მზის ენერგიის გამოყენების სარგებლიანობისა და საქართველოში მისი მაღალი პოტენციალის შესახებ ბევრი იწერება, ბევრი გადაცემაც მომზადდა და სამოდელო პროექტებიც გახორციელდა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. მიუხედავად ამისა, მზეს ცხელი წყლის ან/და ელექტროენერგიის მისაღებად მხოლოდ რამდენიმე ასეული ოჯახი იყენებს ქვეყანაში. საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2018 წელს საქართველოს ენერგომოხმარების მხოლოდ 0.5% შეადგინა მზის, ქარის და გეოთერმული ენერგიების ჯამურმა წილმა.
მოდით, კიდევ ერთხელ გავიაზროთ, ღირს თუ არა დახმარების გარეშე და საკუთარი სახსრებით დავიწყოთ მზის ენერგიის გამოყენება.
რამდენად მზიანია საქართველო
საქართველოში მზის ენერგიის გამოყენების პოტენციალი გაცილებით მაღალია, ვიდრე მაგალითად ცენტრალური ევროპის ქვეყნებში. შედარებისთვის:
მზიანი დღეების რაოდენობა საქართველოში 250-280-ია, ევროპის ქვეყნებში კი 200-მდე.
საქართველოში, წლის განმავლობაში მზე ანათებს 2000-დან 2200 საათის განმავლობაში. იგივე მონაცემი გერმანიისთვის 1800-1900 საათია.
ბევრად მაღალია მზის გამოსხივება ერთ კვადრატულ მეტრზე. ეს მაჩვენებელი საქართველოში საშუალოდ 1550 კვტ/საათია, ხოლო გერმანიაში _ 1000 კვტ/სთ-მდეა.
უფრო კონკრეტულად: ჩვენს ტერიტორიაზე მზის წლიური ჯამური ენერგია რეგიონების მიხედვით 1 კვადრატულ მეტრ ფართობზე მერყეობს 1250-1800 კვტ/სთ დიაპაზონში, ხოლო საშუალო ენერგია, იგივე 1 კვადრატულ მეტრ ფართობზე უტოლდება 4.2 კვტ/სთ დღეში. ანუ, თეორიულად, ერთი საშუალო ოჯახისთვის სამყოფ ენერგიას (ელექტროენერგია და ბუნებრივი ან თხევადი გაზი) მზე აფრქვევს დედამიწის 1.5-2 კვ.მ. ფართობზე.
მზის ენერგიის გამოყენება შეარბილებდა ისეთ მნიშვნელოვან ადგილობრივ და გლობალურ პრობლემებს როგორიცაა: ენერგოსიღარიბე, ენერგოდამოუკიდებლობა, ადგილობრივი მიკროკლიმატის და გლობალური კლიმატის ცვლილება.
ენერგოსიღარიბე:
საქართველო ენერგეტიკულად ღარიბი ქვეყანაა. ჩვენს მიერ მოხმარებული ყველა სახის ენერგიის 65-67% იმპორტირებულია და ნავთობისა და გაზის შესყიდვაზე ყოველწლიურად ვიხდით ასეულობით მილიონ ლარს.
თუ გავითვალისწინებთ ნავთობზე და ბუნებრივ გაზზე ფასების მკვეთრად გაზრდის პერსპექტივას, ადვილი წარმოსადგენია როგორ გაიზრდება ეს თანხები უახლოეს პერიოდში და ყოველწლიურად.
ენერგოდამოუკიდებლობა:
დღეს იმპორტირებული ნავთობისა და გაზის ერთადერთი მომწოდებელი აზერბაიჯანია, რაც ქვეყნის ენერგეტიკულ, ეკონომიკურ და თუ გნებავთ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას უდიდეს საფრთხეს უქმნის.
ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად სახელმწიფო ერთადერთ გზად ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობას სახავს და მის აგრესიულ ლობირებას ეწევა. ამავე დროს დუმილს ამჯობინებს იმ ფაქტზე, რომ ჰესების მშენებლობას დადებით მხარეებთან შედარებით პროპორციულად დიდი უარყოფითი მხარეებიც აქვს ბუნებრივი და ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი გარემოს დეგრადაციისა და რისკის ქვეშ დაყენების სახით.
ჰესების ნაცვლად მზის ენერგიის გამოყენების ხელშეწყობა იქნებოდა გარანტია ნამდვილი ენერგოდამოუკიდებლობისა კონკრეტული ოჯახების თუ სახელმწიფოს დონეზე, გარემოს მნიშვნელოვანი დაზიანების გარეშე.
წყლის ენერგიისგან განსხვავებით, მზის ენერგიის გამოყენება ფაქტობრივად ყველა მსურველს შეუძლია. ყველას, ვისაც საკმარისი ფართობი აქვს სახურავზე ან ეზოში, სადაც მზე ანათებს, შეუძლია მზისგან (ფინანსური) სარგებელი მიიღოს და ამავდროულად გარემოს დაცვას შეუწყოს ხელი. ამ გზით შესაძლებელია თითოეულმა ოჯახმა შექმნას სუფთა ენერგია, გამოიყენოს ან/და გაყიდოს იგი. სწორედ ამგვარად არის შესაძლებელი ენერგოდამოუკიდებლობის გაუმჯობესება ოჯახების თუ სახელმწიფოს დონეზე.
როგორ შემიძლია გავხდე უფრო ენერგოდამოუკიდებელი მზის ენერგიის გამოყენებით?
