ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს, ყველაფერი მოპარული უკრაინას უნდა დაუბრუნდეს, – ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლი, მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე ყირიმში, ქერჩის ხიდზე მომხდარ აფეთქებას
,,ყირიმის ხიდი – ეს მხოლოდ დასაწყისია.
ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს, ყველაფერი მოპარული უნდა დაუბრუნდეს უკრაინას, ყველაფერი, რაც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, უნდა განიდევნოს“, – წერს პოდოლიაკი.
ცნობისთვის, რუსული მედიის ინფორმაციით, ყირიმში, ქერჩის ხიდზე სატვირთო მატარებელზე მიმაგრებულ საწვავის ავზს ცეცხლი გაუჩნდა. აფეთქების შედეგად დაზიანებულია საგზაო და სარკინიგზო გზები.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, საწვავის ავზს ცეცხლი გაუჩნდა სატვირთო მატარებელზე, რომელიც ხიდზე გადადიოდა. ამის შესახებ ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელის მრჩეველმა ოლეგ კრიუჩკოვმა განაცხადა, მოგვიანებით კი ყირიმის რკინიგზის პრესსამსახურმა დაადასტურა.
“საზღვაო თაღები არ არის დაზიანებული. მიზეზებსა და შედეგებზე საუბარი ნაადრევია. მიმდინარეობს მუშაობა ხანძრის ჩასაქრობად”, – წერს კრიუჩკოვი ტელეგრამის არხზე.
მოგვიანებით, რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ ყირიმის ხიდზე სატვირთო მანქანა ააფეთქეს, რამაც მატარებლის შვიდი საწვავის ავზის ანთება გამოიწვია.
მოსკოვის მიერ დანიშნულმა ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა თავის ტელეგრამაში დაადასტურა, რომ „ავარიული შემთხვევის შედეგად ჩამოინგრა კრასნოდარიდან ქერჩისკენ მიმავალი სავალი ნაწილის ორი ნაწილი“.
„ამავდროულად, ცეცხლი გაუჩნდა საწვავის ავზებს, – წერს აქსენოვი.
ქერჩის ხიდი, რომელიც 2018 წელს გაიხსნა, ყირიმს რუსეთის სატრანსპორტო ქსელთან აკავშირებს.
ავტორი