საქართველოს დამოუკიდებლობის 26-ე წლისთავის აღსანიშნავად თბილისში სხვადასხვა ღონისძიებები, რომლის მთავრი თემატიკა შოთა რუსთაველი და „ვეფხისტყაოსანია“, დილიდან დაიწყო.
რუსთაველის გამზირზე მისულ მოქალაქეებს დილის 9:00 საათიდან შეეძლოთ სხვადასხვა გამოფენების დათვალიერება, კონცერტებზე დასწრება, ქველმოქმედების მიზნით სხვადასხვა ნივთების შეძენა და „ვეფხისტყაოსნის“ ხელით გადაწერაში მონაწილეობის მიღება.
ოფიციალური ცერემონია კი 12:00 საათზე სამხედრო ფიცის დადებით დაიწყო.
წელს ფიცი ღვთისა და ერის წინაშე საწყისი საბრძოლო სავალდებულო სამსახურის 300-ზე მეტმა სამხდერომ დადო, საქართველოს უმაღლეს მთავარსარდალს კი პატაკი შთაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ჩააბარა.
პარლამენტის ძველ შენობასთან კი გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ მოწყობილ მიჯნურთა ხეივანში დაქორწინებულ წყვილს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, სპეციალურად დღევანდელი დღისთვის შექმნილი საქორწინო მოწმობა გადასცა, ხოლო პატარძალს თაიგული მიართვა.
რუსთაველის გამზირზე საზოგადოებისთვის დამოუკიდებლობის დღის მისალოცად და ღონისძიებების დასათვალიერებლად არაერთი პოლიტიკოსი თუ საზოგადოებისთვის ცნობადი სახე მივიდა.
რუსთაველის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ლეონიძის მუზეუმს „ვეფხისტყაოსანის“ თემაზე გამოფენა ჰქონდა წარმოდგენილი.
როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას მუზეუმის საგამოფენო განყოფილების კურატორმა, მანანა ვარადაშვილმა აღნიშნა, გამოფენაზე რუსთაველის ორი ცნობილი პორტრეტი იყო წარმოდგენილი.
„დღევანდელ ზეიმს გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი მცირე გამოფენით შეუერთდა, რომელზეც წარმოდგენილია ხელნაწერთა ეროვნულ ფონდში დაცული „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციები და ასევე ჩვენს მუზეუმში დაცული შოთა რუსთაველის 2 პორტრტრეტი. ერთის ავტორია გუროვი, ხოლო მეორესი _ იოჰანსონი,“_თქვა ვარადაშვილმა.
შალიკაშვილის თეატრი კი „ვეფხისტყაოსნის“ გაცოცხლებას პლასტიკით შეეცადა.
„რუსუდან ფეტვიაშვილის ნახატების მიხედვით შეიქმნა კოსტიუმები, ხოლო ანუკა მურმანიძის გრიმით გაერთიანდა და სხეულზე გადავიდა. გარდა ამისა, ჩავრთეთ სალომე ფილიშვილის ქორეოგრაფია და მთლიანობაში გამოვიდა შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანის“ გაცოცხლება პლასტიკაში. თან საინტერესო ის არის, რომ შალიკაშვილი კითხულობს ლექსს ცოცხლად, რაც გადადის პლასტიკაში და ვყვებით ვეფხისტყაოსანს უსიტყვოდ“,_ამბობს თეატრის დირექტორი, ამირან შალიკაშვილი უმცროსი.
კულტურული ღონისძიებების გარდა, რუსთაველის გამზირზე, ბორჯომის ხე-ტყის აღდგენის მიზნით კამპანია მიმდინარეობდა.
როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას კამპანია „აღადგინეს“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თამარ ბეგაშვილმა აღნიშნა, ბორჯომში 750 000 ხის დარგვაა საჭირო 2008 წელს დამწვარი ტყის აღსადგენად.
„25 აპრილს ჩვენ დავიწყეთ კამპანია ბორჯომის გადამწვარი ტყის აღსადგენად, რომელიც 2008 წლის ომის დროს დაიწვა. ტერიტორია არის კატასტროფის წინაშე. ტყის სრულად აღსადგენად 750 000 ხის დარგვაა საჭირო, რისთვისაც საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოვუწოდებთ“,_ თქვა ბეგაშვილმა.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას სოციალური საწარმო „არაბული არტ ჰაუსი“ პირველად იღებდა.
როგორც „გურია ნიუსთან“ საუბრისას “არაბული არტ ჰაუსის” ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მარიამ წერეთელმა აღნიშნა, საწარმოს მიზანი მომავალი თაობისთვის რეწვის, როგორც ხელობის და ასევე უკვე შექმნილი ნიმუშებისა გადაცემაა.
„ჩვენ ვართ სოციალური საწარმო „არაბული არტ ჰაუსი“, რომელიც ხევსურეთში, კორშაში მდებარეობს. საწარმოს მიზანია ხევსურეთის მოსახლეობის დასაქმება ტრადიციული რეწვის ნიმუშების შენახვა მომავალი თაობისთვის. ძირითადად ვმუშაობთ ხეზე და ტანსაცმელზე, გარდა ამისა, ვაკეთებთ სხვადასხვა სამკაულებს. „შექმენი მთაში“ არის ჩვენი მთავარი სლოგანი, რომელსაც მოჰყვა სლოგანი „ატარე ისტორია“. 26 მაისის ღონისძიებებზე პირველად ვმონაწილეობთ, თუმცა, ვფიქრობთ, რომ მომავალშიც მივიღებთ მონაწილეობას,“_ თქვა წერეთელმა.
როგორც ცნობილია, ღონისძიებები თბილისში 21:00 საათზე გალა-კონცერტით დასრულდება.