ქარტია ხელისუფლებას ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს.
“გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის 5 ივლისს ქარელის მუნიციპალიტეტში არაფხიზელ მდგომარეობაში პირები „ტვ მონიტორინგის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.
შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ჟურნალისტი შოთიკო სადაღაშვილი და ოპერატორი თორნიკე გელიტაშვილი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. მოძალადეებმა მედიის წარმომადგენლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აპარატურის დამტვრევა სცადეს.
გარდა ამისა, ტელეკომპანიის განცხადებით, მოძალადე ჯგუფი მედიის წარმომადგენლებს პასუხს იმის გამოც სთხოვდა, რომ ტელევიზიას “დასავლური კურსი აქვს აღებული და მათი მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციას ეწინააღმდეგება”.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს “ტვ მონიტორინგის” გადამღებ ჯგუფზე განხორციელებულ ძალადობას და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს.
ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, სწრაფად და ეფექტიანად გამოიძიოს მომხდარი ფაქტები”,_ ნათქვამია განცხადებაში.