პრემიერ-მინისტრის პოსტზე უკვე ნამყოფი, გადამდგარი და შემდეგ მინისტრად დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი ისევ პრემიერ-მინისტრი გახდება. ,,ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობის პერიოდში ხელახლა დაბრუნებული ირაკლი ღარიბაშვილი მე-6 პრემიერი იქნება.
მთავრობაში ყოფნისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ქონებრივი დეკლარაცია ექვსჯერ შეავსო. პრემიერის პოსტის დატოვებიდან თავდაცვის მინისტრობამდე შუალედში, “ქართული ოცნების” ლიდერს უძრავ-მოძრავი ქონება შეემატა.
დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი მეუღლის ძვირადღირებულ მაჯის საათებზე _ “თავისუფლების მონიტორის” ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ირაკლი ღარიბაშვილის მაჯის საათების ჯამური ღირებულება ნახევარ მილიონს აჭარბებს.
“ირაკლი ღარიბაშვილის საათები ჩვენი ყურადღების ცენტრში მაშინ მოექცა, როდესაც, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე, საქართველოს სხვადასხვა უწყების საგანგებო შესყიდვების შესწავლის დროს აღმოვაჩინეთ, რომ 12 მარტს თავდაცვის სამინისტრომ ტენდერის გარეშე, გამარტივებული წესით გააფორმა 83 190 დოლარის მაჯის საათების შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ცნობილი ქართველი დიზაინერის, ზვიად ციკოლიას შექმნილ 500 ცალ საათს ყიდულობს, თითოს 166 დოლარად (545 ლარი).
სპეციალურად ქართული შეიარაღებული ძალებისთვის შექმნილ მოდელს შვეიცარიაში დაამზადებენ, საათებს წამახალისებელ საჩუქრებად გადასცემენ გამორჩეულ ქართველ სამხედროებს და სამინისტროს უცხოელ სტუმრებს”, _ წერს “თავისუფლების მონიტორი”.
ბოლო დეკლარაცია ღარიბაშვილმა 2020 წლის 30 ოქტომბერს თავდაცვის მინისტრის რანგში შეავსო.
,,თავისუფლების მონიტორის“ ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, “ირაკლი ღარიბაშვილი თბილისში, საბურთალოზე, გაგარინის ქუჩაზე ფლობს 121 კვ.მ. ბინას, რომელშიც 2009 წელს 100 000 ლარი აქვს გადახდილი. ამავე მისამართზე აქვს ავტოფარეხი, რომელიც 10 000 ლარად შეიძინა. გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილის საკუთრებაშია ორი ბინა ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე, ერთსა და იმავე მისამართზე — 170 კვ.მ. და 159 კვ.მ. ფართობის. დეკლარაციის მიხედვით, მას ორივე 2011 წელს, 221 000 და 185 000 ლარად აქვს შეძენილი. აქვე ფლობს ორ არასაცხოვრებელ ფართს _ 38 კვ.მ. და 11 კვ.მ. ფართობის. გარდა ამისა, ღარიბაშვილის მეუღლე არის დაბა ბაკურიანში, 1 530 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელიც, დეკლარაციის მიხედვით, 76 500 დოლარად 2019 წელს შეიძინა.
რაც შეეხება მოძრავ ქონებას, ირაკლი ღარიბაშვილის საკუთრებაშია 2019 წელს გამოშვებული აუდი A8, რომელიც გამოშვების წელსვე 75 620 ევროდ აქვს შეძენილი. მეუღლის სახელზეა 2018 წელს გამოშვებული RANGE ROVER VELAR, რომელიც ასევე გამოშვების წელსაა შეძენილი და დეკლარაციის მიხედვით, გადახდილია 46 000 ევრო.
დოკუმენტების მიხედვით, ღარიბაშვილის ოჯახის წევრები არ ფლობენ ფასიან ქაღალდებს, არ არიან ჩართულნი სამეწარმეო საქმიანობაში და 2019 წელს არ მიუღიათ 500 ლარზე მეტი ღირებულების საჩუქრები.
რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს; დეკლარაციის შევსების მომენტისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს ბანკი “ქართუს” მიმდინარე ანგარიშზე 2 333 ლარი ჰქონდა, ხოლო ამავე ბანკის საბარათე ანგარიშზე 1 160 ლარი და 26 დოლარი. მეუღლეს კი, ასევე, “ქართუ ბანკში”, მიმდინარე ანგარიშზე 2 498 ლარი ჰქონდა, ხოლო საკრედიტოზე _ 126 263 ლარი და 18 817 დოლარი. გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილს დანაზოგის სახით აქვს 40 000 ლარი ნაღდი ფული.
ირაკლი ღარიბაშვილს 2019 წლის პირველ 8 თვეში შპს “ევრო-აზიური მენეჯმენტ ჯგუფის” სამეთვალყურეო საბჭოს მრჩევლის პოსტზე აღებული აქვს 240 776 ლარი, ხოლო შემდეგ ოთხ თვეში, უკვე თავდაცვის მინისტრის თანამდენობაზე, 19 102 ლარი“ , _ წერს თავისუფლების მონიტორი.
როგორც დეკლარაციიდან ირკვევა, ირაკლი ღარიბაშვილს 2019 წელს მანქანის განვადება აქვს გაფორმებული, რომლისთვისაც ამავე წელს 37 810 ევრო დახარჯა. მეუღლეს კი 2018 წელს მანქანის შესაძენად აღებულ სესხში 2019 წელს 14 486 დოლარი გადაიხადა. მას “ქართუ ბანკში” კიდევ ერთი სესხი აქვს აღებული რომლის მიზანი ბაკურიანში სახლის მშენებლობაა. მან სესხის გასტუმრებაში 2019 წელს 11 315 ლარი დახარჯა.
ამავე დოკუმენტში აღრიცხულია ოჯახის სხვა გასავალიც: ბაკურიანის სახლის საპროექტო, არქიტექტურულ სამუშაოებში 11 500 ლარი გადაიხადა, ამავე სახლის სარემონტო მასალები კი 32 948 ლარი დაუჯდა. სამშენებლო მასალების ღირებულება 13 619 ლარი იყო, ხოლო შესრულებული სარემონტო სამუშაოების საფასური _ 14 192 ლარი და 18 000 ლარი. გარდა ამისა, 2019 წელს მეუღლემ ნუნუკა თამაზაშვილმა ერთი შვილის სწავლის საფასურში 24 000 ლარი გადაიხადა, კიდევ ორი შვილის გადასახადმა კი ჯამში 16 977 ლარი შეადგინა. შვილების სწავლის საფასური გადახდილი აქვს ირაკლი ღარიბაშვილსაც. დეკლარაციის მიხედვით, 2018-2019 წლის სწავლის საფასურმა ორი შვილის შემთხვევაში 7 888 და 7 921 ლარი შეადგინა.
წყარო: რადიო თავისუფლება