ექიმებმა განგაში ატეხეს – ყურის საწმენდი ჩხირების გამო პატარებს სულ უფრო ხშირად უჩნდებათ საცობები ყურებში, რაც იწვევს ტკივილს და სმენის გაუარესებას, შუა და შიგნითა ყურის ოტიტს, სერიოზულ დაზიანებებს.
საქმე ის არის, რომ ამ ჩხირების მეშვეობით, რომლებიც თითქოსდა ყურების საწმენდად არის გამოსაყენებელი, სინამდვილეში უკან, შიგნით ვაბრუნებთ გოგირდს და არ ვაძლევთ გამოსვლის საშუალებას. რაც უფრო ხშირად მეორდება ეს პროცედურა, ყურში სულ უფრო ხშირად ვითარდება საცობი.
გარდა ამისა, თუ ჩხირს არასწორად იხმართ, შეიძლება დაზიანდეს შიგნითა სივრცე. ხშირად ბავშვები თავადაც იყენებენ ამ ჩხირებს და არაერთხელ მსგავსი მცდელობები ტრავმებით დამთავრებულა.
მაშ, როგორ უნდა გაუწმინდოთ ბავშვს ყურები? ექიმები ამბობენ, რომ ჩვეულებრივი პატარა ნაჭრით, სუფთა თხელი პირსახოცის ან ცხვირსახოცის მეშვეობით, რომელსაც თითზე მოირგებთ, უბრალოდ უნდა მოუწმინდოთ ის სივრცე, რომელიც ჩანს. შიგნითა სივრცეს კი საერთოდ უნდა დაანებოთ თავი. გოგირდს აქვს თავისი ფუნქციები ყურში და ის ზედმეტად არ გამოდის გარეთ. გარეთა ყურში გამოსულ გოგირდს და უბრალო ჭუჭყს კი ჩვეულებრივ შეგიძლიათ “ებრძოლოთ”, ჩხირების გარეშე.
თუ რაღაც მიზეზის გამო ბევრი გოგირდი გამოდის, ან ბავშვი აუზზე დადის, ან რაღაც პრეპარატებს იღებს, რომლებიც გოგირდის გამოყოფას უწყობს ხელს, ან თუ ყურში წყალი მოხვდა, ასეთ შემთხვევაში მასში ბორის მჟავის სპირტიანი ხსნარი უნდა ჩააწვეთოთ (3-4 წვეთი).
თუ ყურადღებით წაიკითხავთ ბამბიანი ჩხირების ინსტრუქციას, იქ წერია, რომ არ უნდა გამოიყენოთ ცხვირისა და ყურის შიდა ნაწილის ჰიგიენისთვის, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ზემოთქმულს.