საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის კახაბერ მურადაშვილის ოჯახის საკუთრებაში სამი ბინა, ავტოფარეხი და მსუბუქი ავტომობილია.
ამის შესახებ მურადაშვილის ქონებრივ დეკლარაციაშია აღნიშნული, რომელიც მან 15 მარტს შეავსო.
დეკლარაციის მიხედვით, კახაბერ მურადაშვილს 2014-2015 წლებში ორი ბინა შეუძენია – თბილისსა და ბათუმში.
კერძოდ, მის 100% საკუთრებაშია 2015 წელს, 34000,00-დოლარად ნაყიდი 53,20 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, სვანიძის ქუჩაზე.
ასევე, კახაბერ მურადაშვილი ფლობს 2014 წელს, 15000,00-დოლარად შეძენილ 37,40 კვ.მ-ის ფართობის ბინას ბათუმში, ლერმონტოვის 59-ში.
მის 100,00% საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა KIA (2011 წლის გამოშვება), რომელიც მას 2015 წელს, 15000,00 დოლარად შეუძენია.
მურადაშვილის მეუღლის, ნათია კორხიბაშვილის 100,00% საკუთრებაშია,2012 წელს, 90000,00-დოლარად ნაყიდი 100,00 კვ.მ-ის ფართობის ბინა თბილისში, ი.ჭავჭავაძის გამზირზე. და ამავე წელს, ამავე მისამართზე 5000,00-დოლარად ნაყიდი ავტოფარეხი.
რაც შეეხება ოჯახის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის მიხედვით, კახაბერ მურადაშვილს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან გასულ წელს, 74428,06 ლარის შემოსავალი მიუღია, ხოლო ნათია კორხიბაშვილს შსს 112 დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან – 19983,79 ლარი.
დეკლარაციის შევსების მომენტში, კახაბერ მურადაშვილს 5000,00 ლარის დანაზოგი ნაღდი ფულის სახით ჰქონდა, გარდა ამისა, “საქართველოს ბანკი” ანაბარზე ერიცხებოდა 5000,00 ლარი; ხოლო სახელფასო ანგარიშზე – 324,00 ლარი; ნათია კორხიბაშვილს კი, “ლიბერთი ბანკის” სახელფასო ანგარიშზე 950,00 ლარი ჰქონდა.
დეკლარაციის მიხედვით, კახაბერ მურადაშვილის სახელზე 27753,33-ლარიანი სამომხმარებლო სესხია, რომელიც მას 2014 წელს აუღია და ვადა 2020 წელს ეწურება. გასულ წელს საქართველოს ბანკისთვის 14400,00 ლარი გადაუხდია.
რაც შეეხება ოჯახის გასავლებს, დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ კახაბერ მურადაშვილმა შვილების სწავლისთვის ჯამში 6500 ლარი გადაიხადა.