“პუბლიკას” ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პოეტ ზვიად რატიანის პროცესი გაიმართა, სადაც პროკურორმა დასკვნითი სიტყვა თქვა.
გიორგი გოგალაძემ ისაუბრა ბრალის დადგენილებაზე და თქვა, რომ ზვიად რატიანი თავს დაესხა პოლიციელ თეიმურაზ მიშველაშვილს მაშინ, როდესაც პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა. პროკურორმა განაცხადა, რომ რატიანის მიერ დანაშაულის ჩადენის მოტივი შეიძლება ყოფილიყო „შურისძიება, სიძულვილი პოლიციელის მიმართ“.
„ზვიად რატიანმა, ვიდრე ხელს გაარტყამდა, ჯერ პოლიციელებს ჰკითხა, მოსწონდათ თუ არა, რომ სილის გაწვნის გამო ქალი იმყოფებოდა ციხეში, შემდეგ იკითხა, რომელი იყო პოლიციელების ხელმძღვანელი და ხელმძღვანელის გამოკვეთის შემდეგ მოულოდნელად გაარტყა ხელი, რა დროსაც დაზარალებულმა იგრძნო ძლიერი ტკივილი და სიმხურვალე…
ზვიად რატიანი მოქმედებდა პოლიციელის მიმართ, დაესხა თავს თეიმურაზ მეშველაშვილს, შესაბამისად, ბრალდებულის მიმართ უნდა გამოტანილ იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და გათვალისწინებულ იქნას, რომ თეიმურაზ მეშველაშვილს მის მიმართ გააჩნია პრეტენზია და განაჩენი უნდა იყოს მკაცრი”, – თქვა პროკურორმა.


































































