ქორწინების იძულების ბრალდებით 35 წლის კაცი დააკავეს ახალქალაქში. რეგიონული გამოცემის “სამხრეთის კარიბჭე” ცნობით, კაცი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკაში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალზე, ქორწინების მოტივით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდა.
ბრალდებული სსკ-ს 1501 მუხლით არის დაკავებული, რაც ქორწინების (მათ შორის, არარეგისტრირებულის) იძულებას გულისხმობს. დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
გამოცემა წერს, რომ სამართალდამცავ უწყებას ქალმა 10 ნოემბერს მიმართა. მიმართვის შემდეგ, 11 ნოემბერს, მოძალადის მიმართ პოლიციამ შემაკავებელი ორდერი გამოსცა და ელექტრონული ზედამხედველობა დააწესა.