დედამიწის კლიმატური ისტორია მრავალფეროვანია და მოიცავს ასობით მილიონ წელს.
კლიმატზე გავლენას ახდენს გლობალური ხასიათის პროცესები, როგორებიცაა:
მიწის დიდი ნაწილების დამუშავება, რომელიც იწვევს ალბედოს შეცვლას, სინოტივის დაკარგვას, ატმოსფეროში მტვრიანობის გაზრდას; ტყეების განადგურება, რაც გავლენას ახდენს ჟანგბადის რეპროდუქციაზე, აორთქლებაზე; საქონლის რაოდენობის ზრდა, რაც ხელს უწყობს სტეპებისა და სავანეების გარდაქმნას უდაბურ ადგილებად, რის შედეგადაც მიმდინარეობს ნიადაგის ამოშრობა; ნამარხი ორგანული საწვავის წვა და ატმოსფეროში CO2-ის და CH4-ის შეღწევა. ატმოსფეროში, როდესაც აღწევენ ნარჩენები, ხდება ატმოსფეროს შედგენილობის ცვლა, რასაც საბოლოოდ მოჰყვება რადიაციულ-აქტიური აირებისა და აეროზოლების ზრდა ატმოსფეროში. უკანასკნელი ორი პროცესი აძლიერებს სათბურის ეფექტს.
კლიმატის ცვლილების გამომწვევი ძირითადი მიზიეზი გახლავთ სათბურის ეფექტის მქონე აირების (ნახშირორჟანგი, მეთანი და ა.შ.) გადაჭარბებული კონცენტრაცია ატმოსფეროში. აღნიშნული ნივთიერებების ასეთი შემაშფოთებელი დაგროვება ატმოსფეროს ქვედა ფენებში განპირობებულია ადამიანის მიერ წიაღისეული საწვავის არარაციონალური მოხმარებით, უკონტროლო ინდუსტრიული გაფრქვევებით, პესტიციდების ჭარბი მოხმარებით და ა.შ.
2015 წლის 12 დეკემბერს, ქ. პარიზში, საფრანგეთში გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის ფარგლებში პარიზის შეთანხმება იქნა მიღებული, რომელსაც ხელი მაშინდელმა საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა 2016 წლის 22 აპრილს მოაწერა.
ამ ხელშეკრულების მიხედვით, საქართველო იღებს ვალდებულებას, რომ სათბური გაზების ემისიას 2030 წლისთვის 15%-ით შეამცირებს.
„გურია ნიუსი“ დაინტერესდა_ არის თუ არა ქვეყანა ეკონომიკურად მზად 2030 წლისთვის შეასრულოს პარიზის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რა კეთდება ან იგეგმება სათბური გაზების ემისიის შესამცირებლად.
როგორც ჩვენთან საუბარში ეკონომიკის დოქტორი, გარემოსდაცვითი ეკონომიკის მკვლევარი, დავით დარსაველიძე ამბობს, 15%-ით სათბურის გაზების ემისიის შემცირება მიღწევადია საჭირო ძალისხმევის შემთხვევაში.
„ჩვენი ქვეყანა არ არის ძლიერი ინდუსტრიული ქვეყანა და სამრეწველო სათბური გაზების ემისიის ეკოლოგიაზე ზეგავლენა, არც თუ ისე დიდია. შესაბამისად, აღნიშნული კონვენცია ვერ დააკისრებს მნიშვნელოვან ვალდებულებას. 15%-ით შემცირება კი უდავოდ მიღწევადია საჭირო ძალისხმევის გაწევის შემთხვევაში. კლიმატის ცვლილების ჩარჩოს, ვალდებულებების დასაკმაყოფილებლად, თან ახლავს ფინანსური მექანიზმები/ ფონდები, რაც საქართველომ შესაძლოა გამოიყენოს ქვეყნის სასარგებლოდ საჭირო თანხების მოსაზიდად გარემოს დაცვითი ღონისძიებების დასაფინანსებლად და აღნიშნული კონვენციის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად.