მზის ენერგიას ყველაზე ხშირად ცხელი წყლის მისაღებად და ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად იყენებენ. ასევე ეფექტურია მზის ენერგიის გამოყენება, მაგალითად, ხილისა და ბოსტნეულის საშრობები. წინამდებარე სტატიაში გვინდა ყურადღება დავუთმოთ მზის ენერგიით ცხელი წყლის მიღებას და შესაბამის მოწყობილობას, რომელიც მზის კოლექტორების სახელითაა ცნობილი.
მზის წყალგამაცხელებლებში, ანუ მზის კოლექტორებში მზის სითბური გამოსხივება აცხელებს წყალს, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია შხაპისთვის, სამზარეულოში და სხვა საყოფაცხოვრებო დანიშნულებით.
მზის წყალგამაცხელებლების ფასი განსხვავდება ხარისხის მიხედვით. ქართველ მომხმარებელს უკვე შეუძლია არჩევანი გააკეთოს სხვადასხვა ხარისხის იმპორტირებულ თუ ადგილობრივი წარმოების პროდუქციას შორის. თუმცა, კვალიფიციურ მონტაჟსა და საგარანტიო მომსახურებას მხოლოდ ცალკეული კომპანიები სთავაზობენ.
აღნიშვნის ღირსია ადგილობრივი წარმოების მზის კოლექტორები, რომლებიც ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადითა და საგარანტიო სერვისით გამოირჩევა. ამ სახის მზის კოლექტორების აგება და შეკეთება შედარებით მარტივია, მიეკუთვნება რა ე.წ. “low tech” ტიპს. სხვადასხვა ორგანიზაცია სთავაზობს ტრენინგებს კოლექტორების ამ ტიპის აგების შესასწავლად. არსებობს სახელმძღვანელოებიც, რომელთა გამოყენებით მინიმალური დანახარჯებით ტექნიკური უნარ-ჩვევების (მაგ. შედუღება) მქონე პირები დამოუკიდებლად შეძლებენ მის აგებას.
მზის ამ ტიპის კოლექტორი არის კარგად იზოლირებული, მინით დაფარული შავი ფილა, რომელშიც განთავსებულია წყლის მილები. კოლექტორი შთანთქავს მზის გამოსხივებას, გარდაქმნის მას თბურ ენერგიად და ათბობს წყალს, რომელიც გროვდება თბოიზოლირებულ ავზში. ზაფხულის თვეებში კოლექტორები წყალს 70-80 გრადუს ცელსიუსამდე ათბობენ, ზამთრობით _ 35-50 გრადუსამდე.
კვლევების თანახმად, ცხელი წყლის მისაღებად გაწეული ხარჯი 3-5-სულიანი ოჯახების ენერგობიუჯეტში საშუალოდ 11%-ს შეადგენს. მზის წყალგამაცხელებელი სისტემა 75-85%-ით ფარავს მომხმარებლის წლიურ მოთხოვნას ცხელ წყალზე. შესაბამისად, წყლის გაცხელების დანახარჯებიც იგივე თანაფარდობით მცირდება. 24-36 თვეში შესაძლებელი ხდება შესაბამისი დანადგარის საფასურის ანაზღაურება და მომდევნო წლებში (სულ ცოტა 8-10 წელი) უკვე უფასოდ, სრულიად მზის ხარჯზე გააცხელებთ წყალს.
მზის წყალგამაცხელებლის დამონტაჟება შესაძლებელია არა მხოლოდ საცხოვრებელ სახლებში, არამედ საზოგადოებრივ დაწესებულებებშიც, სადაც დიდი რაოდენობით ცხელ წყალს მოიხმარენ, რაც საბოლოოდ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ დანაზოგს მოგვცემს. თანაც, ეს ეკოლოგიური თვალსაზრისითაც გამართლებულია _ მცირდება გამონაბოლქვი აირები.
მზის წყალგამაცხელებლების გავრცელების ხელშესაწყობად საქართველოში ძირითადად საზოგადოებრივი ორგანიზაციები მუშაობენ. მათ შორისაა არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე რეგიონები”, რომელიც ამჟამად ფონდ “ურბისის” ფინანსური მხარდაჭერით ჩოხატაურისა და ხონის მუნიციპალიტეტებში განახლებადი ენერგიების და გარემოს დამზოგველი ენერგოტექნოლოგიების პოპულარიზების მორიგ პროექტს ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში, სამიზნე მუნიციპალიტეტებში განახლებადი ენერგიებით დაინტერესებული ადამიანების ე.წ. “მზის ელჩებად” გადამზადება ხდება, რომლებიც სამომავლოდ მზის ენერგიის გამოყენების შესახებ ადგილობრივ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებაზე იმუშავებენ. მოეწყობა სადემონსტრაციო ობიექტები, სადაც ადგილობრივებს შეეძლებათ პირადად გაეცნონ მზის წყალგამაცხელებლების მუშაობის პრინციპს და დარწმუნდნენ მის ეფექტიანობაში.
მზის ტექნოლოგიების დანერგვითა და გავრცელებით შესაძლებელი გახდება ხე-ტყის საწვავად გამოყენების, ტყის გაჩეხვისა და სათბურის გაზების ემისიების შემცირება, ადგილობრივი ბუნებრივი გარემოს შენარჩუნება და კლიმატის ცვლილების შემარბილებელ ღონისძიებებში წვლილის შეტანა.
სტატია მომზადებულია პროექტის “განახლებადი ენერგიების გამოყენების ხელშეწყობა ჩოხატაურისა და ხონის მუნიციპალიტეტებში მზის ტექნოლოგიის შესახებ ცნობიერების ამაღლებითა და ფინანსური ხელშეწყობის მექანიზმებით” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე რეგიონები”, ფონდ “ურბისის” ფინანსური მხარდაჭერით.