ეკონომიკის ექსპერტი მიხეილ დუნდუა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს, სადაც ბოლო პერიოდში კომერციული ბანკების მოგების ზრდაზე საუბრობს, რასაც დუნდუა მოსახლეობის ვალებს უკავშირებს.
“საერთაშოროსო სავალუტო ფონდის ანგარიშის მიხედვით, კომერციულ ბანკებში დავალიანების მქონე ადამიანების სიჭარბით საქართველო მსოფლიოში მეორე ადგილზეა _ 1 000 ადამიანზე 676-ს ბანკის ვალი აქვს (2015წ).
ფიზიკური პირების სესხის დაფარვის გრაფიკი ისე უნდა იყოს განაწილებული, რომ ყოველთვიურად პირადი შემოსავლის 30%-ზე მეტს არ იხდიდეს, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხისთვის კი _ 20 %-ზე მეტს.
2012 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ეროვნულმა ბანკმა, შეიძლება ითქვას, განზრახ, სრულიად უყურადღებოდ დატოვა მოსახლეობის ჭარბვალიანობის პრობლემა. სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო აქტიური საბანკო სარეკლამო შეთავაზებები _ “გთავაზობთ სესხს შემოსავლების დადასტურების გარეშე!“. ევრორეგულაციების მიხედვით, შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხის გაცემა მკაცრ სანქციებს ექვემდებარება, სესხის დაფარვის გრაფიკი კი, მოქალაქის შემოსავლის ადეკვატური უნდა იყოს. იმედისმომცემია, რომ ეროვნული ბანკის ახალი ხემძღვანელობის პირობებში ოფიციალურად გაცხადდა სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესრულების მზაობა. პრობლემა უნდა მოგვარდეს, რომ საბანკო სექტორი აქტიურად ჩადგეს ეკონომიკის განვითარების და არა ჭარბვალიანობის დამძიმების სამსახურში”, _ წერს მიხეილ დუნდუა.