ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის კულტურის სახლში, ოზურგეთის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა საიუბილეო, 150-ე სეზონი გახსნა.
ახალი სეზონი ერთ-ერთი წარმატებული სპექტაკლით – `დარაბებს მიღმა გაზაფხულია~ გაიხსნა.
ლია კილაძე, ოზურგეთის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი: „ათწლეულების განმავლობაში ქართულ თეატრალურ ხელოვნებაში ლაშა თაბუკაშვილის ჰიტადქცეულ ამ პიესას კვლავ მიუბრუნდა ქართული თეატრი. რეჟისორმა ვასილ ჩიგოგიძემ ოზურგეთის თეატრის სცენაზე გააცოცხლა ყველაზე პოპულარული და მაყურებლისთვის საყვარელი გმირები. როგორც ვასილ ჩიგოგიძე აღნიშნავს, ის დრამატურგის უახლოესი მეგობარია და ამ მელოდრამატული პიესის ნამდვილ პროტოტიპებს იცნობდა. ამიტომაც მისთვის ყველაზე უფრო გასაგებია ნაწარმოების კონტექსტი, რომელსაც ოზურგეთის თეატრის მსახიობები აცოცხლებენ.
თითქმის ნახევარი საუკუნის გასვლის შემდეგ, თაბუკაშვილის პერსონაჟები არც აქტუალობას კარგავენ და არც მაყურებელთა შორის სიყვარულს და პოპულარობას. ოზურგეთის თეატრის დადგმაც ამის დასტურია.“
ვასო ჩიგოგიძემ გაიხსენა 1868 წელს გაზეთ `დროებაში~ დაბეჭდილი ინფორმაცია ოზურგეთში გამართული წარმოდგენის შესახებ, საიდანაც აითვლება ჩვენი თეატრის ისტორია, თუმცა, ოზურგეთში თეატრალური წარმოდგენები მამია მეხუთე გურიელის დროიდან, 1823 წლიდან მოიხსენიება ისტორიულ წყაროებში.
ზაზა ჯინჭარაძემ ისაუბრა პროექტის `სკოლა და თეატრი~ შესახებ და მაყურებელს სპექტაკლის მთავარი გზავნილი გააცნო.