“პროფესიული განათლების შესახებ” კანონში ცვლილებელია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით “ვიწყებთ სრულიად ახალ ეტაპს ევროპაში არსებული თანამედროვე მოდელების გათვალისწინებით”:
“ეს გახლავთ ძირითადად გერმანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში აპრობირებული მოდელები. ცვლილებები გულისხმობს პროფესიული განათლების ახალი სისტემის შექმნას”, _ განაცხადა კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, პროფესიულ განათლებაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის ინტეგრაცია მოხდება:
_ ჩნდება ატესტატის მიღებისა და პროფესიული განათლებიდან უმაღლესი განათლების საფეხურზე გადასვლის შესაძლებლობა.
ცვლილებები ასევე ქმნის პროფესიული განათლების საფეხურზე მიღებული კრედიტების უმაღლესი განათლების საფეხურზე ჩათვლის შესაძლებლობას;
მოხდება სამუშაოზე დაფუძნებული – ე.წ. დუალური სწავლების ფორმის განსაზღვრა და მისი პრიორიტეტიზაცია;
ცვლილებები ასევე აჩენს ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობას;
ჩამოყალიბდება პროფესიული მომზადებისა და გადამზადების სისტემა, არა მხოლოდ ახალგაზრდებისთვის, არამედ ზრდასრულთათვის განხორციელდება მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მიზანი ერთ შემთხვევაში შეიძლება იყოს კვალიფიკაციის მინიჭება, ხოლო მეორე შემთხვევაში – ცალკეული კომპეტენციების განვითარება, ცოდნის გაღრმავება, გადამზადება და ა.შ.
დაინერგება ინკლუზიური განათლების სისტემური მიდგომები;
სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების, მათ შორის, სწავლის პროცესში შექმნილი პროდუქციის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის უფლება მიენიჭებათ, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია;
ჩამოყალიბდება მასწავლებლების მომზადების, კარიერული წინსვლის სისტემა;
იქმნება არაფორმალური და ფორმალური განათლების აღიარების შესაძლებლობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია;
კანონპროექტი სრულ შესაბამისობაშია ევროსტანდარტებთან, მათ შორის, ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებთან, _ განაცხადა პრემიერმა.