ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ტერორიზმის ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და რეაგირება შეუძლია.
საქართველოს შეუძლია, გამოავლინოს, შეაკავოს და პასუხი გასცეს ტერორიზმის ინციდენტებს
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველო, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციის დიდი ხნის წევრია, 2018 წელს კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ მთელ რიგ საკითხებში აშშ-სთან ერთად განაგრძობდა აქტიურ ჩართულობას.
ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, რომელიც ქვეყნის წამყვანი სააგენტოა ტერორიზმთან დაკავშირებული ინციდენტების, იტყობინება, რომ 2018 წელს საქართველოს მოქალაქეებს მხრიდან „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდაჭერა შემცირდა.
უწყებამ „ისლამური სახელმწიფოს“ წევრის, ახმედ ჩატაევის მხარდაჭერისთვის დააკავა, სამართალში მისცა და გაასამართლა 8 ადამიანი. ჩატაევი 2017 წელს თბილსში, კონტრტერორისტული ოპერაციის დროს მოკლეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, სირიაში და ერაყში ტერორისტულ ჯგუფების მხარდამჭერი საქართველოს დაახლოებით 14 მოქალაქე იმყოფება.
ანგარიშის მიხედვით, ქვეყანა ახორციელებს ცვლილებებს ანტიტერორისტული კანონმდებლობის გასაძლიერებლად. გარდა ამისა, საქართველომ ჩამოაყალიბა მუდმივი უწყებათშორისი კომისია, რომელიც მუშაობს საქართველოს ეროვნულ კონტრტერორისტულ სტრატეგიაზე და სამოქმედო გეგმაზე.
„ახალი ცვლილებების მიხედვით, გამომძიებლებს და პროკურორებს უფლება აქვთ დისტანციურად გამოკითხონ მოწმეები ან უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული პირები ტექნიკური საშუალების გამოყენებით, მიიღონ უცხო სახელმწიფოს იურისდიქციის კონტროლის ქვეშ არსებული კომპიუტერული მონაცემები და შეთანხმებულად განახორციელოს გამოძიება და შეამოწმოს უცხო ქვეყნის იურისდიქციაში.
ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ 2018 წელს გადადგა ნაბიჯები საზღვრის, საზღვაო და საავიაციო უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად კანონმდებლობისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით.
2018 წლის განმავლობაში, საქართველომ გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა სომხეთთან და თურქეთთან სასაზღვრო ზონასთან ოთხ სასაზღვრო სექტორზე. საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ აამოქმედა სათვალთვალო და სადამკვირვებლო სისტემები სომხეთის საზღვართან, სამ სასაზღვრო სექტორზე.
როგორც ანგარიშში წერია, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერაციების შედეგად, თბილისში და პანკისის ხეობაში რვა ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანი დამნაშავედ სცნეს ტერორიზმში. სამსახურმა ასევე გამოიძია ტერორიზმის ყალბი შეტყობინების სამი საქმე, ტერორიზმისკენ საჯარო მოწოდების და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენის და შენახვის ერთი შემთხვევა და ტერორიზმის მომზადების ორი შემთხვევა. გარდა ამისა, 2018 წელს, უწყებათა შორისმა კომისიამ, გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განსახორციელებლად, 130 ფიზიკური და 30 იურიდიული პირის აქტივების გაყინვის და ერთი ფიზიკური და 19 იურიდიული პირის გაყინული აქტივების ჩამორთმევის 15 შუამდგომლობა წარადგინა. კომისიამ ასევე განახორციელა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, რომელიც დაკავშირებულია ტერორიზმში სავარაუდო ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირების აქტივების გაყინვასთან, მოგზაურობის აკრძალვასთან და შეიარაღების ემბარგოსთან.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული რისკების მართვის პროცესების ეფექტურობის შესაფასებლად, 25 ფინანსური ინსტიტუტი ადგილზე შეამოწმა.
ანგარიშის მიხედვით, ევროსაბჭოსთან თანამშრომლობით, საქართველომ განახორციელა პროექტი „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციის სტრუქტურა“, რომლის მიზანი სკოლებში ტერორიზმის მიმართულებით რადიკალიზაციის პრევენცია იყო. ასევე ჩაატარა რელიგიური ტოლერანტობის და ანტი დისკრიმინაციის ხელშემწყობი სწავლებები და კონფერენციები.
„2018 წელს, საქართველომ შეიმუშავა რამდენიმე ინიციატივა, რომელიც მიმართული იყო მოწყვლად თემებში ტერორისტული რადიკალიზაციის მიზეზების დასადგენად. მათ შორის იყო მცირე გრანტების პროგრამის რეალიზაცია, რომლის მიხედვითაც, საქართველომ 2018 წელს, პანკისის ხეობაში შვიდი გრანტი გამოყო. საქართველომ ასევე მიიღო მიზნობრივი სწავლება სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით და იუსტიციის დეპარტამენტის შესრულებით შემდეგ თემებზე: ეფექტური სამართალდაცვითი ტექნიკები, პროკურატურის სტრატეგიები, მოსახლეობასთან მუშაობის პროგრამების სარგებელი, ციფრული გამოძიება და ანალიზი, ეფექტური ელექტრონული და თვალთვალის სხვა ფარული მეთოდების ტექნიკა, „ალ-ქაიდასგან“, „ისლამური სახელმწიფოსგან“, იემენის „დაეშისგან“, არაბეთის „ალ-ქაიდასგან“ მომდინარე საფრთხეები და „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების დაბრუნება. საქართველო აქტიურად არის ჩართული კონტრტერორისტულ საკითხებში საერთაშორისო, რეგიონულ და ორმხრივ დონეზე. საქართველო ასევე მჭიდროდ თანამშრომლობს ნატო-სთან, ევროსაბჭოსთან, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან და დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის და მოლდოვას ორგანიზაციასთან“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ 2018 წელს, საქართველომ ევროპოლთან მემორანდუმი გააფორმა, რაც კომუნიკაციების უსაფრთხო ხაზების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
„23 ქვეყანასთან და ევროკავშირთან ერთად არსებული შეთანხმებების პარალელურად, საიდუმლო ინფორმაციის გაცვლის და ორმხრივი დაცვის შეთანხმებებს საქართველომ ხელი მოაწერა ალბანეთთან, მოლდოვასთან და იტალიასთან და მსგავსი შეთანხმებები გააფორმა გერმანიასთან და ბელარუსთან“,_ნათქვამია ანგარიშში.