დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული მწვავე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების შესამსუბუქებლად, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ინიციატივით მიმართა.
“საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მდგომარეობა გართულებულია რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. 2023 წელს საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა საქართველოს ორი მოქალაქე – თამაზ გინტური და ვიტალი კარბაია მოკლეს. აფხაზეთში გააქტიურებულია ანექსიური პროცესები – სამხედრო ფლოტის განთავსება ოჩამჩირეში, სოხუმის აეროპორტის და ბიჭვინთის აგარაკების ტერიტორიის რუსეთის სახელმწიფოს ფაქტობრივ საკუთრებაში გადაცემა.
მოსახლეობისთვის ყველაზე მწვავე პრობლემა სიღარიბე და უმუშევრობაა; ბორდერიზაციის პირობებში მაცხოვრებელ მოსახლეობას გატაცების და უკანონო დაკავებების მუდმივ შიშში უწევს ცხოვრება.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მიმართავს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს:
- საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებს მიენიჭოს სპეციალური დასახლების სტატუსი, რაც ამ სოფლების მოსახლეობას შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური შეღავათებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.
- სპეციალური დასახლების სტატუსის მინიჭებამდე, საოკუპაციო ხაზთან მდებარე 116-ივე სოფელზე გავრცელდეს საქართველოს კანონით „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ” დადგენილი შეღავათები”,_ ნათქვამია მიმართვაში.