საქართველოს პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს _ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, 94 ხმით არცერთი წინააღმდეგ საკანონმდებლო ორგანოს პირველი პირი გახდა.
თალაკვაძემ ამ თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე შეცვალა, რომელსაც თანამდებობის დათმობა რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის პარლამენტში ვიზიტის და მის სავარძელში მოკალათების გამო მოუხდა.
სად იყო მაშინ, როცა გავრილოვმა პარლამენტის თამჯდომარის სავარძელი დაიკავა, რის სანაცვლოდ დათანმხდა ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან წასვლას, რა დამსახურებით გახდა პარლამენტის თავმჯდომარე და რა აქვს სათქმელი თანამოქალაქეებისთვის _ ამ და სხვა მნიშნელოვან თემებზე, პარლამენტის თავმჯდომარემ პირველი ექსკლუზიური ინტერვიუ “გურია ნიუსს” მისცა.
_ ბატონო არჩილ, დავიწყოთ თავიდან _ როცა გავრილოვი პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა, თქვენ სად იყავით? რატომ გამოჩნდით მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ მკვეთრი რეაქცია დააფიქსირა და რატომ მხოლოდ სოციალური ქსელით?
_ სად ვიყავი და როგორი ემოციური რეაქცია გამოიწვია ამ ფაქტმა ჩემშიც, ისევე როგორც მთელს საზოგადოებაში, ამაზე საუბარი ალბათ, ჩემი მხრიდან ყველაზე მთავარი არ არის. მთავარი ის არის, რომ პარტიის თავმჯდომარეს და გუნდის ყველა ლიდერს ამ პოლიტიკურ პროვოკაციაზე გვქონდა სწრაფი, პრინციპული და ადეკვატური რეაქცია _ კონფერენცია შეწყდა და რუსმა დეპუტატებმა დატოვეს საქართველო. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენ, როგორც მმართველმა გუნდმა, ავიღეთ იმის გამო, რომ ამ სცენარის წინასწარ გათვლა და პრევენცია ვერ მოხდა.
_ რატომ არ აიღო ირაკლი კობახიძემ იმავე დღეს პასუხისმგებლობა და რატომ მიიყვანა ხელისუფლებამ საქმე დაპირისპირებამდე?
_ ირაკლი კობახიძემ ძალიან ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო _ მან ეს გააკეთა, რაც შეიძლება მოკლე დროში, რადგან სახელმწიფოს სახელით აზერბაიჯანში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით. ეს გადაწყვეტილება იყო პოლიტიკური და ადამიანური პასუხისმგებლობით გამსჭვალული _ მიუხედავად იმისა, რომ კონფერენციის ორგანიზატორებთან და ასამბლეის სამდივნოსთან წინასწარი შეთანხმება და პირობა იყო, რომ სხდომა ბერძენ დეპუტატს უნდა წაეყვანა.
_ როცა პასუხისმგებლობის აღებაზე საუბრობთ, საინტერესოა, კობახიძის ნაცვლად კალაძემ რატომ გააკეთა განცხადება, თავად რატომ არ უთხრა საზოგადოებას რატომ მიდიოდა? თუ ივანიშვილმა დააძალა და ვერ თქვა?
_ მთავარია, რომ გადაწყვეტილება მიიღო ირაკლი კობახიძემ _ როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ. მან მაღალი პასუხისმგებლობა აჩვენა მთელს საზოგადოებას. განცხადება გააკეთა გუნდის ლიდერმა და ამაში უცნაური არაფერია.
_ ირაკლი კობახიძეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის სანაცვლოდ დაათმობინეთ სკამი?
_ არაფერი სანაცვლო მას არ უთხოვია არავისთვის _ მან ადამიანურად და პოლიტიკურად სწორი და ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო.
_ იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას დარბევაზე და სპეცრაზმის მოქმედებაზე?
