,,ქართული ოცნება _დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ინტერვიუში გაჟღერებულ პოლიტიკურ გზავნილებზე ,,გურია ნიუსთან“ პოლიტიკის ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ისაუბრა.
_ ბატონო გია, ბიძინა ივანიშვილის თქმით, დღეს საქართველოში ყველა მიმართულებით აღმშენებლობის ხანაა. „დღეს რომ გამორთონ „რუსთავი 2“, ქვეყანაში აღმავლობისა და აღმშენებლობის მეტს ვერაფერს ნახავთ“, _ თქვა ივანიშვილმა.
როგორ ფიქრობთ, პარტიის ლიდერმა არ იცის, რომ ქვეყანაში უამრავი პრობლემა არსებობს? თუ რის დამტკიცებას ცდილობს ივანიშვილი?
_ მან აჩვენა ერთი მთავარი და ფუნდამენტური პრობლემა, რომ ის აღარ არის ქვეყნის ლიდერი. მას აღარ აქვს ცვლილებების ინტერესი, ფაქტობრივად, სისტემის ძალისმიერ შენარჩუნებაზეა გადასული.
ის პოლიტიკაში დაბრუნდა იმისთვის, რომ შიდაპარტიული დისციპლინა დაალაგოს, ინტერვიუში მისი მხრიდან არც ერთი პოზიტიური გზავნილი არ გაჟღერებულა.
რაც შეეხება „რუსთავი 2“-ზე აკვიატებულ თემას, ეს საკმაოდ პარადოქსულია, რადგან ის, ერთი მხრივ, ამბობდა, რომ „რუსთავი 2“ არის ქვეყნის მთავარი პრობლემაო და მეორე მხრივ, იმის დემონსტრირებას ახდენდა, რომ ამ ტელევიზიის ყველა გადაცემას უყურებს.
ეს იყო მსოფლიოს ისტორიაში „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი უფასო რეკლამა.
_ ,,ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან, მუდმივად ხდება აპელირება 9 წელზე, რაც გუშინდელი ინტერვიუდანაც კარგად გამოჩნდა.
როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ,,ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში დაშვებული შეცდომების გადასაფარავად ,,ნაციონალური მოძრაობის“ გამოყენება?
_ ივანიშვილის ამოცანა აღარ არის ის, რითაც იცხოვრა მთელი ცხოვრება _ ადამიანების პატივისცემა. კარგად ვიცით, მის მიმართ საზოგადოებაში როგორი განწყობა იყო.
არავინ იცოდა, ივანიშვილი ვინ იყო, მაგრამ ადამიანები მას პატივს სცემდნენ იმ ქველმოქმედებისთვის, რასაც ათეული წლების განმავლობაში ეწეოდა. დღეს კი მან თქვა, აღარ მაინტერესებს ადამიანების პატივისცემაო.
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ამ ინტერვიუს მიმართ ინტერესი მაღალი იყო, ადამიანებში იმდენად მძიმე ემოციები გამოიწვია, რომ უმრავლესობამ ვერც გაუძლო მის ყურებას.
რა იყო მისი გამოსვლა თუ არა შიშისა და ნიჰილიზმის დათესვა?! ჩემ ირგვლივ ყველა ანგელოზია და იმის იქით ყველაფერი წყალსაც წაუღია.
_ ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან ამ დრომდე არ აქვს კითხვები გამოძიებას და მასთან ერთად, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ფარცხალაძის დასჯას არ აპირებს, რაც საგამოძიებო ორგანოს ლეგიტიმურობასთან დაკავშიებით ცალკე კითხვას აჩენს… ამ შემთხვევაში, როგორ ფიქრობთ, ფარცხალაძეს ასე გამალებით რა მიზეზის გამო იცავს ივანიშვილი?
_ ივანიშვილის ამოცანა არის საკუთარი წრის შენარჩუნება.
ასეთი ადამიანების შენარჩუნება, მხოლოდ და მხოლოდ, გარკვეული გარანტიების შექმნით შეიძლება. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება ეს ადამიანი, ფარცხალაძე თუ სხვა? ასეთი გზავნილების ფარგლებში ვითარდება მთელი სცენარი.
_ არჩევნებიდან ხუთი დღით ადრე, როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებები რაიმე სახის გავლენას მოახდენს ამომრჩეველზე?
_ ქვეყნის ისტორია საკმაოდ დრამატულად იწერება და დანარჩენი მოქმედებაში გამოჩნდება.
საზოგადოება დაითრგუნა! არამგონია, რომ წინასაარჩევნოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუმ ადამიანების განწყობა შეცვალოს.
ივანიშვილის გამოსვლა სახელმწიფოზე ორიენტირებული არ იყო, ეს იყო გამოსვლა სისტემის შენარჩუნებისთვის, რაც ძალიან სამწუხაროა.