თუნდაც ზემოთ მოცემული მექანიზმებით შეშის მოხმარების მოცულობის შემცირებით, ტრანსპორტის ჰიბრიდულ და ელექტრო ენერგიის მოხმარებაზე გადაყვანითა და ელექტროენერგიის წარმოებისთვის განახლებადი ენერგიის (წყლის, მზის, ქარის ენერგია, სხვა) წყაროების მდგრადი გამოყენებით მნიშვნელოვნად შეიძლება შემცირდეს როგორც ჰაერის დაბინძურება, ისე, სათბური გაზების ემისია“, _ამბობს დარსაველიძე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ „გურია ნიუსისთვის“ მოწოდებულის ინფორმაციის მიხედვით, 2015 – 2017 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მხარდაჭერით:
„განახლდა ქ. ახალციხის ღირსშესანიშნაობის, რაბათის ციხის, გარე განათების სისტემა. დამონტაჟდა ენერგოეფექტური, თანამედროვე შუქდოდური ნათურები და 40კვტ. მზის მიკრო ელ. სადგური;
მზის მიკრო ელ. სადგური დაიდგა ბოლნისში, რომელიც სუფთა ენერგიით ამარაგებს ბოლნისის საბავშვო ბაღს, მუნიციპალიტეტის შენობასა, აგრეთვე უზრუნველყოფს კოსტავა-წმინდა ნინოს ქუჩების გარე განათებას;
თელავის რაიონის სოფ. ფშაველში ახალი საბავშვო ბაღი აღიჭურვა ნარჩენი ბიომასისა და მზის ენერგიაზე მომუშავე კომბინირებული ცენტრალური გათბობის სისტემით;
შუქდიოდური სანათები დამონტაჟდა ქ. ზუგდიდის 17 ქუჩაზე და ქ. ბათუმში შინდისის გმირების სახელობის სკვერი და ზურაბ გორგილაძის ქუჩაზე;
„ჰაიდელბერგცემენტის“ ქარხანაში დაინერგა ცემენტის წისქვილისთვის ენერგოეფექტური ტექნოლოგია, რაც წელიწადში 930 ტონა CO2-ის ემისიის შემცირების საშუალებას იძლევა;
მზის ენერგიაზე მომუშავე წყლის გამაცხელებელი სიტემა დამონტაჟდა ქ. თბილისის თემქის მოხუცთა თავშესაფარში და ქ. ქუთაისის ტორპედოს საწვრთნელ ბაზაზე.
აღნიშნული ღონისძიებები ყოველწლიურად 165 ტონა CO2-ის ემისიის შემცირების საშუალებას იძლევა“, _ ამბობენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
იმ საკითხებზე კი, თუ რას გეგმავს ქვეყანა ამ კუთხით არსებული ვითარების გასაუმჯობესებლად და პარიზის ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის მისაღებად _ „გურია ნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, კახა მდივანი ესაუბრა.
მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით, ცენტრალურ მთავრობა დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგიის შესახებ მსჯელობს.
„პარიზის შეთანხმების მიღებამდე ქვეყნებს ჰქონდათ დადგენილი ვადა, რომ წარედგინათ წინასწარ განსაზღვრული ეროვნული წვლილის დოკუმენტი. ეროვნული წვლილი ნიშნავს თუ რა ვალდებულებას აიღებს ქვეყანა, რაც არის, საერთო ძალისხმევის ნაწილი. საქართველომ, როგორც განვითარებად ქვეყანამ თქვა, რომ განვაგრძობთ განვითარებას, მაგრამ ვეცდებით, რომ ეს განვითარება იყოს ნაკლებემისიანი, რიცხვებში გამოისახა ასე, 2030 წლისთვის 15%. თუ იქნება საერთაშორისო მხარდაჭერა, ასეთი ღონისძიებების პროექტების განხორციელებაში დამატებით კიდე 10%-ის ფარგლებში იქნება შესაძლებელი ამ ემისიების შემცირება -შეზღუდვა.
დღეისათვის ეროვნულ დონეზე, ანუ ცენტრალურ მთავრობაში მუშავდება დაბალემისიებიანი განვითარების სტრატეგია. ამაში გვეხმარება ამერიკის შეერთებული შტატები. ეს არის ერთ-ერთი სერიოზული განაცხადი, იმის მიხედვით, ეს ვალდებულება რაც ავიღეთ, როგორ შეიძლება ითარგმნოს კონკრეტულ აქტივობებში, რა სტრატეგიული ხედვები და პრიორიტეტები შეიძლება გამოიკვეთოს _ენერგეტიკის, მრეწველობის, ექსპორტის, ტყის, სოფლის მეურნეობის და ნარჩენების მართვის სექტორებში. ამ სექტორებისთვის უნდა განსაზღვრულიყო პრიორიტეტები, უნდა გამოგვეკვეთა და გვინდა, რომ ეს პროცესი მივიყვანოთ ბოლომდე. როგორც კი სტრატეგიული ხედვა მზად იქნება, უფრო გაიოლდება კონკრეტული ღონისძიებების გაუმჯობესება მერე“, _ ამბობს მდივანი.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კლიმატის ცვლილების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის თქმით, ამ პროცესში დიდი წვლილი შეაქვს ადგილობრივ ხელისუფლებას და გურია ერთ-ერთი რეგიონია, რომელიც ახლახან შეუერთდა მერების შეთანხმებას.