_ ყველა ობიექტურმა დამკვირვებელმა თქვა, რომ პოლიციამ რეაგირება ლეგიტიმურად მოახდინა საათნახევრიან შტურმზე და ძალადობაზე, რომელიც პოლიციის კორდონზე და პარლამენტზე აქციის მონაწილეთა საკმაოდ დიდმა ჯგუფმა მიიტანა. მშვიდობიანი მანიფესტანტები და მთელი საზოგადოება გაემიჯნა ძალადობას და მასობრივი არეულობის მცდელობას, შეტევას პარლამენტზე. სამწუხაროდ, დაშავდნენ ჩვენი თანამოქალაქეები, ახალგაზრდები, ჟურნალისტები და პოლიციელები. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მათ ჯეროვანი სამედიცინო დახმარება და რეაბილიტაცია ჩაუტარდეთ საქართველოშიც და საზღვარგარეთაც.
_ ოპონენტებთან საუბრისას, ყველა გამოსვლაში ამბობთ _ „სისხლიანი 9 წელი“, „7 ნოემბერი“, „26 მაისი“, „სასტიკი დარბევა“… დღეს რა გაქვთ სათქმელი? არსებობს უამრავი კადრი, როცა დამიზნებით ესროდნენ აქციის მონაწილეებს, გაქცეულებს მისდევდნენ, იჭერდნენ, წიხლებს ურტყამდნენ. ეს ყველაფერი ძალიან გავს იმას, რაც წინა ხელისუფლებამ გააკეთა და რის გამოც ქართველმა ხალხმა მათ უარი უთხრა.
_ პოლიცია 2 საათის განმავლობაში ცდილობდა, შეეკავებინა შეტევა და ძალადობა პოლიციის კორდონზე და პარლამენტზე. აქციის ნაწილი ძალადობრივ ქმედებას ახორციელებდა. საზოგადოებამ დაინახა, რომ ყველა დარღვევაზე სახელმწიფომ რეაგირება დაიწყო და, პირველ რიგში, სწორედ სამართალდამცავების მხრიდან შესაძლო დარღვევებზე დაიწყო რეაგირება, თუმცა, პასუხი სხვებმაც უნდა აგონ _ ვინც მასობრივ არეულობას უკეთებდა ორგანიზებას და მოუწოდებდა ძალადობისა და პარლამენტში შეჭრისკენ. ახალგაზრდებთან და ჟურნალისტებთან ერთად პოლიციელებიც არიან დაშავებული.
_ რატომ დაიწყო დარბევა გაფრთხილების გარეშე? კანონი ხომ ამას ითვალისწინებს?
_ ყველა ეპიზოდზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა განმარტებები, მონიტორინგს აკეთებს სახალხო დამცველიც.
_ მიუხედავად იმისა, რომ ერთ დათმობაზე წახვედით და არჩევნები პროპორციული სისტემით ტარდება, პროცესები არ ცხრება _ ახალგაზრდები ისევ ქუჩაში არიან და გახარიას გადადგომას ითხოვენ. ამ საკითხზე გუნდში არ გიმსჯელიათ?
_ სწორი და დემოკრატიული გადაწყვეტილება მივიღეთ, როცა საზოგადოებას პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით შევთავაზეთ. ჩვენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება საკონსტიტუციო რეფორმის დროსაც მივიღეთ და ახლა მზად ვართ, საზოგადოების დაკვეთა შევასრულოთ და მისი ვადა 2020 წელს გადმოვწიოთ.
ყველას მშვიდობიანი მანიფესტაციის უფლება დაცულია კანონით. ახალგაზრდების ემოცია და საზოგადოებრივ, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის სურვილი არის ჯანსაღი. მინისტრის გადადგომა არის პოლიტიკური მოთხოვნა, რაც ამავე აქციებზე ოპოზიციის წარმომადგენლებმა არაერთხელ საჯაროდ თქვეს კიდეც. პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენ უკვე ავიღეთ და გადადგა გაცილებით მაღალი კონსტიტუციური თანამდებობის პირი _ პარლამენტის თავმჯდომარე. შსს მინისტრმა შეასრულა კანონით მასზე დაკისრებული მოვალეობა, რომ პოლიციას შეეკავებინა ძალადობა და აღეკვეთა მასობრივი არეულობის მცდელობა. პოლიციელების მხრიდან შესაძლო დარღვევებზე კი სახელმწიფომ დაიწყო სამართლებრივი რეაგირება.
