მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, საქართველოს ეროვნული აკადემიის საპატიო აკადემიკოსმა მამუკა მდინარაძემ ,,გურია ნიუსს“ საკუთარი სოციალური მდგომარეობის შესახებ უამბო. როგორც პროფესორი გვეუბნება, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების ნახევარი ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას შეალია, დღეს თავად გახდა გაჭირვების მსხვერპლი. პროფესორი იმასაც გვეუბნება, რომ დღეს უამრავი ადამიანი შიმშილობს, რომლებსაც ხელისუფლების დახმარება სჭირდებათ.
,,პროფესორი გახლავართ, 180 ლარი მაქვს პენსია. იქნებ ხელისუფლებამ ოდნავი გულმოდგინება მაინც გამოიჩინოს და მოგვაქციოს ყურადღება. 30 წელია ადამიანის ჯანმრთელობის სადარაჯოზე ვდგავარ და ბოლოს რა მივიღე? თვითონ გავხდი გაჭირვების მსხვერპლი.
დღეს თანხები ,,პლუტოსურად“ ნაწილდება. აი, პლუტოსი რომ იყო სიმდიდრის ღმერთი და თავის კლანს ამდიდრებდა და სხვას აღატაკებდა. მაღალჩინოსნებს 10 000-ით აქვთ შემოსავალი და ის მაღალჩინოსნები, ჩვენ, პროფესორებმა არ აღვზარდეთ? იცით, მეუბნებიან ცუდი შვილები გაგიზრდიათო.
ხელისუფლება, სიღატაკის ზღვარზე ვართ მისული, ხალხი შიმშილობს, პროფესორებს პურის ფული გვენატრება, ქუჩებსა და მატარებელში უამრავი გაჭირვებული ადამიანი დგას იმისთვის, რომ კაპიკები იშოვოს.
მუხრან მაჭავარიანი, ჩვენი დიდი პოეტი ამბობდა, სანამ ისეთი დიდი ადამიანები არ გამოვლენ ასპარეზზე, როგორიც დავით აღმაშენებელი იყო, არაფერი გვეშველებაო. დღეს ასეთია პროფესორების ბედი. ასეთია იმ ადამიანების ყოველდღიური სიღატაკე, რომლებმაც თავიანთი ცხოვრება ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვას შეალიეს“, _ უთხრა ,,გურია ნიუსს“ მამუკა მდინარაძემ.
,,გურია ნიუსი“ დაინტერესდა, რა სახის დახმარებას უწევს სახელმწიფო პროფესორებს. კომენტარისთვის თბილისის მერიას დავუკავშირდით, თუმცა მერიამ განათლების სამინისტროსთან გადაგვამისამართა. განათლების სამინისტროში განგვიცხადეს, რომ ეს თემა მათ არ ეხებათ. ამის შემდეგ ჯანდაცვის სამინისტროს დავუკავშირდით, სადაც გვითხრეს, რომ არსებობს სოციალური დახმარების პაკეტები, თუმცა, პროფესორებზე 180 ლარის გარდა, დამატებით თანხა არ გაიცემა. ხოლო კითხვაზე მიმართა თუ არა მდინარაძემ დახმარებისთვის სამინისტროს? _ აცხადებენ, რომ ინფორმაცია კონფიდენციალურია და კითხვაზე პასუხის გაქცემის უფელბა არ აქვთ.