„გურია არის ერთ-ერთი რეგიონი, რომელიც ახლახან შეუერთდა მერების შეთანხმებას. მერების შეთანხმება არის ევროკავშირის ინიციატივა, რომელიც გულისხმობს, რომ მუნიციპალიტეტმა და ქალაქებმა აიღონ ვალდებულება, რაც აქვს ცენტრალურ ხელისუფლებას და ქვეყანას და იმათ თავიანთი წვლილი შეასრულონ ამ საქმეში. როცა ვსაუბრობთ ემისიების შემცირებაზე, ჩვენ ნებისმიერ ვარიანტში დავდივართ მოსახლეობამდე, რომლებიც ცხოვრობენ მუნიციპალიტეტებსა და ქალაქებში. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რა ინტერესები და რა პრობლემები აქვს ქალაქებს და ეს მერების შეთანხმება გვეხმარება ამაში. გურია ამ საქმეში 4 მუნიციპალიტეტით არის წარმოდგენილი და ვფიქრობთ, რომ მომავალში ამ მიმართულებითაც შევძლებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას“, _ ამბობს მდივანი და აღნიშნავს, რომ „დაგეგმილი არის მთელი რიგი ღონისძიებები, პროექტი, რომელიც ადაპტაციის მიმართულებას მოემსახურება. წინა კვირაში ჩვენ დაგვიმტკიცდა კლიმატის მწვანე ფონდიდან 27 მილიონიანი გრანტი. ეს არის პროექტი რომელიც საქართველოში მდინარეთა აუზში ნაპირსამაგრი ღონისძიებების გახორციელებას ითვალისწინებს, იმისთვის, რომ კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ღვარცოფები და წყალდიდობები იქნას თავიდან აცილებული ან მათგან გამოწვეული ზარალი იქნას მინიმუმამდე დაყვანილი. ეს პროექტი მომდევნო 7 წლის მანძილზე დაეხმარება ჩვენს მუნიციპალიტეტებს რომ ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას“, _ ამბობს მდივანი.
მისივე თქმით, ასევე იგეგმება საბავშვო ბაღებისა და სკოლების რეაბილიტაცია ენერგოეფექტური მიმართულებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი საკითხია ტრანსპორტის რეორგანიზაციაც.
„დაგეგმილია საბავშვო ბაღების და სკოლების რეაბილიტაცია ენერგოეფექტური მიმართულებით, რომ ემისიების შემცირება მოხდეს. საპილოტე პროექტი უკვე გახორციელდა რუსთავში, 3 საბავშვო ბაღი გარემონტდა და დაახლოებით 1000-მდე ბავშვს აქვს საშუალება, რომ საბავშვო ბაღში უკეთეს პირობებში იყოს. გვინდა, რომ ეს პრაქტიკა რაც რუსთავის შემთხვევაში დაინერგა, გავრცელდეს სხვა რეგიონებზეც. ეს არის პირველი ნაბიჯები რაც უნდა გადავდგათ, ეს არის ტრანსპორტის რეორგანიზაცია. თბილისს უკვე აქვს 100-ზე მეტი ბუნებრივ გაზზე მომუშავე ავტობუსი. ეს ავტობუსი ნიშნავს, რომ ჩვენ დიზელის საწვავი ჩავანაცვლეთ ბუნებრივი აირით, ეს არ არის, რა თქმა უნდა, საუკეთესო გამოსავალი, მაგრამ, ბუნებრივი აირი ბევრად უფრო ნაკლებად დამაბინძურებელია, ვიდრე დიზელის საწვავი. ახლა ვცდილობთ, დავაკვირდეთ რა შედეგს მოიტანს ქალაქში. ბათუმს აქვს სასიხარულო ამბავი ამ მიმართულებით, მათ აქვთ დაგეგმილი, რომ ელექტრო ავტობუსები შეიძინონ, რომელსაც ნულოვანი ემისია ექნება. ეს იქნება ტესტი, რომელსაც დავაკვირდებით და განვსაზღვრავთ ამ მიმართულებით, როგორ წავიდეთ. კიდევ ერთი, რაც დანერგილია და შედეგს იძლევა განბაჟების გადასახადის მოხსნა ელექტრომანქანებზე და ჰიბრიდებსაც საკმაო შეღავათები აქვს. დღითიდღე იზრდება ჰიბრიდული ავტომობილების რაოდენობა და ემისიის გაფრქვევასაც ამცირებს“, _ ამბობს მდივანი.