უფასო სასადილოებში მომსახურების წესი დროებით იცვლება.
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 16 მარტიდან უფასო სასადილოები ამ სერვისით მოსარგებლე ადამიანებს კუთვნილ საკვებს გაატანენ სახლში და მათ ადგილზე საკვების მირთმევა აღარ შეეძლებათ. ცვლილების მიზანია, რომ ადგილზე ბევრი ადამიანის თავშეყრა არ მოხდეს.
„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოს მთავრობამ მიიღო რიგი სახელმწიფო და მუნიციპალური სერვისების შეზღუდვის გადაწყვეტილება. თბილისის მერიამ შეზღუდა იმ ტიპის სერვისების მიწოდება, რომლებიც ხალხმრავლობასთან და ვირუსის გავრცელების დამატებით რისკებთან შეიძლება ყოფილიყო დაკავშირებული. შეზღუდვის პირველი ტალღის გამოცხადებისას დავაანონსეთ, რომ მუშავდებოდა დამატებითი სხვა ღონისძიებებიც.
უფასო სასადილოებში დაგეგმილია მომსახურების წესის დროებითი ცვლილებები. 16 მარტიდან უფასო სასადილოები ამ სერვისით მოსარგებლე ადამიანებს კუთვნილ საკვებს სასადილოში აღარ მიართმევენ, არამედ გაატანენ სახლში, რათა ადგილზე ბევრი ადამიანის თავშეყრა არ მოხდეს. ყველა უფასო სასადილოში ყოველდღიურად დეზინფექცია ტარდება. სასადილოს მომსახურე პერსონალი სრულად იქნება უზრუნველყოფილი შესაბამისი დამცავი აღჭურვილობით. სასადილოს საკვების გამცემ პუნქტში ბენეფიციარები შევლენ სათითაოდ და ვალდებულები იქნებიან, ჩაიტარონ სადეზინფექციო პროცედურა, რომელსაც ადგილზე მყოფი შესაბამისი ჯგუფი უზრუნველყოფს. საკვებთან ერთად ბენეფიციარები მიიღებენ საინფორმაციო ფურცელს, სადაც მითითებული იქნება განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონიკული დაავადებების სახეობები და ცხელი ხაზის ნომერი. განსაკუთრებული რისკის მქონე ქრონიკული დაავადებების მქონე ბენეფიციარების, მარტოხელა მოხუცებულებისა და თვითიზოლაციაში მყოფი ბენეფიციარებისთვის იმუშავებს საკვების სახლში მიტანის სერვისი. ამისთვის ამ კატეგორიაში მიკუთვნებულმა ადამიანებმა მერიის ცხელ ხაზზე უნდა დარეკონ“,_ განაცხადა კალაძემ.