეთებენ, ეს არის უტიფრად მოტყუება როგორც პროცესის ყველა მონაწილის ქვეყნის შიგნით, ასევე, ქვეყნის გარეთ. ჩვენი პრინციპული მოთხოვნაა, რომ პროექტი დაბრუნდეს მეორე მოსმენაზე, სადაც მოხდება ცვლილებების შეტანა”, _ აცხადებს გიორგი ტუღუში.