დღეს სახალხო დამცველმა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
როგორც სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ანგარიშთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს:
„როგორც წესი, ანგარიშებიდან მსგავს მძიმე შემთხვევებს არ ვციტირებ, თუმცა, ამჯერად, ალბათ, საჭიროა, რადგან სხვაგვარად ის მწვავე პრობლემები, რაც ამ სფეროში დღემდე გვაქვს ქვეყანაში, საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი დარჩება – “ხანგრძლივი დაყოვნების ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებაში გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც საერთოდ ვერ მოხერხდა პაციენტის ორსულობის ფაქტის დადგენა. ამის თაობაზე სტაციონარის მედპერსონალმა მხოლოდ მას შემდეგ შეიტყო, რაც ქალმა 36-37 კვირის გესტაციურ ვადაზე დაუხმარებლად იმშობიარა დაწესებულების საპირფარეშოში.
აღსანიშნავია, რომ პაციენტი სტაციონარულ ფსიქიატრიულ დახმარებას ორსულობის განმავლობაში 2 სხვადასხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იღებდა, თუმცა ორსულობის ფაქტი ვერცერთ ამ დაწესებულებაში ვერ დაუდგინეს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დაწესებულებებში ხელშეკრულებით დასაქმებულია კონსულტანტი გინეკოლოგი. ჩანაწერის თანახმად, პაციენტი იყო გინეკოლოგთან კონსულტაციაზე, თუმცა ექიმმა ვერ მოახერხა ორსულობის გამოვლენა, მათ შორის, ვერც ორსულობის ბოლო ტრიმესტრში. ორსული ქალი, ორსულობის მთელი პერიოდის განმავლობაში იღებდა ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რაც დიდი რისკის შემცველი იყო ნაყოფისთვის.
აღნიშნული შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს ფსიქიატრიულ სტაციონარულ დაწესებულებებში ხელშეკრულებით დასაქმებული კონსულტანტ-გინეკოლოგების საქმიანობის ფორმალურ ხასიათს.”