ყინულის სამკურნალო თვისებაზე ჯერ კიდევ ჰიპოკრატეს, ავიცენას ნაშრომებში და უფრო ადრეული ხანის წყაროებშია ლაპარაკი.
ყინულით მკურნალობა – კრიოთერაპია დღესაც აქტუალურია. მას იყენებენ, როგორც შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებას და ეფექტის მიღწევა შეიძლება მაშინ, როდესაც მას რაც შეიძლება ადრე გამოიყენებენ. ამიტომაც ჰემატომის, დაჟეჟილობის, ნაღრძობის ან მოტეხილობის დროს რეკომენდებულია ყინულის დადება ტრავმიდან არა უგვიანეს 6 საათისა. თუ დრო გასულია, კრიოთერაპიას აზრი აღარა აქვს, მტკივნეული ადგილი უკვე შეშუპებულია და მისი გაწოვისთვის სითბოა საჭირო.
ყინული საუკეთესო ტკივილგამაყუჩებელია. შეუძლია შეამციროს პერიფერიული ნერვული რეცეპტორების მგრძნობელობა. მაგალითად, ცივი პროცედურებით შეიძლება თავის ტკივილის მოხსნა. ამისთვის საჭიროა 1-2 წუთით ჩადგეთ კოჭებამდე ცივ წყალში, ფეხები ამოძრავეთ ენერგიულად, შემდეგ ფეხები სწრაფად გაიმშრალეთ, ჩაიცვით წინდები და იარეთ 10 წუთის განმავლობაში.
დამწვრობის დროს ცივი წყალი პირველი დამხმარე საშუალებაა. დამწვრობის ფართობს სწორედ სიცივის ზემოქმედება ამცირებს.
დამწვრობის დროს დაიხსომეთ მთავარი: რაც უკეთ გააცივებთ დამწვარ ადგილს, მით უფრო სწრაფად გაივლის. კანი და უჯრედები კვდება არა მარტო უშუალოდ ცხელთან ან ცეცხლთან კონტაქტის დროს, არამედ შემდეგაც. ცივი წყლით ზემოქმედების დროს მცირდება ეს პროცესი, ის იცავს ქსოვილებს უფრო ღრმა დაზიანებისგან. პირველი დახმარებაა – დამწვარი კანი შეუშვიროთ არანაკლებ 20 წუთისა, გამდინარე წყალს.
კრიოთერაპია საუკეთესო გამაკაჟებელი მეთოდია, აძლიერებს ორგანიზმის დამცველ ფუნქციას. იმუნიტეტის გასაძლიერებლად აუცილებელი არ არის ცივ წყალში ჩაყურყუმელავება, საკმარისია, ყოველდღე მიიღოთ კონტრასტული შხაპი, იცურაოთ აუზში ან გააკეთოთ დილის ტანვარჯიში ჰაერზე (აივანზე, ღია ფანჯარასთან), ეს პროცედურები აძლიერებს ორგანიზმს დაავადებებთან საბრძოლველად.
კრიოსაუნის დახმარებით ძლიერ იმპულსს იღებს სისხლის მომარაგების სისტემა, ის ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას, აძლიერებს იმუნიტეტს. კრიოსაუნა ასევე ძალიან სასარგებლოა კანის სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ.