ჯონ როკფელერი – კაპიტალი: 318 მილიარდი დოლარი
ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანი და სიმდიდრის სინონიმად წოდებული ჯონ როკფელერი ცოცხალი რომ ყოფილიყო, თავისი კაპიტალით იგი პირველობას არავის დაუთმობდა. როკფელერს ახალგაზრდობაში ორი ოცნება ჰქონდა: ეშოვა 100 მილიონი დოლარი და ეცოცხლა 100 წლამდე. პირველი ოცნება მან იოლად აისრულა, ხოლო მეორის ასრულებას სულ ორი წელი დააკლდა – როკფელერი 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. უბრალო ბუღალტრის თანამდებობით დაწყებული კარიერა შემდგომში მსხვილ ბიზნესმენად გადაიქცა და ბოლოს ყველა დროის ყველაზე დიდი სანავთობო კომპანია – „სტანდარტ ოილი” დააარსა. როკფელერის კომპანია ამერიკის ყველა დროის ყველაზე მსხვილ მონოპოლისტ კომპანიად იქცა, რომელიც ნავთობის ბაზრის 90 პროცენტს აკონტროლებდა. ბიზნესთან ერთად, როკფელერი ქველმოქმედებითაც იყო დაკავებული და თავისი დროის ერთ–ერთ ყველაზე მსხვილ ფილანტროპად ითვლებოდა. მისი სახელობის საქველმოქმედო ფონდი დღემდე ფუნქციონირებს.
ენდრიუ კარნეგი – კაპიტალი: 298,3 მილიარდი დოლარი
ენდრიუ კარნეგი ამერიკაში შოტლანდიიდან ემიგრირდა ბავშვობაში. 13 წლის ასაკიდან იგი მუდმივად მუშაობდა, ხან მუშად ტექსტილის ფაბრიკაში, ხან კი – ტელეგრაფისტად. 20 წლის ასაკში მან პირველი ინვესტიცია განახორციელა – 500 დოლარი კომპანია „ადამ ექსპერსში”, მეცხრამეტე საუკუნის „ფედექსში” ჩადო. მოგვიანებით კარნეგი სარკინიგზო ინვესტიციებზე გადაერთო, ხოლო 30 წლის ასაკში სანავთობო და სანაოსნო ბიზნესები აითვისა. თავისი კაპიტალის უდიდესი ნაწილი კარნეგიმ ფოლადის დამუშავებისა და წარმოების ხარჯზე გამოიმუშავა, ხოლო 1901 წელს, 66 წლის ასაკში, ბიზნესიდან წავიდა. ენდრიუ კარნეგი, როკფელერთან ერთად, იმ დროის უმსხვილესი ფილანტროპი გახლდათ – მან თავისი ქონების 90 პროცენტი ქველმოქმედებაზე დახარჯა
უილიამ ჰენრი ვანდერბილტი – კაპიტალი: 231,6 მილიარდი დოლარი
უილიამ ჰენრი ვანდერბილტი იღბლიან ვარსკვლავზე დაიბადა. იგი, დონალდ ტრამპის მსგავსად ბიზნესში სერიოზული „ზურგით“ მოვიდა – მამისგან მემკვიდრეობით 100 მილიონი დოლარი მიიღო. კორნელიუს („კომანდორ”) ვანდერბილტის დაარსებული იმპერია უილიამმა მოგვიანებით უფრო ძლიერი გახადა და საქებარი სიტყვები დაიმსახურა მამისგან, რომელიც შვილს ხშირად აკრიტიკებდა. უილიამ ვანდერბილტი 1885 წელს გარდაიცვალა და იმ დროისთვის იგი პლანეტის უმდიდრესი ადამიანი გახლდათ.
ენდრიუ მელონი – კაპიტალი: 188,8 მილიარდი დოლარი
ენდრიუ მელონი, ცნობილი ამერიკელი ბანკირის, ბანკ „მელონ ბანკის” დამფუძნებლის, თომას მელონის შვილი, 17 წლის ასაკიდან საოჯახო ბიზნესში იყო ჩართული. 27 წლისთვის ენდრიუ ბანკის სრულუფლებიანი მმართველი გახდა და, ამას გარდა, ჩართული იყო ნავთობის, სანაოსნო და ფოლადის წარმოების ბიზნესში. 1921 წელს ამერიკის პრეზიდენტმა უორენ ჰარდინგმა ენდრიუ მელონი ფინანსთა მინისტრის პოსტზე დანიშნა და ამ თანამდებობაზე მან სამი პრეზიდენტის ყოფნის პერიოდში იმსახურა. მელონის მინისტრობისას შემცირდა ფედერალური ხარჯები და გაიზარდა ფედერალური შემოსავალი.
ჰენრი ფორდი – კაპიტალი: 188,1 მილიარდი დოლარი
ის გახლავთ ამ რეიტინგის ალბათ ყველაზე ცნობილი წევრი, რომელმაც სათავე დაუდო საავტომობილო წარმოების აღორძინებას. ჰენრის მშობლები უბრალო ფერმერები იყვნენ, მას კი ინჟინრობა უფრო იტაცებდა. ამის გამო, მან 16 წლის ასაკში მიატოვა სახლი და თომას ედისონის კომპანიაში მოეწყო სამუშაოდ, ხოლო 36 წლის ასაკში თავისი პირველი საავტომობილო კონცერნი „დეტროიტ აუტომობილ კომპანი” გახსნა. ავტოწარმოების ისტორიაში ჰენრი ფორდის ფიგურა ლეგენდარული ადამიანის სტატუსს ატარებს. ყველაფერთან ერთად, მან პირველმა დანერგა ფართო წარმოებაში საკონვეიერო საქმიანობა.
ავტორი