_ პროკურატურამ ნიკა მელია პასუხისგებაში მისცა. ამ დროს უცნობია, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც დამიზნებით ესროდნენ მომიტინგეებს, არავინ დასჯილა ლევან ვასაძის ე. წ. რაზმებიდან, გახარია თანამდებობაზეა და ეს იმ ფონზე, როცა აქციები ისევ იმართება, ახალგაზრდები შიმშილობენ თბილისსა და ოზურგეთში… ამ სიტუაციის დასარეგულირებლად მხოლოდ მელიას დაჭერა კმარა?
_ სახელმწიფომ ჯერ სამართლებრივი რეაგირება მოახდინა პოლიციელების მხრიდან არსებულ დარღვევებზე, შემდგომ კი მათ მიმართ, ვინც ძალადობის წამქეზებელი იყო და მასობრივი ორგანიზების მოწყობას ცდილობდა, რასაც მოჰყვა ახალგაზრდების, ჟურნალისტების და პოლიციელების დაშავება. რეაგირების თანმიმდევრობა, ვფიქრობ, აჩვენებს დამოკიდებულებას და ხელისუფლების მიდგომას. სიტუაცია აუცილებლად დარეგულირდება, საქართველო არ გახდება აგრესიული დღის წესრიგის მძევალი არც შიგნით და არც საგარეო ასპარეზზე.
_ რა გაქვთ სათქმელი თვალებდათხრილი და ტყვიანასროლი მოქალაქეებისთვის?
_ ჩვენი ფიქრები და ყურადღება ახლა სწორედ დაშავებულ ახალგაზრდებთანაა. ყველაფერი კეთდება მათი ჯანმრთელობისთვის. დაშავებულ პოლიციელებსაც სათანადო ყურადღებას აქცევს სახელმწიფო. მთელმა საზოგადოებამ დაგმო ძალადობა და დაგმო ძალადობრივი გეგმა, რომლითაც მშვიდობიანი მანიფესტანტების გამოყენება სცადეს.
_ თქვენ უკვე პარლამენტის თავმჯდომარე ხართ. როგორ ფიქრობთ, რა დამსახურებით?
_ ალბათ, ჩემს დამსახურებებზე მე არ უნდა ვისაუბრო. ეს არის გუნდის გადაწყვეტილება და მე მადლობას ვუხდი მათ ნდობის და მხარდაჭერისთვის. ვეცდები საქმით დავამტკიცო, თუ რატომ მოხდა ჩემი არჩევა ამ პოზიციაზე.
_ თქვენი კოლეგები ხშირად ამბობდნენ, რომ უმრავლესობას ვერ მართავდით, რომ კომუნიკაციის პრობლემა გქონდათ. როგორ ფიქრობთ, პარლამენტის მართვას შეძლებთ?
_ ჩემი კოლეგების ყველა შენიშვნას ვითვალისწინებ, მაგრამ ამას ხშირად რამდენიმე ჟურნალისტი ამბობდა, მათ შორის, „რუსთავი 2“-დან. არ ვფიქრობ, რომ უმრავლესობას ცუდად ვხელმძღვანელობდი.
_ ახლა პარლამენტის თავმჯდომარე ხართ და ბუნებრივია, მეტი საქმეც გექნებათ. როგორ აპირებთ ოზურგეთთან ურთიერთობას _ ამომრჩეველთან შეხვედრებს გააგრძელებთ?
_ სანამ ამირჩევდნენ, გამოსვლაში მივმართე ჩემს მაჟორიტარულ ოლქს, ოზურგეთს და ოზურგეთელებს. დარწმუნებული ვარ, ყველა დაწყებულ პროექტს ბოლომდე მივიყვანთ და ამ პოზიციიდან კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ.