ახლახან, სოციალურ ქსელში ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის უკანა ხედის ფოტო გავრცელდა, სადაც სიგრძივად, პირველ-მეორე სართულის სიმაღლეზე აშენებულია ახალი კედელი. ვიზუალურად ჩანს, რომ თეატრს ოთახები მიაშენეს და კითხვაც გაჩნდა, რატომ, რისთვის და ვისი ინიციატივით ან ნებართვით მოხდა ეს ყოველივე.
“გურია ნიუსი” ესაუბრა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ვასილ ჩიგოგიძეს, რომელიც საუბარს იწყებს იმის განმარტებით, რომ არანაირი სურვილი არ აქვს ვიღაცის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ არაკომპეტენტურ და ალოგიკურ სტატუსებს “სდიოს”. თუმცა, რაკი მედია დაინტერესდა, აუცილებელია, რომ თეატრის მაყურებელმა, მკითხველმა, ფართო საზოგადოებამ იცოდეს იმის შესახებ, რასაც მას კომუნისტურ ეპოქაში ზოგჯერ უმალავდნენ.
როგორც ვასილ ჩიგოგიძე ამბობს, მომსწრეა იმ ფაქტის, როგორ შეჩერდა თავის დროზე პროექტით გათვალისწინებული მიშენება და როგორ იბრძოდა მაშინაც, პროექტით გათვალისწინებული ხაზი არ შეცვლილიყო.
_ ოზურგეთის სახელმწიფო თეატრს არასოდეს ჰქონდა სადეკორაციო საწყობი, სადურგლო და ყველაზე მთავარი _ გასახდელი.
_ ბატონო ვასილ, აბა, ამდენი წელი სად წესრიგდებოდნენ მსახიობები სცენაზე გასასვლელად?
_ სულ ორ ოთახში. ერთი იყო კაცებისთვის, ერთი _ ქალებისთვის. სარეპეტიციო ოთახი არ აქვს თეატრს. ამხელა შენობის ერთი მესამედი თაღებს უჭირავს. სცენის კარს გააღებდი და პირდაპირ ქუჩაში გადიოდი. დეკორაციები “თავზე გვეწყო”. ამფითეატრზე საუბარი ზედმეტია. განათება და გახმოვანება მიწაში იყო, სარდაფში. ეს შენობა აგებულია, როგორც მეჩაიეთა კულტურის სასახლე და არა როგორც ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი _ 1960 წელს სწორედ მეჩაიეთა კულტურის სასახლედ გაიხსნა და არა თეატრად.
_ ამბობთ, რომ თავდაპირველ პროექტში მიშენებითი ხაზი არსებობდა.
_ დიახ, არსებობდა კი არა, დაწყებულიც იყო მშენებლობა ზუსტად ასე და დღეს მუშებმა, როცა ასეთი მასშტაბური რეაბილიტაცია მიდის, ძლივს ამოყარეს ძველი ბალავარის ნაშთები. 80-იან წლებში ჩამოვიყვანე მაშინდელი ცეკას წარმომადგენლები, მოვიწვიე არქიტექტორი კოტე ჩხეიძე. მაშინ ვისაუბრეთ და მოვითხოვეთ ცალკეული ცვლილებები, წინ წამოწეული ლოჟების მოჭრა, სწორედ პროექტის იმ ნაწილის აღდგენა, რის შემდეგაც თეატრს ექნებოდა სადეკორაციო, სადურგლო, სარეკვიზიტო, სარეპეტიციო ოთახები. კოტე ჩხეიძემ მოითხოვა, ისე მიშენება, როგორც პროექტით მქონდა გათვალისწინებული და თუ ასე არ მოხდებოდა, უფლებას არ გაძლევთ, შენობას ხელი ახლოთო… მაინც არ მოხერხდა.
_ რატომ არ მოხერხდა?
_ სხვა ეპოქა იყო. ვინ რას წყვეტდა, ჩვენ არ გვეკითხებოდნენ. პროექტს მოაშორეს რვა მეტრის სიგანის ნაწილი იმიტომ, რომ მეჩაიეთა სასახლეს არ სჭირდებოდა სადეკორაციო და მისთანანი. თუმცა, მე ცოცხალი მომსწრე ვარ ამ ამბების და ვითხოვდი, მეჩაიეთა კულტურის სასახლეს, რომლის, თითქმის, ნახევარი თაღები იყო თავისი შესაფერისი მოხატულობებით, კლასიკური თეატრის სახე მისცემოდა, სადეკორაციოდან დაწყებული და სცენით და მაყურებლის დარბაზით დამთავრებული.
_ რა ხდება დღეს?
_ დღეს სწორედ იმ პროექტის მიხედვით კეთდება, როგორც უნდა გაკეთებულიყო სინამდვილეში _ თეატრი თეატრს უნდა ჰგავდეს!
_ მიშენების პროცესი დასრულებულია?
_ პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ აღდგა ისტორიული სამართლიანობა. ახლა, როცა პირველი ფუნდამენტი ისხმებოდა, სწორედ ის ძველი საძირკვლის ლოდები ამოყარეს. ვიმეორებ, აქ მიშენება კი არ ხდება, აქ ხდება აშენება და დამშვენება იმ პროექტის მიხედვით, როგორც ეს შესანიშნავმა არქიტექტორმა კოტე ჩხეიძემ თეატრისთვის გაითვალისწინა, მაგრამ მოაწყვეს და “მიჩეხ-მოჩეხეს” მეჩაიეთა კულტურის სასახლედ.
_ რა განთავსდება მიშენებულ ფლიგელში?
_ აქ განთავსდება დიდი სადეკორაციო საწყობი, სადურგლო, სადაც თეატრის დეკორაციები გაკეთდება, სარეკვიზიტო ოთახი. ხოლო მეორე სართულზე განთავსდება მსახიობთა გასახდელი სალონი, 4-4 ადამიანისთვის განკუთვნილი, თავისი სარკეებით. ისეთი, რომ რა დონის სტუმარიც უნდა ჩამოვიდეს, მოთხოვნებს უპასუხებს. ამასთანავე, გათვალისწინებული და განსაზღვრულია, აქ ჩატარდეს კამერული კონცერტები, ფოლკლორული ფესტივლები, რასაც “ბლექსი არენას” არეალი და აკუსტიკა მაინც ვერ პასუხობს. ეს არის საშვილთაშვილო საქმე, რომლის გაკეთებაც თითოეულ ოზურგეთელს, თითოეულ ქართველს უსაზღვრო სიხარულით და სიამაყით უნდა აღავსებდეს.